რუსული ეკონომიკის კრახი საქართველოზეც აისახება

4

რუსეთის ფედერაციაში ფინანსური კრიზისი მწვავდება. რუბლის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ყოველდღიურად ეცემა. ვალუტის გაუფასურებისა და ნავთობის ფასების შემცირების გამო, ბაზარზე პროდუქციის ფასი მკვეთრად იმატებს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

მსოფლიო რუსული ეკონომიკის კრახს წინასწარმეტყველებს – „ბოდიში, პუტინო, რუსული ეკონომიკა განწირულია“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Washington Post-ის ეკონომიკური მიმომხილველი მეთ ო ბრაიენი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ვიდრე ვლადიმირ პუტინი დასავლეთთან სტრატეგიული თამაშებით იყო დაკავებული, რუსული ეკონომიკა დაინგრა.

უკანასკნელი ცნობების თანახმად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი 10,5–დან 17%–მდე გაზარდა და ამით რუბლის ვარდნის შეჩერებას შეეცადა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დოლართან მიმართებაში 50%–ით გაუფასურდა. ეს განწირული ნაბიჯი არის მცდელობა, გადაარჩინოს რუსეთის ვალუტა რუსული ეკონომიკის ხარჯზე, ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იმუშავებს, მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

სადამდე შეიძლება გამწვავდეს სიტუაცია და რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთის ჩამოშლილი ეკონომიკა, ამ თემაზე ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება.

ემზარ ჯგერენაია: ის, რაც მოხდა ამ დღეებში, რუსეთისთვის კატასტროფა იყო, რუბლის ასეთი გაცვლითი კურსი 1998 წლის კრიზისის შემდეგ აღარ ახსოვს რუსეთს. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის ეროვნულმა ბანკმა გუშინ 7 მილიარდი გაიღო რუბლის გასამყარებლად. რუბლი რამდენიმე პუნქტით გამყარდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც დროებითია.

ამ ფონზე დასავლეთის მხრიდან გუშინ კიდევ გავრცელდა განცხადება ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ითვალისწინებს, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის საბოლოოდ წელში გაწყვეტას ნიშნავს.

ათასგვარი პროგნოზები კეთდება რუსეთის შესახებ, არსებობს მოსაზრებაც რუსეთის დაშლამდე მიყვანის შესახებ. თეორიულად, შესაძლებელია თუ არა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ რუსეთის ერთიანობის საკითხი ეჭვქვეს დააყენოს? ან რეგიონის ეკონომიკაზე ეს ყველაფერი როგორ აისახება?

– რუსეთი სადამდე შეიძლება მივიდეს, პროგნოზირება ძნელია. დაშლას რაც შეეხება, თეორიულად, ესეც შესაძლებელია, თუმცა, მსოფლიოს დღემდე აწუხებს რუსეთის ატომური შეიარაღება. ამიტომ, არ მგონია, საქმე აქამდე მივიდეს.

ბოლო 10-15 წელია, პუტინი „თეთრ ცხენზე ამხედრებული“ დადის მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე და ვფიქრობ, ამ „თეთრი ცხენიდან“ ჩამოაბრძანებენ და აიძულებენ, გაჰყვეს მსოფლიოს პროგრესული ნაწილის რჩევებს.

ძალიან ძვირად დაუსვამენ უკრაინაში შეჭრას, მაგრამ მსოფლიო არ არის მზად იმისათვის, რომ დაშლილი რუსეთი იხილოს.

რამდენად შეიძლება დამძიმდეს ეკონომიკური მდგომარეობა?

– ერთი, რაც ჩანს ის არის, რომ დასავლეთი უკან დახევას არ აპირებს. შემიძლია ვთქვა, რომ აქედან გამომდინარე, 2015 წლის პირველ ნახევარში ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 50$-ის ირგვლივ იტრიალებს. ვფიქრობ, ამით ეცდებიან მთლიანად დაახარჯინონ რუსეთს როგორც სავალუტო რეზერვები, ასევე არასაბიუჯეტო ფონდები და მიაღებინონ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც სურთ. რა დონის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოსთხოვენ საფასურად რუსეთს, ამის პროგნოზირება ყველას გაუჭირდება.

1998 წლის რუსეთის კრიზისი საქართველოზეც აისახა, თუმცა მაშინ სავაჭრო ბრუნვის მოცულობით რუსეთი საქართველოს პირველი პარტნიორი ქვეყანა იყო. დღეს, როდესაც რუსეთი აღარ არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რა გავლენას იქონიებს მიმდინარე კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე?

– ერთი მხრივ, გვიხარია, რომ ჩვენს მტერს პრობლემებს უქმნის დასავლეთი – ახლა უკვე რუსეთს საკუთარ ეკონომიკაზე უწევს კონცენტრაციის გადატანა და არა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებაზე, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, თუ აზერბაიჯანი.

მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის ქვეყანა, რომელიც ფინანსური ნაკადების გენერაციის წყაროა ჩვენი ქვეყნისთვის – ლარის კურსს უკვე საგრძნობი ზიანი მიაყენა – და ბუნებრივია ეს არის ქვეყანა, რომელიც მართალია, მეოთხე დონის, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად, სავაჭრო პარტნიორია საქართველოსი.

პროცესებს, რაც მოსალოდნელია, მომზადებულები უნდა შევხვდეთ – ჩვენ უნდა გავთვალოთ ყველაფერი, პლუსებიც და მინუსებიც, დღე და ღამე უნდა ვაკეთოთ ანალიტიკა – ჩვენთანაც ისედაც რთული პროცესები მიმდინარეობს – ლარი რამდენიმე პუნქტით დაეცა, ამ პროცესს უკვე სერიოზული დაფიქრება და ანალიზი სჭირდება, რომ მეტ-ნაკლებად, მომზადებულები დავხვდეთ და ნაკლები დანაკარგებით გადავლახოთ ეს პერიოდი.

საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჩვენს ირგვლივ, დღეს ის სიტუაციაა, როდესაც გარეგანი ფაქტორები გვკარნახობს, ქვეყნის შიგნით რა მოხდება.

რომ დავაზუსტოთ ლარის გაუფასურების რომელი ეტაპი იყო გამოწვეული რუსული ფაქტორით?

– პირველ ეტაპზე, სხვა ფაქტორები უფრო იყო წინ წამოწეული. ახლა უკვე აშკარად გარეგანი ფაქტორებითაა გამოწვეული.

ვიდრე რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ამ სიტუაციიდან?

– ევროკავშირი დღეს იღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ და ჯერჯერობით, ეს არის ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ ვერ ვისარგებლებთ რუსეთის სისუსტით და ომს ვერ დავიწყებთ. ერადერთი რამ შეუძლია საქართველოს – გაააქტიუროს დიპლომატიური არხები დასავლეთის მიმართულებით, რომ გაძლიერდეს რუსეთზე ზეწოლა, ხოლო მეორე მხრივ, მოსთხოვოს ევროპას კონკრეტული ნაბიჯები ეკონომიკური დახმარების კუთხით.

რუსეთის მიმართ სანქციები და რუსული ეკონომიკის ნგრევა აუცილებლად მოგვიტანს უარყოფით შედეგს. აქ უნდა ვთხოვოთ ევროპას დახმარება, რომ უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ეს პროცესი.

რა ტიპის დახმარებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

– ყველა ტიპის – შეიძლება ეს იყოს ფულადი დახმარება, გრანტებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და ა.შ. გარდა დიპლომატიისა, ევროპისთვის დახმარების თხოვნისა და სიტუაციის ანალიზისა, სხვა „მკვეთრი მოძრაობების“ აუცილებლობას ვერ ვხედავ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო მომზადებული უნდა დახვდეს იმ შედეგებს, რაც რუსული ეკონომიკის კრიზისით იქნება გამოწვეული, კონკრეტულად რა პროცესებია მოსალოდნელი?

– შემცირდება, პრინციპში, უკვე შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა – უამრავი ქართველი მუშაობს რუსეთში და საქართველოში აგზავნის ფულს – ამ კუთხით რუსეთი ერთ-ერთი სერიოზული სავალუტო მომწოდებელი იყო ჩვენთვის. ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა სხვა ქვეყნებთან, უფრო მეტი ხელშეკრულება დავდოთ, ვიმუშაოთ შრომით ბაზრებთან დაკავშირებით; ემიგრაციის შესახებ კანონს გადავხედოთ; ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაწყების პროცესი დავაჩქაროთ, რომ იმ ადამიანებმა ვინც სამუშაო დაკარგეს, ევროპაში ჩასვლა და მუშაობის დაწყება შეძლონ.

ექსპორტი, რომელიც რუსეთზე იყო მიბმული როგორმე სხვა ქვეყნებში უნდა გადანაწილდეს და ა.შ. ასე რომ, საკმაოდ ბევრი და სერიოზული გამოწვევები ელის საქართველოს.

წყარო: http://www.for.ge/view.php?for_id=37846&cat=2
ავტორი: მარიამ თოდაძე

Comments

comments