არჩევნები და კომუნიზმი

ემზარ ჯგერენაია

ღმერთო ჩემო, სასწაული დროა მაისი – ყვავის დედამიწა, ატმის რტოების ფერადი ყვავილებით დახუნძლულ ტოტებს ტორტმანი გააქვთ და ამის შემხედვარე ადამიანის გულიც გადაფურჩქნულია და სასწაულის მოლოდინში ჩქეფს სიცოცხლე, გული კი, დიდი ზღაპრის მოლოდინში გაბადრული ესალბუნება ადუღებულ სისხლს. ლამაზია ეს ისლანდიის ვულაკნივით აფეთქებული დედა-ბუნებისა და ადამიანის ნახვა, ამაღელვებელი და ისეთივე სუსტი, როგორც შეყვარებული მამკაცი. ოდნავმა სუსხმა თუ წამოუბერა, მოდილიანის საოცარი ფერების ყვავილებისგან მხოლოდ კოკრები და მათში ჩამჯდარი მტვერი დარჩება, რომელიც ფუტკრებმა ალბათ დიდი სიმწრით მოიტანეს.

ამის შემხედვარე, მზად ხარ ზღაპარი დაიჯერო და შენს ყურს ფსალმუნივით ესმის მაისის ნიავის შრიალი, ფოთოლთ ცელქობა, თრთოლვა და სიყვარულის ფიცი, გინდა, რომ ეს ყველაფერი დაიჯერო. ჰო, სულ დაგვავიწყდა, მაისის ამ მშვენიერი დილის ახალი პერსონაჟი – ქართველი ამომრჩეველი, რომელიც ასევე გაფაციცებით და ნეტარებით უსმენს პარტიის ლიდერების დაპირებას, თუ როგორ დაუბრუნებენ მოუსავლეთში დიდი ხნის წინ წასულ ანაბრებს, მისცემენ უფასო წყალს, რომელიც წელიწადში 80 მილიონზე მეტი ჯდება, გაზს, შუქს, სამუშაო ადგილებს, სამედიცინო მომსახურებას და ა.შ. – არა, ნამდვილად ფანტასტიურია, სიყვარულის ფიცს ჰგავს სექსის წინ! ყველაფერს ჰპირდებიან, ყველაფერს და რაც მთავარია, ამას ლამაზი სახელი – არა გაზაფხული, არამედ ეკონომიკური პროგრამა ჰქვია. ზოგი ახალია, ზოგი დაწყებულია, მაგრამ გასაკეთებლად დატოვებული კიდევ ბევრია, ზოგიც, მარქსის იდეებიდან არის “გადმოშუშული””. ამ საწყალ მარქსს საფლავშიც არ ვასვენებთ, არადა, ყოველ დღე ვლანძღავთ (იმას ძალიან არ ადარდებდეს ჩვენი ლანძღვა, წამოპლაკულია შუა ლონდონში და მშვიდად განისვენებს). არადა, სარეკლამო კლიპებს რომ მოუსმენ და სამაისო-სახალისო პროგრამებს განიხილავ, აშკარად მოგაგონდება ცხონებული მარქსის შეგონება – “აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი კომუნიზმისა””! ივნისში უკვე ვიქნებით მთვარეზე, არადა, რა კარგი მოსასმენია – ყველაფერი უფასო, შენს ყველა პრობლემას მოაგვარებენ და შენ მხოლოდ დატკბი ცხოვრებით.
მართლა მაისია! ოღონდ, ფუტკრის ბზული პოლიტიკოსების ჭყვიტინით არის შეცვლილი და სიყვარულს კოლექტიურად, ერთდროულად რამდენიმეს გვეფიცებიან!
არადა, მთელი ევროპა კრიზისის მოლოდინში ცახცახებს და თრთის, როგორც წვიმიან თბილისში სუსხისგან ჭერმის ყვავილი ან მიტოვებული შეყვარებული, მაგრამ ამ დროს, ჩვენ კომუნიზმს ვაშენებთ! რა გინდა უთხრა ხალხს, გაზაფხულია, სასწაულების დროა და სჯერათ ალბათ ივნისამდე. ან როგორ გინდა არ დაიჯერო დემოკრატიის სახელით ნათქვამი და სრულიად უდემოკრატიულესი არჩევნები. ისე, კომუნიზმს, სრულიად დემოკრატიულ არჩევნებსა და საარჩევნო დაპირებებს აქვთ რაღაც საერთო. გურამ რჩეულიშვილი მახსენდება – “ჭეშმარიტება ჰგავს კეფას, რომელიც ვიცით სად არის, მაგრამ ვერასოდეს ვერ დავინახავთ””. ჰო… ვერასოდეს დავინახავთ ვერც კომუნიზმს, ვერც სრულიად დემოკრატიულ არჩევნებსა და დანაპირების შესრულებას. დანაპირებს და ატმის ყვავილს ის აქვთ საერთო, რომ ორივე მაისში გაქრება, ატმის ყვავილი შემდეგ მაისამდე არ მოვა, ხოლო დაპირებები – შემდეგ არჩევნებამდე! ასეა სიყვარულიც, მაგრამ, ხომ კარგი მოსასმენია, ყურს ხომ უხარია?! მაისში მაინც განსაკუთრებით, ახლა ხომ ყველაფერი ჰყვავის, თრთის და საოცრებების მოლოდინშია, მაისში თავის მოტყუებაც კი კარგია! ძნელია არ დატკბე გალაქტიონით, მაისით და სიყვარულით. ასევე, არჩევნებით, ისიც ხომ თავისებური სიყვარულია, ხალხის, მშრომელი მასების თუ მოწინავე ინტელიგენციის ინტერესებისათვის ბრძოლის სიყვარული.
მთავარია, როგორ ჟღერს და ჩიტების ჟღურტულს როგორ ჰგავს, თუ არა, ეკონომიკური პროგრამის წერას რა უნდა – გადაშალე მარქსი და ყველაფერი სწერია!
ჰო, არ დაგავიწყდეთ, სიყვარულში მარადიულობას და მუდმივობას გაუსვით ხაზი და სარჩევნო პროგრამაში – დემოკრატიულობას!
ბედნიერ მაისს გისურვებთ და ტკბილ ზღაპრებს! ასევე, ოცნების ახდომას მეორე გაზაფხულის მოსვლამდე.

Comments

comments