July 23, 2013
რატომ უნდა მართავდნენ ქვეყნებს მხოლოდ მდიდარი ადამიანები და რატომ არ დაიშვებიან ღარიბები და კეთილშობილები პოლიტიკაში
ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებების დაცვით შეფიქრიანებულ დედამიწაზე ოფშორები მრავლადაა, თავისთავად მიანიშნებს, რომ „შავი“ ფულის გათეთრების პრობლემა (და სურვილიც) თვით განვითარებულ და დემოკრატიის ვარსკვლავებთან შეთამაშებულ ქვეყნებსაც აქვთ. ვინ ათეთრებს ფულს ოფშორულ ზონებში, რატომ არის აუცილებელი მათი არსებობა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებისთვის, რა ოდენობით „შავი“ ფულია დალექილი ოფიციალურ თვალს მიღმა, რატომ გახდა ელიტური კორუფცია დღევანდელი სამყაროს არათუ განუყოფელი, აუცილებელი ატრიბუტი და როგორ უბამს ფეხს საქართველო ამ ტენდენციას, – ამ მეტად საინტერესო თემებს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია განგვიმარტავს.
რა დატვირთვა აქვს ოფშორულ ზონებს, გარდა იმისა, რომ მავანნი უაზროდ ბევრ ფულს შოულობენ?
დავიწყოთ იმით, თუ რატომ გახდა დღეს მთელ მსოფლიოში აქტუალური ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება. იცით, რომ ფულის გათეთრებას უწოდებენ უკანონო შემოსავლის მიღებას. უკანონო შემოსავლების წყაროებია: იარაღით ვაჭრობა, რომლის ბრუნვაც წელიწადში, დაახლოებით, 600 მილიარდამდეა; ნარკოტიკებით ვაჭრობა, 500 მილიარდამდე ბრუნვით წელიწადში; ადამიანებით ვაჭრობა და ასე შემდეგ. ანუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის ფულის გათეთრება. ჩემი აზრით, ამასთან გათანასწორებული, მაგრამ ჯერჯერობით არცთუ დანაშაულებრივი ქმედება არის ოფშორების გამოყენებით გადასახადების დამალვა. თუ, მაგალითად, ფულის გათეთრებას იყენებენ ნარკომოვაჭრეები, ანუ აშკარად კრიმინალები, გადასახადებს თავს არიდებენ სავსებით ლეგალური ბიზნესები. არადა, 600 მილიარდი დოლარის იარაღით ვაჭრობა შეუმჩნეველი ვერ დარჩება, ისევე, როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობა, რადგან ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს 80 000 კონტეინერის გადაადგილება.
მით უმეტეს, ზემოდან, თანამგზავრიდან.
დიახ, ლაპარაკია იმაზე, რომ მსოფლიოში არის ძალიან დიდი ოდენობით ფინანსური ნაკადები, რომლებსაც ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს და პოლიტიკურიც, იმიტომ რომ ამ დოზით ფულს შეუძლია არათუ მურსის, ნებისმიერი მძლავრი სახელმწიფოს პრეზიდენტის გადატრიალება. დავიწყოთ იმით, რომ ყველა დიდ ქვეყანას, ვგულისხმობ დიდი რვიანის ქვეყნებს, აქვს თავისი ეგრეთ წოდებული სამალავი, სადაც ისინი ფულს ათეთრებენ და გადასახადებს მალავენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ოფშორი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს. არაერთი თავისუფალი ზონა და რამდენიმე ოფშორი აქვს თავის ტერიტორიაზე ინგლისს, მათ შორის, ჩვენთვის ცნობილი კიმანის კუნძულები; ჰონკონგის სახით აქვს ოფშორი ჩინეთს; ასევე, ოფშორი აქვთ იტალიას მონაკოს სახით, მონაკოთი სარგებლობს საფრანგეთიც, თუმცა თავისი ოფშორიც აქვს; გერმანიას – თავისი და ასე შემდეგ.
ანუ ეს დიდი და დემოკრატიული სახელმწიფოები ხელს უწყობენ იმას, რომ მათმა მოქალაქეებმა უკანონოდ ნაშოვნი ფული გაათეთრონ, ის ფული ისევ იქ დარჩეს და ამით მოგება ნახონ?
მარტივად რომ ვთქვათ, ასეა. მეტსაც გეტყვით, ძალიან დიდი დაძაბულობაა ევროპაში. ივლისში ევროპის მინისტრების შეკრებაზე ავსტრიის მინისტრი საკმაოდ მძაფრი სიტყვებით დაესხა თავს გაერთიანებული სამეფოს მინისტრს, გერმანიაც გააკრიტიკა, საფრანგეთიც. რას ეხებოდა ეს საკითხი? იმას, რომ ავსტრიასა და შვეიცარიას მოსთხოვეს, დაკარგონ ოფშორის ფუნქცია. არადა, ეს ოფშორის ფუნქცია ავსტრიისთვის საკმაოდ დიდი შემოსავალია, რის საპასუხოდაც ავსტრიამ სხვა ოფშორების დახურვაც მოითხოვა და დაიწყეს ერთმანეთის დაბეზღება. მსოფლიოს ოფშორებში უკვე 8 ტრილიონი დოლარია დალექილი, მათ შორის, თქვენთვის ძალიან ცნობილი და წარმატებული კომპანიები, „მაიკროსოფტი“, „ეფლი“ თუ სხვა, თავისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მალავს გადასახადს. მილიარდობით დოლარია დამალული ამერიკის, გერმანიის, ინგლისის ბიუჯეტისთვის და ასე შემდეგ.
რატომ არ უკეთებენ ლიკვიდაციას ოფშორებს, თუ ყველამ ყველაფერი იცის?
ამის ძალა არ აქვთ, ფულადი ნაკადები მოძრავია, ერთგან დახურავ, სხვა ადგილს იპოვის. ეს დიდი თემაა და ჩვენ არ გვისაუბრია არაბულ სამყაროზე, არადა, მუსლიმანური ბანკები კიდევ სხვა თემაა. ამდენად, ვიმეორებ, ეს საკითხი გამწვავდა იმიტომ, რომ ეს მილიარდები დააკლდა მსოფლიო ეკონომიკას.
რა თავისებურება აქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს? ისინი, ყველანი, პოსტსოციალისტური ქვეყნებია, მაგრამ მათ შორის არის ჭკვიანი ქვეყნები, მაგალითად, ჩეხეთი, რომელიც არ შევიდა ევროზონაში, ამით ისარგებლა და გერმანელებისითვის გახდა ნავსაყუდელი. დღეს ორი ნავსაყუდელი აქვთ ევროპელებს: დანია, რომელიც, ასევე, არ არის ევროზონაში და ჩეხეთი. მაგრამ არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი, სადაც ოფშორი ვერ გაიხსნა, იმიტომ რომ ევროზონაშია, მაგრამ განვითარების მაღალ დონეზეა და არის დაბალი განვითარების ქვეყნები, როგორიცაა ბულგარეთი, სადაც კიდევ შეიძლება ფულის დაბანდება. რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს: იქ გამორჩეული სიტუაციაა. რუსეთი თავის უკანონო შემოსავლებს ძირითადად მიმართავდა კვიპროსზე და იცით, იქ რაც მოხდა: კვიპროსში ეს ფული გაიყინა და, სავარაუდოდ, რუსეთმა ის დაკარგა. რუსეთში, საქართველოსა და ყაზახეთში არის ასეთი სქემა: ადგილობრივი პოლიტელიტის მიერ ნაშოვნი ფული, რა თქმა უნდა, ოფშორში მიდის და ისევ უკან, ამ ქვეყნებში ბრუნდება ინვესტიციის სახით. ანუ ეს ქვეყნები, რომლებიც არიან პოლიტბიზნესმენების თავშესაფარი, იმავდროულად არიან იმ ქვეყნების ინვესტორებიც. ანეკდოტია, მაგრამ კვიპროსი არის რუსეთის ყველაზე დიდი ინვესტორი. საქართველოს რომ გადახედოთ, ბოლო წლებში ყველაზე დიდი ინვესტიციები შემოსულია კაიმანის კუნძულებიდან და ჰოლანდიიდან. ჰოლანდიაც სერიოზული ოფშორია, ანუ საქართველოდან, ისევე, როგორც რუსეთიდან ფული მიდის ოფშორებში და იქიდან ბრუნდება ინვესტიციის სახით.
მარტივად ვიტყვი: პოლიტელიტა ფულს „ტეხავს“ თავის ქვეყანაში, მიაქვს ოფშორში, ასუფთავებს და შემდეგ ეს „მომტეხველები“, ისე, რომ მათი ვინაობა უცნობი რჩება, ხდებიან ინვესტორები და ამით კიდევ შოულობენ ფულს?
ამას ორი მხარე აქვს: ერთია, რომ ეს ფული „მოტეხილია“, მაგრამ მეორეა, რომ უკან ბრუნდება.
აწი „მოუტეხავად“ დარჩეს აქ?
ჯერ ერთი, ოფშორიდან წამოსული ფულის წყარო იკარგება. რატომ განვიხილეთ ერთად ფულის ლეგალიზაცია და გადასახადების დამალვა?! ოფშორში წასული ფულის კვალი იკარგება: ნაკლებად გავიგებთ, საიდან მოვიდა, ვისია, მოსული ფული კი უკვე ინვესტიციაა. თქვენ ხშირად ნახავთ საქართველოში ბიზნესს, რომელთა პატრონები არიან ვიღაც უცნობი ჰოლანდიელები, უცნობი ინგლისელები, უცნობი ამერიკელები.
ისეთი ფირმები, რომელთა კვალს ინტერნეტში წამლადაც ვერ იპოვი.
ყველამ იცის, რომ ეს არის ქართველი პოლიტიკოსების ბიზნესები, მაგრამ თქვენ ამას ვერ ამტკიცებთ, იმიტომ რომ ეს ფული მოსულია ინვესტიციის სახით კაიმანის კუნძულებიდან. ყველაზე საჯარო ფაქტს ვიტყვი: დღემდე ვერ გაარკვიეს, ვინ არის „რუსთავი 2-ის“ პატრონი! თან მხოლოდ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ოფშორში ფული თეთრდება, ხდება გადასახადებისგან თავის არიდებაც. თქვენ რომ ნახოთ, ყველა წარმატებული დიდი კომპანია, რასაც იცნობთ და გაგიგონიათ ან არ გაგიგონიათ, დარეგისტრირებულია ოფშორში და ოპერირებს ოფშორის მეშვეობით.
ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, რომ ძალიან იაფია ოფშორში ფირმის დარეგისტრირება, რა ხეირს ნახულობს ოფშორით ოფშორის მფლობელი ქვეყანა?
ისინი იღებენ მინიმალურ ერთჯერად გადასახადს, მაგრამ ეს არის გადასახადი ერთ ფირმაზე, ოღონდ ამ ფირმების რაოდენობაა ძალიან ბევრი. ყველა მდიდარ ადამიანს ოფშორში აქვს გახსნილი ანგარიში. იმ მცირე გადასახადით იმ ქვეყანას ძალიან დიდი ფული უგროვდება. მაგალითად, მონაკო ცხოვრობს მხოლოდ ამით, სხვა მონაკოში არაფერი ხდება და კიდევ, ჰყიდიან ბინებს. თუ თქვენ იქ იყიდით ოროთახიან ბინას, თავისუფლდებით გადასახადებისგან. მაგალითად, შვეიცარია აიძულეს, გაეხსნა ანონიმური ანგარიშები, არადა, რა იყო შვეიცარიის წარმატების ბაზა?! საბანკო სისტემა და ტურიზმი, საათების და ზუსტი მექანიზმების წარმოება ყველთან ერთად. მეტი შვეიცარიაში არაფერს აკეთებენ. მონაკოს პოლიციაც კი არ ჰყავს, ფრანგებს ქირაობენ და ისინი საღამოს მიდიან სახლებში. უცნაური, თვალთმაქცური ჯუჯა-სახელმწიფოებია. მეტიც, იცით, ვისი სახლებია მონაკოში? ბილ გეითსის, ელტონ ჯონის.
და რად უნდათ?
ჯერ ერთი, წალკოტია და, მეორე, გადასახადებს არ იხდიან. მილიარდიანი ქონება გაქვთ და გადასახადს არ იხდით. ბილ გეითსი, რომელიც 20 თუ 30 მილიარდს აფრიკის ჯანდაცვის ფონდში რიცხავს, ამავე ოდენობის თანხას აკლებს ამერიკის ბიუჯეტს, იმიტომ რომ ეს ფული გადააქვს ოფშორში და მალავს გადასახადებს.
ისიც ვთქვათ, როგორ მუშაობენ ამ სქემით ჩვენებური პოლიტიკოსები.
ჩვენ ძალიან ღიად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში. მსოფლიოში მიღებული ფორმაა, რომ პოლიტიკოსები, ძირითადად, ბიზნესთან არიან გადაჯაჭვულები. ჩვენ კი ვამბობთ, პოლიტიკა სხვაა, ბიზნესი სხვააო, მაგრამ რეალურად პოლიტიკა და ბიზნესი არათუ ერთი მედლის ორი, ერთი მედლის ერთი მხარეა. ამიტომ მიღებულია, რომ ყველა პოლიტიკოსი მილიარდერია, ყველა პოლიტიკური პარტია – მილიარდერთა გაერთიანება. ღარიბები, როგორც წესი, პოლიტიკაში არ არიან. დაშვებულია ელიტური კორუფცია, რასაც რეალურად ჰქვია თანამედროვე კორუფცია. დაშვებულია, რომ ქვეყნის პოლიტელიტამ იშოვოს მილიარდები და აკონტროლოს ყველა ბიზნესი. ჩამოვთვალოთ, რომელია პოლიტიკური ბიზნესი? რა თქმა უნდა, საწვავის და ნავთობის ბიზნესი, წარმოგიდგენიათ, რომ ამ ბიზნესში ვინმე შევიდეს?! ფარმაცევტული ბიზნესი; კვების ყველა პროდუქტის ბიზნესი პოლიტიკური ბიზნესია, ისევე, როგორც ნოუ-ჰაუ ტექნოლოგიები. ერთ დაზგასაც კი ვერ შეიძენთ, ლაპარაკი არ არის ჩიპებზე, რომლითაც შესაძლებელია ტექნოლოგიურად ტევადი დეტალის შექმნა. რამდენი ხანია, ლაპარაკია საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, მაგრამ ვერ ხერხდება. თავი დავანებოთ საქართველოს, ავიღოთ ირანი: ნავთობით უმდიდრესი ქვეყანაა და ბენზინის დეფიციტია, იმიტომ რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ნებას არ აძლევენ. აზერბაიჯანს საბჭოთადროინდელი ქარხანა აქვს, ამიტომაც ვერ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ბენზინს: ტექნოლოგიას არ აძლევენ.
გასაგებია, ახალ კონკურენტს არ უშვებენ ველზე.
და ახალ მოთამაშეს. ამდენად, მსოფლიო პოლიტიკურ ელიტას აქვს ასეთი პრინციპი, ისეთი, როგორიც ჰქონდა საქართველოს პოლიტელიტას: ფულის შოვნა უნდა კონტროლდებოდეს პოლიტიკურად. იმისთვის, რომ ფული სხვაგან არ მოხვდეს, უმაღლესმა ეშელონებმა უნდა აიღონ ხელში ყველა ბიზნესი, ისინი უნდა აკონტროლებდნენ ფულად ნაკადებს. ბატონი ივანიშვილი ვეღარ გააკონტროლეს და იმიტომაც გადატრიალდნენ. ერთმა კაცმა თქვა ისტორიული ფრაზა: კორუფცია ან არის ზევით, ან არის არსად.
ვინ თქვა?
ეს თქვა მიშა სააკაშვილმა და მართლაც ასეა. ადამიანებს პოლიტიკოსები გულისამაჩუყებელ ლოზუნგებს ეუბნებიან, მაგრამ, სინამდვილეში, პოლიტიკური ელიტა უნდა იყოს მილიარდერი, ამიტომ მათ სჭირდებათ ოფშორები, რომ დამალონ თავიანი ფული და ისე გამოაჩინონ, რომ არიან უღარიბესები, ბინაც არ აქვთ და დედების ბინებში ცხოვრობენ. მართალია, ხალხი რეალურად ხედავს, ვინ როგორი ღარიბია, თუმცა ხშირად ზღაპარი ურჩევნია, მაგრამ ეს საშიშროების შემცველია. როგორ გახდნენ ეს ადამიანები მილიარდერები 5 წელიწადში? ხახვის ბიზნესიდან მოყოლებული ყველაფერი მათ ხელშია, იმიტომ რომ მსოფლიომ დაუშვა ასეთი სქემა: შეიქმნა მმართველი პარტიების განსაკუთრებული ფენა და მათ უნდა აიღონ მთელი ფული ხელში. ასეთ სქემაში ქვედა დონეზე კორუფცია ვერ იარსებებს, იმიტომ რომ მთელი ბიზნესები მათია და არ სჭირდებათ ვინმესთვის ფულის მიცემა, აბსოლუტური მონოპოლისტები არიან, მაგრამ კეტავენ თავისუფალ ბაზარს. ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ საქართველოში ჩაკეტა თავისუფალი ბიზნესი, რაც ერის თვითმკვლელობის ტოლფასია.
ოცდამეერთე საუკუნე არის კრეატიულობის საუკუნე, თუ ნიჭიერი ადამიანები არ შემოუშვი, ფული როგორ უნდა გაკეთდეს? რა არის ამ პოლიტიკური ელიტის შემოსავლის წყარო: მხოლოდ ბიზნესები თუ ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარებაც?
ავიღოთ ჩვენი ექსპორტის და იმპორტის კალათა, რა არის წამყვანი? სიგარეტი – პოლიტელიტის ბიზნესი; საწვავი, ფარმაცია, ხორბალი და კვების პროდუქტები, ანუ პირველი ოცეული პოლიტელიტის ბიზნესია. არანაირ ბიზნესშანტაჟზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ ეს ბიზნესები მათ ეკუთვნით, მათ შორის, გზების მშენებლობა და ასე შემდეგ. ყველა ბიზნესი, სადაც 5 მილიონზე მეტი ბრუნვაა, მათი საკუთრებაა, გრანტები და დახმარებები კიდევ სხვა თემაა. ხომ არ იტყვის პოლიტიკოსი ეს ბიზნესი ჩემიაო? ამიტომ იქიდან მიღებული ფული მიაქვს ოფშორში, სადაც ლეგალიზდება და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება.
ახლა გადანაწილება როგორ მოხდება? ახალი ელიტის ხელში გადავა?
ჩემი გათვლებით და ექსპერტული ანალიზით, თქვენ ვერ შეძლებთ ამ საკუთრების მიკვლევას, მაგრამ არის ერთი პრინციპული საკითხი: საქართველო უნდა აღდგეს კუბლაშვილის სასამართლოს წინააღმდეგ და ასიათასობით ქართველმა უნდა მოითხოვოს კუბლაშვილის გადადგომა, სასამართლო სისტემის დემონტაჟი და მოსამართლეების ქუჩაში გაყრა. ამის გარეშე ჩვენი წინ ვერ წავალთ. უცხოელიც უსმენს იმას, რომ აქ სასამართლო მიკერძოებულია, რომ აქ სამართალს ვერ გაიტანთ და არ არის დაცული კერძო საკუთრება. ქვეყანაში, სადაც სასამართლო ხელისუფლება დამოკიდებულია სააკაშვილზე, ინვესტორი არასდროს მოვა, უფრო მეტიც, ხელისუფლებაც უძლური იქნება. ამიტომ ჩვენ მიტინგი უნდა მოვუწყოთ სასამართლო ხელისუფლებას: უნდა წახვიდე და დამთავრდა. რადგან, სანამ ისინი იქნებიან, თქვენ ვერ მოახერხებთ ვერც ოფშორების მოშორებას და ვერც ელიტურ კორუფციას. ივანიშვილს არ სჭირდება მსგავსი რამ და ის არავის მისცემს უფლებას, ხელი ან ცხვირი ჩაყოს კორუფციაში. ახლა იცვლება საქართველოს მმართველი ელიტის მენტალიტეტი, რადგან კორუფცია ისეთი რამაა, ან არის ზემოთ, ან არსადაა.
ავტორი: ნინო ხაჩიძე
წყარო: www.tbiiselebi.ge