”მშპ–ს ზრდა მომავალ წელსაც 3.5%–ის ფარგლებში იქნება”

12c1e59fc043
”2014 წლის ბიუჯეტიც სოციალურ ხარჯებითაა დამძიმებული, რაც შეაფერხებს ეკონომიკის ზრდას”

ინტერვიუ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პრეფესორთან ემზარ ჯგერენაიასთან

რამდენიმე დღის წინ მოხდა თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია, როგორ აფასებთ ამ წამოყებას, რა როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და რამდენად ქმედითი იქნება ეს ისტიტუცია?

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ თანაინვესტირების ფონდი არის ძალიან ახალი ჩემთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი ადაპტირება ქართულ სივრცეში, იმ სიტუაციაში, როცა საქართველოში, სამწუხაროდ, ინვესტიციების ნაკადები მეტნაკლებად არ არის დამაკმაყოფილებელი მოცულობის, ეს არის გარდაუვალი და აუცილებელი, იმიტომ, რომ ჩვენ ინვესტორებს ვაჩვენოთ, რომ ქართული მხარეც მონაწილეობს თანაინვესტირების პროცესში, აქ დადებითი მომენტი ის არის, რომ კრედიტი მაინც საკმაოდ მძიმე მომენტია, მთელი პასუხისმგებლობა გადადის ბიზნესის გამკეთებელზე, თანაინვესტირების დროს კი ინვესტორი იმავდროულად მმართველიც არის და ეს არ არის მარტო ფულის ჩადება, ინვესტირება ხდება მენეჯმენტ ,,ნოუ–ჰაუს პროცესში” და ეს არის დადებითი პროცესი, როცა საქართველოში ინვესტიციასთან ერთად მოდის ,,ნოუ–ჰაუ”. მნიშვნელოვანია ასევე, როცა ინვესტორი მოდის ქვეყანაში და მას ადგილზე ხვდება საკმაოდ სოლიდური თანაინვესტირება 25%–დან 75%–მდე ინვესტორი თამამად გადადგამს ნაბიჯს და ჩადებს ინვესტიციას ასეთ პატარა განვითარებად ქვეყანაში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ფონდს გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია, ეს დამოკიდებულია რა და როგორი პროექტები იქნება, ამ პრეზენტაციამ გვიჩვენა, რომ თუ ჩვენ პრობლემა გვაქვს დაუშვათ საქართველოს გარეთ, თუ ვთქვათ პროექტის სრული ჩამოყალიბება ჭირს და მას აკლია გამოცდილება ცოდნა და გარკვეული მიდგომები, თვითონ თანაინვესტირების ფონდი, მისი ჯგუფი შეეცდება, რომ დაეხმაროს მას და შესაბამის კონდიციამდე მიიყვანოს ეს პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მე ვფიქრობ, რომ თანაინვესტირების ფონდი დიდ როლს ითამაშებს საქართველოში ინვესტიციების გაზრდაზე.

მთავრობამ პარლამენტს 2014 ბიუჯეტის პროექტი გაუგზავნა, თუ გაეცანით ამ პროექტს და რა ძირითადი შენიშვნები გაქვთ?

პირველ რიგში სურვილი არის ასეთი, რომ 2013 წლის ბიუჯეტი სადღაც 8 მილიარდ 700 მილიონის ფარგლებში იყოს დაგეგმილი. ფაქტიურად მომავალი წლის ეკონომიკური ზრდა პროგნოზების მიხედვით, დაგეგმილია 5%–ის დონეზე, სავალუტო ფონდის მონაცემებით, რომელიც ოქტომბერში გამოაქვეყნა თავის ყოველწლიურ ,,აუთლუქში”, 2,5% არის წლევანდელი ბიუჯეტის ზრდა, ხოლო მომავალ წელს 5%–ია დაგეგმილი, 5%–იანი ზრდის შემთხვევაში ალბათ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო ბიუჯეტის ზრდა, ბიუჯეტის 200 მილიონიანი ზრდა არის ძალიან ცოტა, რაც სამწუხაროა. ჯანდაცვას დაემატა 355 მილიონი, საგარეო ვალების მომსახურება 300 მილიონამდე ავიდა. გამოდის, რომ ჯანდაცვამ და საგარეო ვალებმა მთლიანობაში 650 მილიოზე მეტი წაიღო, ბიუჯეტი კი სულ 200 მილიონით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ 400 მილიონით შემცირდა სხვა ხარჯები. თითქმის ყველა სამინისტროს შეუმცირდა დაფინანსება. მაგალითად ფინანსთა სამინისტროს, როცა მმართველობითი ხარჯი უმცირდება, ეს კარგი ნაბიჯია. ისეთ სიტუაციაში, როდესაც ცუდი მდგომარეობაა ეკონომიკაში მმართველობითი ხარჯების შემცირება უპირველესი ამოცანაა, მაგრამ საერთო ჯამში 400 მილიონის დაკლება სხვადასხვა მიმართულებით არ არის მიზანშეწონილი. კიდევ ერთი მინუსი, რომელიც ამ ბიუჯეტს აქვს, არის ის, რომ ამ ბიუჯეტს, მთლიანობაში, ისევ სოციალური დატვირთვა აქვს. ყურადღება ისევ პენსიებზე და ჯანდაცვაზე არის გადატანილი. ეკონომიკის მხარდაჭერის ნაწილში სასურველი იყო, რომ უფრო მეტი თანხა ყოფილიყო ჩადებული.

2014 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მთავრობამ 5%-ის დონეზე განსაზღვრა, რამდენად რეალურია ამ ნიშნულის მიღწევა?

თუ დააკვირდებით მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებს, 2013 წელთან შედარებით 2014 წელს მთელს მსოფლიოში დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, სადღაც 3.6 %–ის დონეზე. ეს ტენდენცია საქართველოში ციფრობრივად ბიუჯეტის პროექტის მიხედვით და მშპ–ს მიხედვით 5%–მდეა, როცა 2.5%–ია მიმდინარე წელს დაგეგმილი სავალუტო ფონდის მხრიდან. ვფიქრობ, 2.5%–დან 5%–მდე ასვლა ძალიან გაჭირდება. ამიტომ მშპ–ს ზრდა მომავალ წელსაც, სამწუხაროდ, 3.5%–ის ნიშნულზე იქნება. სავალუტო ფონდის კვლევებიც ამაზე მეტყველებს და ის, რომ ჩვენი ეკონომიკის ზოგიერთ საკითხებს თუ განვიხილავთ, განსაკუთრებით მშპ–ს კუთხით, ვფიქრობ, რომ 5% ოპტიმისტური მაჩვენებელია და ის დაწვრილებით უნდა გადაიხედოს.

შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკურ ვითარების ფონზე საბანკო სექტორის მოგება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით გაიზარდა (214 მლნ. ლარი), რამ განაპირობა ამ მაჩვენებლის მკვეთრი გაუმჯობესება?

მსოფლიო ბანკის გამოკვლევების მიხედვით, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში საბანკო სექტორი ძალიან მომგებიანია. აქ ლაპარაკი არაა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებზე, არამედ საუბარია ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. თუმცა, თუ შევადარებთ ფილიალების რაოდენობასა და ბრუნვის რაოდენობას, ან ფილიალების რაოდენობასა და აქტივების რაოდენობას, დავინახავთ, რომ ბანკებს ხარჯიც საკმაოდ დიდი აქვთ. ქართულ ბანკებს რეალურ დანახარჯებთან შედარებით საკმაოდ ძვირი უჯდებათ თავიანთი სისტემის შენახვა, მეორეს მხრივ ამ ბრუნვის შესაბამისად უფრო მეტ მოგებასაც იღებენ, ვიდრე ევროპისა თუ ბალტიისპირეთის ქვეყნები. აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში გვაქვს 2 ბანკის დომინანტური მდგომარეობა – ,,საქართველოს ბანკისა” და ,,თიბისი ბანკის”, რაც განაპირობებს იმას, რომ ისინი თავს ახვევენ თავიანთ მომსახურებას ბაზარს და იმაზე გაცილებით მეტს იღებენ ბაზრისგან, ვიდრე რეალურად უნდა ამოიღონ. თქვენ თუ გაეცნობით ეროვნული ბანკის მაჩვენებლებს, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი არის 3,75 მეასედი, ეს კი საკმაოდ დაბალი ციფრია. ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ვინმემ წარმოებებს დაუჭიროს მხარი. ეროვნულმა ბანკმა ფაქტიურად ბანკები გადატენა ფულით, თუმცა ბანკებიდან ბიზნესამდე ფული არ მიდის სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს იმას, რომ 2014 წლის პირველ და მეორე კვარტალში ბანკებს გასაღების ბაზრის, ფულის დაბანდების პრობლემა ექნებათ სიძვირის გამო, ამან კი შეიძლება ფინანსურ სტაბილურობასაც შეუქმნას საფრთხე. ეს არის ძალიან ცუდი პროგნოზი, ძალიან ცუდი მაჩვენებელი და შეიძლება საკმაოდ სახიფათო იყოს ჩვენი ეკონომიკისთვის. საბანკო სექტორს სასწრაფოდ სჭირდება სტრუქტურული რეფორმები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ზოგადად, როგორ აფასებთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ახალი მთავრობა ატარებს, რამდენად პრობიზნესურია ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება?

პრობიზნესური ნაბიჯები მთავრობას ჯერ არ გაუტარებია. მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტიდან და 2013 წლის ბიუჯეტიდან გამომდინარე უფრო სოციალური მიმართულების მთავრობაა. მთავრობა, პირველ რიგში, ზრუნავს პენსიების გაზრდაზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სკოლების და ჯანდაცვის სფეროს მოწესრიგებაზე, ანუ სოციალური მოთხოვნილებებისა და პრობლემების მოგვარების გზების ძიებაზეა აქცენტი გაკეთებული. ასეთ პოლიტიკას კი პრობიზნესურს ვერ დაარქმევ. სამწუხაროდ, ჩვენი ბაზრის ძირითადი მომხმარებელი სახელმწიფოა და ამიტომ ეკონომიკა და ბიზნესი რთულ მდგომარეობაში ვარდება, როცა სახელმწიფო ბიზნესის კუთხით, შესყიდვების კუთხით, ინფრასტრუქტურის კუთხით, ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე უნდა დახარჯოს. ფაქტია, რომ მთავარი მოთამაშე ბაზარზე ეს არის სახელმწიფო, მისი ხარჯები, მისი მოხმარება და როდესაც სახელმწიფო არ ხარჯავს ფულს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, მარტო პენსიებზე ფიქრობს, ეს ყველაფერი ბიზნესზე საკმაოდ ცუდად აისახება. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის მსგავსი მიდგომა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ რომ ეკონომიკური ზრდა შეფერხდა. თუმცა ეკონომიკის ზრდის შენელებაზე სხვა მნიშვნელოვანმა ფაქტებმაც მოახდინა ზეგავლენა. თუნდაც იმან, რომ ქვეყანას ორი ხელისუფლება ჰყავდა და ბიზნესიც მოლოდინის რეჟიმში იყო, ანუ სიტუაციაში, როდესაც ბიზნესმენები ფრთხილობენ და არ ჩქარობენ ინვესტორების შემოყვანას.

გმადლობთ.

სოსო ქუმსიაშვილი

წყარო: www.bfm.ge

Comments

comments