April 1, 2013
ემზარ ჯგერენაია ფერმერების დასახმარებელი ორგანიზაციების შექმნის იდეით გამოდის
ინტერვიუ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემზარ ჯგერენაიასთან
ბანკებისა და ხელისუფლების თანამშრომლობა იქნება თუ არა სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის წარმატების საწინდარი? ამ პროექტის შემთხვევაში საბანკო სექტორი ხომ არ აღმოჩნდება ერთგვარად შემაფერხებელი იმისა, რომ ფერმერების დიდი ნაწილი სესხს ვერ მიიღებს?
მინდა გავიხსენო ძველი პრაქტიკა, როდესაც გერმანიის განვითარების ბანკმა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის პირველად შემოიტანა 30 მილიონიანი კრედიტი. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი გამცოდილებიდან იყო ის, რომ ფერმერებს არ ჰქონდათ საფინანსო განათლება, უნარები, მართონ და აითვისონ კრედიტები. მე ვფიქრობ, რომ ეს დღესაც არსებობს და ყველაზე მნიშნელოვანია, რომ ბანკი არის კონსერვატორული ორგანო, ხოლო ფერმერს ტექნიკური დახმარება სჭირდება. კერძოდ, აუცილებელია საკონსულტაციო დახმარება. მილიარდიანი მოცულობის პროექტების მომზადება არ არის უბრალო საქმე.
საბანკო სესხი საბანკო სესხია, ბანკი არის პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში. ბუნებრივია, ის მოითხოვს სრულყოფილ დოკუმენტაციას, სრულყოფილ გარანტიას და კრედიტორების მიერ წარდგენილ ნორმალურ, გათვლილ ბიზნეს–გეგმას. აქედან გამომდინარე, ფერმერებს სჭირდებათ ტექნიკური დახმარება. ალბათ უნდა შეიქმნას არასამთავრობო ან რამე მსაგვსი ორგანო. ამისთვისაც უნდა გამოიყოს კონკრეტული თანხა, რომ შეიქმნას ორგანიზაციები, რომლებიც ფერმერულ მეურნეობებს ნორმალურ დოკუმენტაციებს შეადგენინებენ, რათა შემდეგ ბანკმა დაიწყოს ამისი განხილვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არამარტო პირველ ეტაპზე და ფერმერებისთვის არის საჭირო, არამედ ეს ორგანოები იქნებიან კრედიტის ათვისების მომენტში ჩაერთულნი, გაუწვენ მონიტორინგს ამ ათვისებას და შემდგომ მომსახურეობის ნაწილში იქნებიან ჩართულები. ეს ნაბიჯი აუცლებელია იმისთვის, რომ ეს პრობლემა რეალურად ავითვისოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სირთულეები იქნება.
სახელმწიფო გეგმავს საკონსულტაციო ცენტრების შექმნას, თუმცა აქ მეორე კითხვა ჩნდება – არის თუ არა რესურსი თუ ამასაც დატრენინგება სჭირდება? არის ქვეყანაში პროფესიონალი ტრენერების რესურსი, რომლებიც ამ მიმართულებით წლების განმავლობაში იმუშავებენ?
ვფიქრობ, ის მასა, რაც ამ საქმეს სჭირდება – 30–40 ადამიანი, საქართველოს გააჩნია. ბევრი ჭკვიანი ადამიანი გვყავს ქვეყანაში. ამის დეფიციტი ნამდვილად არ იქნება.
მთლიანობაში სოფლის მეურნეობის მიმართულების დაფინანსების ეს სქემა არის თუ არა მისაღები და იმუშავებს თუ არა თუნდაც საკონსულტაციო ცენტრების კარგად აწყობის შემთხვევაში?
ერთი რამაა ცალსახა – ჩვენი ბანკები არ აღმოჩნდნენ მზად არც ახლა და არც რამდენიმე წლის წინ, რომ სოფლის მეურნეობასთან ჰქონოდათ პარტნიორული ურთიერთობა. რეალურად ბანკი საბრუნავი სახსრების გარეშე არსებობდა. ეს იმის ბრალიც იყო, რომ სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია ნაკლებად ხდებოდა. ძალიან ბევრი პრობლემა იყო. დღესაც პრობლემებია საკუთრებით ნაწილში. თუ მოხდება მეურნეობის გამსხვილება და გაერთიანება, ეს იქნება რეალური საწინდარი ბაზრის შექმნის. აქედან გამომდინარე, ერთი მიმართულება არის ბანკებსა და მსესხებლებს შორის ურთიერთობის გაადვილება, მეორე მიმართულება მათი იურიდიული ორგანიზება. მესამე ნაწილია რეალიზაციის ნაწილი. სამივე ნაწილში თუ ჩვენ ერთდროულად გავეკეთეთ ინვესტორება, ნამდვილად ეფექტური იქნება.
წყარო: კომერსანტი