კლიმატის ცვლილების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სიყვარულთან და ორივესი ერთად – ეკონომიასთან

ემზარ ჯგერენაია

რა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს DEVI-ის ექსპერტებმა და როგორ დაადასტურა ამ გამოკვლევების ჭეშმარიტება ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გარემოს დაცვაში თუ ჩვენს საზოგადოებაში, ანუ რატომ არ იქნება ოლიმპიადა რუსეთში

2010 წელი მართლაც უცნაურია და იმიტომ კი არა, რომ ამ გაგანია კრიზისის ხანაში ვეფხვიც კი ვერაფერს გახდება, ან იმიტომ კი არა, რომ ხარებას წინ უსწრებს აღდგომა, არამედ იმიტომ, რომ დედამიწას თავს ახალი მოვლენა დაატყდა – ადამიანები და ბუნება უფრო ცივები ხდებიან, გარემო – უფრო თბილი და ბობოქარი, ეს სუფთა ეკონომიკური კატეგორია ხდება. აბა, წარმოიდგინეთ, ვანკუვერში თოვლი არ მოვიდა და ისე თბილა, ლამისაა ოლიმპიადა ჩავარდეს, ასევე, ბაკურიანში და გუდაურში ხეირიანად არ მოუთოვია, რომ ზედიზედ ერთი კვირა ადამიანმა ისრიალო, იგივე უნდა ითქვას ავსტრიასა და ზაალცბურგზე! უზარმაზარ ზარალს განიცდის შვეიცარიის სამთო კურორტები და სერთოდ, ტურისტული ბიზნესი. სამაგიეროდ, ადამიანები ხდებიან გულცივები, ლამისაა აისბერგებს დაემსგავსონ. სხვათა შორის, ღრმაMმეცნიერულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ესეც ეკონომიკური მოვლენაა. აბა, წარმოიდგინეთ, როცა ადამიანის გული და მისი ხასიათი აისბერგივითაა, მას ტემპერატურა დაწეული აქვს და ზამთარში ნაკლები ხარჯი აქვს გასათბობად. სიცივის დროს უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.
რატომ ჩავიხედე ასე ღრმად?..ახალი გატაცება მაქვს – ელექტრონული გათბობის სისტემების, დანიური კომპანია დანფოსს-ის შვილობილი კომპანია Devi-სგან. ხოდა, როცა აკეთებთ გათვლებს, თუ რას რამდენი სჭირდება, ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ! აგერ, მაგალითად, დანიელები ცივი ხალხია (ალბათ, ამიტომაც უყურებს ასე გულგრილად ჩვენს თხოვნას ნატოში შესვლის თაობაზე ბატონი რასმუსენიც) და გათბობაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ! ისინი კომფორტულად არიან სიცივეში.
კვიპროსელები მხურვალები არიან და გათბობაზე ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე ერთი საშუალო სიმხურვალის კვიპროსელი, რომელსაც სავარაუდოდ ერთი გული აქვს, დანიელებზე 23%-ით მეტს ხარჯავს! ჩემი არ გჯერათ? პირადად ნახეთ www.devi.com
კაცობრიობის დიდი ამოცანა იყო მარგი ქმედების კოეფიციენტის ამაღლება, ადამიანებში და გარემოსთან მიმართებაში ოქროს ბალანსის ხაზის შექმნა. ამ ამოცანის გადაწყვეტამ მიიყვანა დანიელები ამ ახალ გამოგონებამდე გათბობის სფეროში. ადრე თავი თბებოდა, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ადამიანს თუ გული ცივი აქვს, ან ყინულის – მას არ ეშველება, თუ ქვევიდან არ გაათბე! ასე აღმოაჩინეს დანიელებმა ახალი ფორმულა – დედამიწაზე გარემოს, კლიმატის დათბობა და ტემპერატურის მატება უკუპროპორციულია ადამიანების შინაგანი ტემპერატურის ვარდნისა და გულის გაყინვის დონის. ეს სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს DEVI-ს ექსპერტებმა და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გარემოს დაცვაში თუ ჩვენს საზოგადოებაში დაადასტურა ამ გამოკვლევების ჭეშმარიტება.
ამ გათვლებზე დაყრდნობით ხდება რევოლუციური, დანიური ელექტროგათბობისBსისტემებზე თბური დანაკარგების და ენერგომოხმარების გაანგარიშება! გგონიათ ჩვეული იუმორია? როგორ გეკადრებათ? მაგი კი არა, რომ დაითვალეს, რუსეთში იმდენი გულცივი და გულგაყინული ადამიანი ცხოვრობს, სოჭში “კრასნაია პალიანაზე” დაცხა და საერთოდ თოვლი არ მოდის, რამაც საშიშროება შეუქმნა ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას. იგივე გათვლების თანახმად, რუსების გულცივობა და შინაგანი გამყინვარება ისეთ დონეს მიაღწევს, რომ ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს და ოფიციალური ხელისუფლების განცხადებით, ასე თუ გაგრძელდა ოლიმპიადა არ ჩატარდება და შეიძლება, ბაიკალზე ზაფხულის დგაფუნა პლაჟები გახსნან.
ამ აზრს სრულიად ეთანხმება ექსპერტი ილარიონოვი, რომელმაც თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციაზე განაცხადა, რომ კლიმატის დათბობა მოგონილი თემაა და ესეც ეკონომიკურ მოვლენებთან არის კავშირშიო.
2010 წელს დანიელების სენსაციურმა აღმოჩენამ შესძრა მსოფლიო, მაგრამ გულით სასტიკებს და გულგრილებს მაინც ვერ გაუძლო. უფრო მეტიც, ევროპელი მეცნიერები უფრო ღრმად წავიდნენ თავიანთ კვლევებში და აღმოაჩინეს, რომ დედამიწაზე სიყვარულის დეფიციტი შეიქმნა და ოზონის ხვრელის გაჩენა და მისი შრის დეფიციტი ისეთი საშიში არ არის, როგორც სიყვარულის. ეს ორივე თანამედროვე კოსმოსის ნაწილი ხდება, რადგან ადამიანთაგან აირეკლება, კოსმოსში მიდის და უკან ბრუნდება. ამიტომ ხდება ასეთი მიწისძვრები, დამანგრეველი წყალდიდობები, ქარბუქები თუ სხვა კატაკლიზმები. ეს ყველაფერი სიყვარულის დეფიციტის ბრალია და სრულიად გამართული ეკონომიკური კატეგორია ხდება. თუნდაც მიკრო დონეზე რომ განვიხილოთ – უსიყვარულო ადამიანი ნაკლებმოტივირებულია და შრომის ნაყოფიერება დაბალი აქვს, ისევე როგორც გაყინულს – კრეატულობა. ყოველი ღვარძლი 1234 ვატია წამში, ხოლო სისასტიკე 4321 ვატი წუთში, სხვისი ტკვილებისა და პრობლემებისადმი გულგრილი დამოკიდებულება (მაგალითად, ევროპის დამოკიდებულება საქართველოსადმი) 7432 ვატი წუთში და ამიტომაც გაიყინა მთელი ევროპა და განსაკუთრებით, დასავლეთი ამ ზამთარს!!! მეცნიერულ-ეკონომიკური კვლევები 2010 წელს საერთოდ სხვა სიბრტყეში გადავიდა.ალბათ, ეს არის ინოვაციური ეკონომიკა ამ ოვაციურ სამყაროში!
უნდა შევქმნა კლიმატის ცვლილებების და გულგაყინულობის შემსწავლელი კარდიოლოგ-ფსიქოლოგების გაერთიანებული ეკონომიკური საზოგადოება. გადავარჩინოთ ეკონომისტებმა სამყარო – შემოგვიერთდით!

Comments

comments