April 2, 2015
როგორ აფასებენ ექსპერტები ლარის პერსპექტივას
ბოლო დროს, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტის მხრიდან, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შესახებ. ასეთი ტიპის შეფასებები ლარის გაუფასურებით არის განპირობებული. რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო ეროვნულმა ვალუტამ დეველვაცია განიცადა. სწორედ ეს თემა გახდა სპეკულაციების საგანი და აღნიშნული საკითხი ეკონომიკურ კრიზისთან გაიგივდა. საინტერესოა, რას ნიშნავს კლასუკური გაგებით ეკონომიკური კრიზისი და რამდენად დგას საქართველო ასეთი ტიპის კრიზისის წინაშე.
ასევე, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბრები სხვადასხვა საექსპერტო და ბიზნესჯგუფების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ლარმა იპოვა ახალი წონასწორული კურსი. როცა ლართან დაკავშირებით ვსუბრობთ, ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ლარის კურსის მომავალი განვითარება. რა ელის ლარს, განაგრძობს ეროვნული ვალუტა
გაუფასურებას თუ ტენდენცია გამყარებისკენ წავა?
ამ საკითხების შესაფასებლად “ბანკები და ფინანსები” ეკონომიკის ექსპერტებს გაესაუბრა.
ემზარ ჯგერენაია: “ეკონომიკური კრიზისი ნიშნავს, როცა ეკონომიკური ზრდა არის ნულს ქვევით და მთლინი შიდა პროდუქტის შემცირება ფიქსირდება.
იმ პირობებში, როცა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და ეს ნიშნული დღეს არის 2,5%, კრიზისზე საუბარი არასწორი და უადგილოა. ეს პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტერმინია ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენების გამო.
თუ ჩვენ გადავხედავთ ბალანსის მაჩვენებლებს, რომელსაც ჩვენი კურსი ეყრდნობა, ვნახავთ, რომ ეს კურსი ექსპორტის შემცირებით არის გამოწვეული, ასევე, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტრანსფერების შემცირებამ. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთში და უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ დაკარგა შემოსავლის წყარო და შესაბამისად, შემცირდა გადმორიცხვებიც. ეს ფაქტები იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ახალი კურსი სწორედ წონასწორობის ახალ წერტილად აღვიქვათ.
მოხდება იმპორტის შემცირება, მოთხოვნის შემცირების გამო, რაც ცალსახად შეამცირებს დოლარზე მოთხოვნას, ამასთან მოხდება ეკონომიკის ზრდა. საკმაოდ დამაიმედებელია მარტის და თებერვლის თვის მაჩვენებლები. ასევე შემცირდა ექსპორტის კლების ტენდენციაც და დაახლოებით მარტის ბოლოდან, აპრილის შუა რიცხვებამდე მოხდება ლარის გამყარება და დაახლოებით 2.15 ნიშნულამდე დაწევა. თუმცა, ხაზგაზმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ სიტუაციის გამოსწორება სწრაფად ვერ მოხდება და ეს წელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ–ერთი რთული წელი იქნება”.
წყარო:www.bfm.ge