June 26, 2015
თბილისის V ეკონომიკური ფორუმი – ვერეს ხეობა, პერსპექტივები, ღირსეული გამოსავალი, ალტერნატიული კონცეფცია
2015 წლის 26 ივნისს „საქართველოს ბიზნეს-პალატის“, „ევროპის სამოქალაქო ინჟინერთა საბჭოს“ (ECCE) ოფიციალური წევრის „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებისა“ (GSCE) და „თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის (თები)“ ორგანიზებით თბილისის V ეკონომიკური ფორუმი – თავისუფალი ტრიბუნა თემაზე: „ვერეს ხეობა, პერსპექტივები, ღირსეული გამოსავალი, ალტერნატიული კონცეფცია“ გაიმართა.
„ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელები, დავიწყეთ კვლევა იმ პრობლემის, რაც ვერეს ხეობაშია. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული პროექტი. ამ პროექტის არსი იმაშია, რომ პატარა, ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ თბილისში, თავისი რეკრეაციული ზონით, დამბით, წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას „საქართველოს „ბიზნეს-პალატის“ ხელმძღვანელმა ემზარ ჯგერენაიამ.
მისივე თქმით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დამბის აშენების შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. “დამბა იქნება იმის გარანტორი, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება თბილისში. პროექტი “მანჰეტენი” გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას”, – განაცხადა ჯგერენაიამ.
რაც შეეხება იმას, როდის წარუდგენენ ამას მთავრობას, როგორც მან აღნიშნა, მთავრობას გარკვეული სიგნალი უკვე მისცეს. “მთავრობას სიგნალი მივეცით. რამდენიმე მინისტრს უკვე ველაპარაკეთ. უახლოეს დღეებში მათგან ველოდებით პასუხს. მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია”, – აღნიშნა ჯგერენაიამ.
პროექტის ავტორთა შეფასებით, მის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 ლარი, რომლის მოძიებასაც დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან.
“მოლაპარაკებები გაიმართა ბიზნესმენებთან. ისინი გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, რომ ჩაიდოს დიდი ფული ამ პროექტში. ჩვენ უნდა შევცვალოთ შეხედულება. ვერეს ხეობის ადგილი არ არის უბედურება, ეს არის მომავლის ადგილი” – დასძენს ემზარ ჯგერენაია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იტალიური კომპანია Asacert – Assessment & Certification (კომპანია უზრუნველყოფს სერტიფიკაციას სხვადასხვა პროფესიულ სფეროებში, მათ შორის ჰიდროლოგიასა და ენერგეტიკაში), ასევე საერთაშორისო დონის გეოლოგები, ჰიდროლოგები, ჰიდროტექნიკოსები, არქიტექტორები, ეკოლოგები, მშენებლები და სხვა.
შეხვერაზე განხილეს ვერეს ხეობის პრევენციისა და აღდგენის, როგორც ხედვის, ისე ამ მიმართულებით ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების კუთხით რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, რომელიც გამორიცხავს დედაქალაქში ჭალების არსებობას, რესურსის გაფლანგვასა და ვერეს ხეობიდან მოსახლეობის გაყვანას.