ჩვენ ვუსწრებთ დროს და ვახდენთ სასწაულს

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია

დამთავრდა, მორჩა ის ავადსახსენებელი დრო, როდესაც ქართველები ყველაზე უკან მივჩანჩალებდით და ყველგან და ყოველთვის ვაგვიანებდით (ტოკიოს ინცინდენტი გამონაკლისი იყო და ბოლო). უფრო მეტიც, ჩვენ ვუსწრებთ დროსაც. არ გჯერათ? აგერ, ფაქტები: გახსოვთ, თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავების გაფრენის მუდმივი დაგვიანება და საშინელი გაზის ნამწვის ნაყნოსვით დაჯღანული მომლოდინე ტურისტების სახეები, ყელში აჯიკაწასმულივით სველი და წითელი თვალები სულ რომ ემუდარებოდა ცნობათა ბიუროში “გუჩის” მოდელივით გამოწკიპულ და გამარჯვებული იერით მომზირალ გოგონას, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი პიროვნება იყო მთელს დარბაზში, – როდის გავფრინდებით? ჰოდა, მორჩა ეს დრო ჩვენთან, თვითმფრინავები უკვე დროზე დაფრინავენ და უფრო მეტიც, დროზე ადრე დაფრინავენ კიდეც… ისე კი არა, როგორც მთელს ცივილურ მსოფლიოში – დროზე! არა, ჩვენ გავუსწარით დროს და დროზე ადრე დავფრინავთ. არ გჯერათ?

ასეა, ძნელია კარგის დაჯერება! აი, ყველაზე კარგი მაგალითი წელს, მარიამობის დღეს მოხდა. ავიაკომპანია “აირზენამ” დიდი საჩუქარი გაუკეთა თავის მგზავრებს, ის ბილეთებზე მითითებული დილის 9 საათის ნაცვლად, ზუსტად 45 წუთით ადრე გაფრინდა და ვინც ბილეთებში მითითებული დროის მიხედვით მივიდა, არ გაუმართლა, ეს მარიამობის საჩუქარი ვერ მიიღო და სახლში დარჩა! ასეა, გავუსწარით დროს, ჩვენთან ახლა თვითმფრინავები გრაფიკიდან კი არ აგვიანებენ, არამედ გრაფიკზე ადრე მიფრინავენ! ეს ტურიზმის განვითარებას უხდება ძალიან! ამიტომ, მუდამ “აირზენას” ბილეთები ერთი-ორად ძვირი ღირს და არცაა გასაკვირი, ნოვატორობა საერთოდ ძვირია! როგორც “აირზენას” პრეს-ცენტრში ჩვენს კორესპონდენტს განუცხადეს, ისინი აპირებენ ეს საკუთარი რეკორდი გაზარდონ ნანო-ტექნოლოგიების და ქართველთა მოთმინების ხარჯზე და დროში გასწრების ახალი ფორმები დანერგონ. ასე მაგალითად, სატელევიზიო შოუ “ინტუიციის” მაგალითზე ინერგება ახალი რეისების დრო სახელწოდებით – გამოიცანი როდის გავფრინდებით! “აირზენა” აპირებს ეს გამოგონება საერთაშორისო დონეზე დააპატენტოს და გაყიდოს, როგორც ნოუ-ჰაუ. ახალმა მეთოდმა მოწონება დაიმსახურა სამხრეთ აფრიკის და შუაწელ ეკვატორული აფრიკის ქვეყნებში, იმედია, მალე ხელშეკრულება გაფორმდება!
აგერ, თუნდაც სექტემბრის ბოლოს, საერთაშორისო ბიზნეს-წრეები შეარყია ცნობამ, რომ ამ თვის ბოლო შეიძლება რეცესიის დასასრულად ჩაითვალოს. ძირითადი ინდექსები მაღლა ავიდა, გაიზარდა ფასები, ეკონომიკები და ასე შემდეგ. ამერიკის ეკონომიკა გამოვიდა რეცესიიდან, ამიტომ გადადგა ობამას ეკონომიკური მრჩეველი და რეფორმების მჭედელი – ის ვალმოხდილი წავიდა სახლში, რადგან ეკონომიკა გამოიყვანა რეცესიიდან და აწი რა უნდა ეკეთებინა, უსაქმურად ხომ არ დაჯდებოდა. რა მერე? რა უხარიათ ნეტავ? ჩვენ საქართველოში ეს პროცესი ბევრად ადრე დაგვიდგა – წლის დასაწყისში დავამთავრეთ რეცესია – მოვუღეთ ბოლო და დროს გავუსწარით! მაგრამ საერთაშორისო რეზონანსი არ მოჰყოლია, ხომ იცით, პატარა ქვეყანას სად აქვს შანსი “ბლუმბერგზე” გააპიარონ, თან ცოტა შურთ კიდეც ალბათ და ეს ფაქტი არ შეიმჩნიეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით დროს რომ გავუსწარით? თან, მათი ბირჟები ძალიან გადატვირთულია და აღმავლობა აჟიოტაჟს იწვევს, იმდენი კომპანიაა ერთდროულად ლისტინგში, ჩვენთან საფონდო ბირჟის ლისტინგში სულ ორი კომპანია, “საქართველოს ბანკი” და “სახალხო ბანკი”, ამიტომ ამბობენ, ლადო გურგენიძე შეთავსებით საფონდო ბირჟის პრეზიდენტიცააო. სწორედ ამ მიზეზით თქვა “ნაზადაკმა” საქართველოში შემოსვლაზე უარი – იმ ბირჟაზე, სადაც ლადოა, მე რა უნდა გავაკეთო, ისინი დროს უსწრებენ და ჩვენ ჯერ რეალურ დროში ვვაჭრობთო!
დროს ჩვენ სხვა დატვირთვა მივეცით, ის ეკონომიკური კატეგორია გახდა და მთლიანი შიდა პროდუქტის ძირითადი კრიატორია. ამიტომ გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6%, ეს სერიოზული ნოუ-ჰაუა, თან ადვილი აღსარიცხია სტატისტიკურად, მხოლოდ წამზომი სჭირდება. მართალია, დრო იმდენი გვაქვს მკვდარს არ აქვს, მაგრამ ვუსწრებთ მას და ვმართავთ! ეს გამოცდილება გვინდა გავიტანოთ და დავნერგოთ უცხოეთში და საექსპორტო შემოსავლის წყაროდ გავხადოთ, მაგარია!
21-ე საუკუნეში ტრადიციული კლასიკური ეკონომიკური თეორიები თავდაყირა დგება და დღეს ინოვაციების ეპოქაა, მათ შორის, დროის ინოვაციის და ამიტომ გვეჩქარება და დროს ვუსწრებთ, ის ძველმოდური გამონათქვამი, მოჩქარეს მოუგვიანდესო, შევცვალეთ – ვინც არ ჩქარობს, ის არ ხარობს! მოდით, გავუსწროთ დროს!

Comments

comments