ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობამ აქტიურად უნდა გააგრძელოს ჰიდრო-რესურსების ათვისების პოლიტიკა

null
რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა – ვის ინტერესებში არ შედის საქართველოში ჰიდრო-ენერგეტიკის განვითარება; რეალურად, რამდენს ვიხდით 45-თეთრიან გაზში; კონტროლდება თუ არა ხარისხი, – აღნიშნულ საკითხებზე ექსპერტებმა ეკონომიკურ საკითხებში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ეკონომისტებმა ემზარ ჯგერენაიამ, ლევან კალანდაძემ, გიორგი აბაშიშვილმა და ირაკლი ლექვინაძემ ბრიფინგზე ისაუბრეს რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინის შესახებ, თუ რაზე კეთდება აქცენტები და რა გამოწვევები დგას დღეს საქართველოს წინაშე – ვის ინტერესებში არ შედის საქართველოში ჰიდრო-ენერგეტიკული რესურსების ათვისება; რატომ ებრძვიან ინვესტორებს; რამდენად დიდია ენერგოდამოკიდებულების ფასი; რატომ ჰიდრო ელექტრო სადგურები, ენერგიის ალერტნატიული წყაროების ანალიზი; ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები;

გააჩნია თუ არა საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია;

არსებობს თუ არა საინვესტიციო პროექტების შეფასების ეფექტური მექანიზმები.

გარდა ამ საკითხებისა, ეკონომისტებმა ისაუბრეს ბუნებრივი აირის მიწოდების და განაწილების სფეროში არსებულ პრობლემებზე, მონოპოლიური მდგომარეობის საკითხებზე – კონტროლდება და არსებობს თუ არა ინფორმაცია გაზის ხარისხის, წნევის, კალორიულობის შესახებ და იწვევს თუ არა ამ მაჩვენებლების ცვალებადობა ბუნებრივ აირზე დღეს არსებული 45-თეთრიანი ტარიფის ზრდას.

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ელექტროენერგიის, გაზის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ახალი ხელმძღვანელის ხედვა და სტრატეგია კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, როგორი იქნება სატარიფო პოლიტიკა უახლოესი წლების განმავლობაში.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ აქტიურად უნდა გააგრძელოს ჰიდრო-რესურსების ათვისების პოლიტიკა, მოსახლეობის ინტერესების, ეკოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, აქტიურად იმუშაოს არსებულ ინვესტორებთან პროექტების განხორციელების დაჩქარების მიზნით, ასევე მოიზიდოს ახალი ინვესტორები, ენერგო სტრატეგიაში უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს შიდა და გარე ბაზრების მოთხოვნის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით. დღეს საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, ჩვენ გვინდა განვითარება და ვავითარებთ ჰიდრო-რესურსების ათვისების აქტიურ პოლიტიკას თუ ვრჩებით იმ რისკების და საფრეების გარემოში, რომელიც არსებობს მეზობელი ქვეყნების ენერგო პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე.“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

წყარო: www.news.ge

Comments

comments