ფრთხილად იყავით, ხალხო, აქ ”მაგთია”!

untitled
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია, რომელიც ჟურნალის _ ”საქართველო და ეკონომიკა” _ გამომცემელია, კომპანია ”მაგთის” მონოპოლისტობაში ამხელს. რამდენიმე დღის წინ, მან ახალი ტელეფონი შეიძინა, თავისი სიმ-ბარათი განაახლა და ანგარიში 50 ლარით შეავსო. მეორე დღეს, ანგარიშიდან თანხა ჩამოაჭრეს. როცა ჯგერენაიამ ”მაგთის” ერთ-ერთ ოფისს მიმართა, ოპერატორმა გოგონამ აუხსნა _ განახლებული სიმ-ბარათი ახალ ტელეფონში რომ გადაიტანეთ, პროგრამები ავტომატურად განახლდა და თანხაც ამიტომ ჩამოგეჭრათო…

15 წელზე მეტია, ემზარ ჯგერენაია ”მაგთიკომის” აბონენტია და 10 წელია, როუმინგით სარგებლობს, მაგრამ როგორც ”ვერსიასთან” საუბრისას აცხადებს, მსგავსი პრობლემა ადრე არასდროს შექმნია. მისი თქმით, პრობლემა 2012 წლიდან, განსაკუთრებით კი 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო:
”მაგალითად, 2012 წლის გაზაფხულზე, ორი დღით ვიყავი თურქეთში. როუმინგი ჩართული მქონდა, მაგრამ არც ინტერნეტით მისარგებლია, არც ფოსტა შემიმოწმებია, არსად დამირეკავს და მესიჯიც კი არ გამიგზავნია. რომ დავბრუნდი, ტელეფონი გამეთიშა. მივედი ”მაგთის” ოფისში, სადაც მითხრეს, რომ 1 500-ლარიანი დავალიანება მქონდა, ოღონდ წესიერად ვერ ამიხსნეს, რის გამო დაგროვდა. ჩემს დავას ”მაგთის” წარმომადგენლებთან შედეგად ის მოჰყვა, რომ დავალიანება 6 თვით გადაავადეს და გრაფიკით გადავიხადე. დღემდე არ ვიცი, რატომ გადამახდევინეს ამხელა თანხა. მითხრეს, ტელეფონი ინტერნეტში უშენოდ ირთვებოდაო. თურმე ”მაგთის” ინტერნეტი, ფულს თავისით მაჭრიდა. იმის გამო, რომ ეს ნომერი ძალიან მჭირდება, იძულებული გავხდი, დავალიანება დამეფარა. დარწმუნებული ვარ, ”მაგთი” ასე მხოლოდ ბიზნესმენებს ექცევა. რიგით მოქალაქეებს, შესაძლოა, იმდენად მცირე თანხას აჭრის, რომ ”მაგთის” აბონენტები ამას ვერც კი ამჩნევენ”.
1 500-ლარიანი დავალიანება ნელ-ნელა კი დაფარა, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე დღის წინ, ჯგერენაიას ანგარიშიდან ”მაგთიმ” 50 ლარი მხოლოდ იმიტომ ჩამოაჭრა, რომ ახალ ტელეფონში პროგრამები ავტომატურად განახლდა. არადა, ამბობს, რომ არც ერთი პროგრამა არ გადმოუწერია და ტელეფონის საშუალებით, ინტერნეტშიც არ შესულა: ”გავოგნდი. არ მესმის, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ”მაგთის” ვთხოვე, ჩაერთოთ ინტერნეტი. არც კი ვიცი, არსებობს თუ არა პროგრამების ავტომატურად განახლების ტარიფი. მხოლოდ ის ვიცი, რომ გარკვეული მეგაბაიტები უნდა ვიყიდო, რათა სხვადასხვა პროგრამები გადმოვწერო. პირველად გავიგე, რომ უფასო პროგრამების განახლებაში ფული უნდა ჩამომაჭრან. არავის უთქვამს, რომ პროგრამის განახლებას 50 ლარი სჭირდება, თორემ ინტერნეტს საერთოდ არ ჩავრთავდი! საინტერესოა, რიგითმა მოქალაქემ პროგრამის განახლებაში 50 ლარი როგორ უნდა გადაიხადოს? ფრთხილად იყავით, ხალხო, აქ ”მაგთია”, რადგან ”მაგთი” და ინტერნეტი საიდუმლო სამყაროა, რომელსაც ვერავინ შიფრავს! ამას აკეთებს კომპანია, რომელმაც მთავრობას უფასო კორპორატიული მომსახურება შესთავაზა, რაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაა. ეს არის დემპინგის კლასიკური მაგალითი, როდესაც უფასოდ სთავაზობთ მთავრობას კორპორატიულ მომსახურებას და ამით ტენდერი მოიგეთ. რეალურად, ”მაგთიმ” კონკურენტ კომპანიებს ბაზარი დაუხურა. ნებისმიერი ეკონომისტი დაგიდასტურებთ, რომ უფასო მომსახურება საგადასახადო კანონმდებლობით ისჯება”.

ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ”მაგთიმ” მოქალაქეებისა და სხვა ფირმებისგან იმ ფულის ამოღება დაიწყო, რის ხარჯზეც, მთავრობას უფასოდ ემსახურება. მისი თქმით, ”მაგთი” მონოპოლისტია და ამ ძალას ცუდად იყენებს. ტენდერმა, რომელიც ”მაგთიმ” მოიგო, სხვა კომპანიებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა და მათთვის ეს ბაზარი დაიხურა. ”მაგთის” აბონენტებმა, საკუთარ ტელეფონებში ინტერნეტი გათიშონ. გარდა ამისა, კომპანიამ ტარიფები უნდა გამოაქვეყნოს, რათა მომხმარებელმა იცოდეს, რეალურად, რა ჯდება ესა თუ ის მომსახურება. რაც მთავარია, უნდა დადგინდეს, რატომ გაიმარჯვა კომპანიამ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერში ნულოვანი ტარიფით და რატომ უწევს უფასო კორპორატიულ მომსახურებას ”მაგთიკომი” ივანიშვილის მთავრობას?

”ვერსიამ” ემზარ ჯგერენაია 22 მაისს ჩაწერა. ინტერვიუს დროს მან მესიჯი მიიღო, რომ მითითებული ნომრიდან (მაგთის აბონენტი) მის ანგარიშზე, 500 მეგაბაიტი გადმორიცხეს. ჯგერენაიამ მითითებულ ნომერზე დარეკა. ”მაგთიკომის” ერთ-ერთი ოპერატორის ნომერი აღმოჩნდა. ”ვერსიამ” ემზარ ჯგერენაიასა და ოპერატორის საუბარი ჩაიწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ემზარ ჯგერენაია: _ გამარჯობა. თქვენი ნომრიდან 500 მეგაბაიტი ჩამერიცხა. ეს რას ნიშნავს?
”მაგთის” ოპერატორი: _ მოითმინეთ… ბატონი ემზარი ბრძანდებით? ”მაგთიკომის” წარმომადგენლები ვართ და ამ ნომრიდან, თქვენთვის მეგაბაიტები შევიძინეთ. სათავო ოფისიდან დაგვირეკეს, რომ ანგარიშზე 50 ლარი უნდა დაგიბრუნდეთ.

ე. ჯ. _ ჰო, მაგრამ 500 მეგაბაიტი დამიჯდა და ანგარიში შევსებული არ არის.
მ. ო. _ ტექნიკური პროცესია. თანხა რომ დაჯდეს, 500 მეგაბაიტი უნდა გქონდეთ და ამიტომ შევიძინეთ თქვენთვის ეს 500 მეგაბაიტი.

ე. ჯ. _ რატომ ჩამომაჭრეს 50 ლარი? თქვენს ტარიფებში ხომ არ წერია, რომ ”აბდეითის” გამო, ფული ჩამომეჭრებოდა?
მ. ო. _ იმიტომ, რომ 1 მეგაბაიტის ღირებულება 70 თეთრია და სტანდარტული მეგაბაიტები საკმაოდ ძვირია. ვინაიდან, თქვენი მეგაბაიტების ვადა აქტიური არ იყო, ამიტომ ჩამოგეჭრათ. როგორც მითხრეს, თქვენს ნომერზე ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ კომპანიაში ამ პრობლემას აგვარებენ, რათა მომავალშიც იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. დღესვე დაგიბრუნდებათ თანხა და თან თქვენი ნომერიც დაიბლოკება, რომ მინუსებში აღარ გახვიდეთ. შემდგომში ეს გამოირიცხება, რადგან ინტერნეტ-სერვისი საერთოდ გაგეთიშებათ.

ე. ჯ. _ ანუ გამოსავალი ისაა, რომ ,,მაგთის’‘ ინტერნეტით არ ვისარგებლო? გამოდის, კომპანია თავის პროდუქტზე უარს ამბობს?
მ. ო. _ იცით, რა? გამოსავალი ისაა, რომ თუ ინტერნეტ-სერვისი მოგინდებათ, ისეთ პროგრამაში უნდა გადაიყვანოთ თქვენი ნომერი, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. ჩვენ თვითონ გადავიყვანთ ამ პროგრამაში და როდესაც ინტერნეტ-სერვისის ჩართვა მოგინდებათ, შეეცადეთ, ყოველთვის გქონდეთ მეგაბაიტები.

”ვერსია” კომპანია ”მაგთის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო სურგულაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ემზარ ჯგერენაიას პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკმაოდ ვრცელი პასუხი გამოგვიგზავნა:
”იმის გამო, რომ ”სმარტფონის” მფლობელი აბონენტები, ზოგჯერ სათანადოდ ვერ ფლობენ თანამედროვე აპარატის ფუნქციებს და არ ითვალისწინებენ აღნიშნული ტელეფონების შესაძლებლობებს, უსაფუძვლო და უსამართლო პრეტენზიები უჩნდებათ მობილური ოპერატორების მიმართ. შესაბამისად, ცილისწამების მსხვერპლი ხდება მობილური ოპერატორი, რომლის კომპეტენციასა და სანდოობას, აბონენტის გაუფრთხილებლობის გამო, ზიანი ადგება. უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, ახალი თაობის ტელეფონები ავტომატურად ახორციელებენ ინფორმაციის განახლებას აპარატში. ტელეფონი ისე უკავშირდება ინტერნეტს და ისე ტვირთავს გარკვეულ ინფორმაციას, რომ აბონენტმა ამაში, შესაძლოა, მონაწილეობა არ მიიღოს. შედეგად კი, დავალიანება უგროვდება. იმისთვის, რომ აბონენტმა თავიდან აიცილოს ინტერნეტის მოხმარებით გამოწვეული არასასურველი დავალიანება, აპარატში ფუნქცია cellular data off-ზე უნდა დააყენოს. ინტერნეტ-როუმინგის შემთხევვაში კი Dატა ღოამინგ უნდა გათიშოს, დააყენოს off-ზე მაშინ, როდესაც სერვისით არ სარგებლობს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩართოს”.

ნინო სურგულაძის თქმით, ”მაგთიკომი” ფართო საზოგადოებას სრულ ინფორმაციას აწვდის, რათა მომხმარებლების ინტერესები დაიცვას. ეს ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზეა განთავსებული და ნებისმიერი, დაინტერესებული პირი ნახავს: ”კონკრეტულად, ბატონ ემზარს რაც შეეხება. მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნიკურმა დეპარტამენტებმა, მრავალგზის განიხილა მისი შემთხვევა. ტექნიკური მოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ბატონ ემზარს გააქტიურებული ჰქონდა როუმინგული მომსახურება და მობილური ოპერატორი თურკჩელლ-ის მომსახურებით სარგებლობდა. ამ პერიოდში, ბატონ ემზარს ჰქონდა BLACKBERRY-ს ტელეფონი. ამ ტიპის აპარატების ოპერაციული სისტემა, გარკვეული აპლიკაციების (რომელთა აქტივაციასაც ახდენს მომხმარებელი) სრულყოფილად მუშაობისთვის მოითხოვს ინტერნეტთან კავშირს, რასაც უზრუნველყოფს დამოუკიდებლად, მფლობელის ინიციატივის გარეშე. ფაქტია, ტელეფონმა უზრუნველყო ინტერნეტ-კავშირი. ბატონ ემზარს დაუგენერირდა ინტერნეტ-ტრაფიკი და შესაბამისად, დავალიანება გაჩნდა, რაც ”მაგთიკომის” დეტალურ ამონაწერშიც ჩანს, რომელიც ”თურქსელმა” მოგვაწოდა. 2013 წლის 19 მაისს, ბატონმა ემზარმა, ნომრის ანგარიშზე 50 ლარი დარიცხა, რომელიც 21-22 მაისს, ინტერნეტის მოხმარებაზე დაეხარჯა. როგორც გაირკვა, სიმ-ბარათი ახალ აპარატში ჩადო, რამაც გამოიწვია გაუთვალისწინებელი ინტერნეტ-სერვისის მოხმარება და შესაბამისად თანხის (50 ლარის) გახარჯვა. შესაძლოა, აპარატმა თვითონ განახორციელა ოპერატიული სისტემის განახლება ან შესაძლოა, აბონენტმა გაუცნობიერებლად გამოიყენა ინტერნეტი. კიდევ ერთხელ გვინდა, მივმართოთ მომხმარებელს და გავაფრთხილოთ, რომ მობილურ ოპერატორებში დამნაშავის ძებნის ნაცვლად, ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ტელეფონის აპარატის მენიუდან, როუმინგით სარგებლობის პერიოდში, მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა შეზღუდონ. MOBILE NETWORC OPTIONS-ის შესაბამის პუნქტში, DATA SERVICES WHILE ROAMING-ის Oფფ პოზიციაზე დაყენებით, ტელეფონი ინტერნეტთან კავშირს მხოლოდ როუმინგული მომსახურების შემთხვევაში გაწყვეტს. რაც შეეხება ინტერნეტით სარგებლობას, ანალოგიურად დააყენონ cellular data off-ზე, რათა გათიშონ ინტერნეტი, თუ არ აქვთ ინტერნეტით სარგებლობის სურვილი და უფრთხიან მისგან წარმოქმნილ დავალიანებას. თუმცა ”მაგთიკომს” ინტერნეტ-პაკეტების ფართო არჩევანი აქვს, თანაც შეღავათიანი პირობებით”.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერს, ნინო სურგულაძის თქმით, დაბალმა ფასებმა, მაღალმა ხარისხმა, დაფარვის უდიდესმა არეალმა, მოთხოვნილი სერვისების სრულად უზრუნველყოფამ და ტენდერის სამართლიანად ჩატარებამ, ”მაგთიკომის” გამარჯვება უზრუნველყო:
”ზოგადად, კორპორატიული და ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი მომსახურება, ყოველთვის და ყველა ქვეყანაში განსხვავდება ერთმანეთისგან. კორპორატიული შეთავაზებების დროს, მსოფლიოში აპრობირებული ბიზნესის პრაქტიკაა, რომ გასათვალისწინებელია კონკრეტული ორგანიზაციისთვის შეთავაზებული მომსახურების მოცულობა და დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებისთვის შეთავაზებული პირობები, მნიშვნელოვანი დანაზოგია სახელმწიფოსთვის, თუმცა ”მაგთიკომი” ინდივიდუალურ ბაზარზეც მომხმარებლებს ფართო არჩევანს სთავაზობს არამარტო ბრენდების, არამედ _ შეღავათიანი სატარიფო გეგმების მხრივაც. მაგალითად, ბანის სატარიფო გეგმა _ ”ზერო +”, დიდად არ განსხვავდება სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის შეთავაზებული ტარიფებისგან. ”ზერო +”-ის პირობებში, მომხმარებელი ზარის წამოწყების სანაცვლოდ, 0 თეთრად საუბრობს ქსელში”.
მაია მიშელაძე

წყარო: www.versia.ge

Comments

comments