February 21, 2015
ჯგერენაია ხელისუფლებას კრიზისული კომიტეტის შექმნას ურჩევს
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კრიზისული კომიტეტის შემქნას ურჩევს.
როგორც ჯგერენაიამ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ჟურნალისტებს განუცხადა ხელისუფლებამ ერთიანი სამუშაო გეგმა უნდა შეიმუშაოს.
„სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კრიზისული კომიტეტი, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეკონომიკური გუნდი მთლიანად, შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შევლენ. უნდა შემუშავდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა. უნდა მივმართოთ სავალუტო ფონდს. მისი ფუნქცია და მოვალეობაა ასეთ დროს დაუჭიროს ქვეყანას მხარი. უნდა მივმართოთ დონორებს. ჩვენ თუ მარტივად შევხედავთ ამ პრობლემას, რომ ეროვნული ბანკი განახორციელებს სავალუტო ინტერვენციას ბაზარზე და ამით მოგვარდება, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელმაც შეიძლება კატასროფამდე მიგვიყვანოს. დავხარჯავთ სავალუტო რეზერვებს და მოხდება გაუგონარი. გაუგონარი კი იქნება ის, რომ ინვესტორი, რომელიც დღეს საქართველოში მუშაობს და თავისი მოგების რეპატრიაციის თემას უყურებს, როგორც კი დაინახავს, რომ ამას საფრთხე ემუქრება, თავისი საქმიანობის შეკვეცას და ქვეყნიდან კაპიტალის გატანას დაიწყებს. ეს იქნება კატასტროფა“, – აცხადებს ჯგერენაია.
წყარო: www.primetimenews.ge