„თუ სამართლიანობის პრობლემა არ მოგვარდა, საქართველოში ინვესტიციები არ შემოვა“

16_09_2013_13_40_58jger

”აწარმოე ქართული” – ეფექტური სლოგანი თუ რეალური პერსპექტივა – ექსპერტებმა და ბიზნესმენებმა მთავრობას კონკრეტულ პრობლემებზე მიუთითეს

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი:

ზოგადად, მსგავსი დოკუმენტის შექმნას მივესალმები, მაგრამ რამდენიმე შენიშვნას გამოვთქვამ. პირველ რიგში, ეს არ არის პროგრამა, თავისი არსით. საუბარია გარკვეულ სტატისტიკაზე, ციფრებზე და და მონახაზებზე, ბევრად უმჯობესი იქნებოდა, პროგრამა ყოფილიყო იმ ფორმატში რაც პროგრამას ჰქვია და სტატისტიკა ყოფილიყო სტატისტიკის ნაწილში.

თუ ეს ანალიზი ინვესტორებისთვის არის შექმნილი, უნდა გაკეთებულიყო, ROE (ამონაგები კაპიტალიდან) ანალიზი, რაც ამ კვლევაში არაა მოცემული. ეს ძალიან შეუწყობდა ხელს ინვესტორს, რომ დოკუმენტი მისთვის გარკვეულწილად სახელმძღვანელო ყოფილიყო.

რაც შეეხება მეწარმეობის ხელშეწყობის ინსტრუმენტებს, რამდენიმე მსხვილი ინსტრუმენტია საყურადღებო. ვთქვათ ტექნო–პარკები, რაშიც ევროპას დიდი გამოცდილება და ფული აქვს ჩადებული, იგივე ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო გამოფენებში და ჩვენი ბრენდების წახალისება, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აქვთ აპრობირებული.

რახან ჩვენი ძირითადი კონკურენტია თურქეთის მაგალითი ავიღოთ, არის პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ეხმარებიან უცხოეთში გასულ ბიზნესებს და ხელს უწყობენ საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ პოპულარიზებას, რისი დანერგვაც ჩვენათანაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.

შემდეგი ნაწილი, რაც ამ დოკუმენტში წერია, თავისუფალი საბაზრო პრინციპების დანერგვაა. ამის საპირისპიროდ კი აქვე საუბარია სუბსიდირებაზე. ეს ორი რამ ერთმანეთის შეუსაბამოა. ვსაუბრობთ თავისუფალ მეწარმეობაზე და იქვე სახელმწიფოს როლს ვაძლიერებთ, ეს პრობლემა თუ არ აღმოიფხვრა, რა კონკურეციაზეა ლაპარაკი. კონსტიტუციით, არცერთ სამინისტროს, მათ შორის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, არ აქვს უფლება განახორციელოს სამეურნეო საქმიანობა, ყველა სამინისტრო არღვევს კონსტიტუციას.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დარგების განხილვა. ამ დოკუმენტში ქიმიური მრეწველობის განვითარებაზე არაფერია ნათქვამი, ამ დროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს, რომ აზოტის სასუქების სიძვირე სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უშლის, თუ ეს ასეა, მაშინ დავინტერესდეთ რა ხდება აზოტის ქარხანაში, მათაც დიდი პრობლემები აქვთ და ეგენიც უნდა მოვიყვანოთ და გამოვკითხოთ.

გარდა ამისა, კვლევაში არასწორად არის შერჩეული ბენჩმარკები, ანუ მაგალიტებად არის შერჩეული ისეთი დარგები სადაც პრაქტიკულად არ გვაქვს წარმატების შანსი. ბენჩმარკები ისეთი უნდა იყოს, რომ რაღაც გარკვეული უპირატესობა უნდა ახასიათებდეს.

რაც შეეხება უპირატესობებს, ძირითადად, ერთი და იგივე მეორდება, ელექტროენერგიის ფასის გარდა.

თურქეთს თუ ვედრებით ელექტროენერგიის ფასით, მაშინ ისიც აღვნიშნოთ, რომ არცერთი მოწყობილობის იმპორტი არ იბეგრება, პლუს ამას, ისინი ხელს უწყობენ ახალ ნანო ტექნოლოგიას, ასევე, თუ ენერგოტევადი მოწყობილობების იმპორტს განახორციელებ თურქეთში ამ შემთხვევაშიც სერიოზული პრეფერენციებია.
გაურკვეველია ინოვაციების საკითხი, ინოვაციის სამმართველო რომ იქმნება, რას გააკეთებს ის, ბუნდოვანია. მეტი კონკრეტიკაა საჭირო ლიზინგთან დაკავშირებითაც, ლიზინგი ეს არის საბანკო პროდუქტი, სად იქნება მთავრობის როლი ამ საკითხთან დაკავშირებით, ცოტათი მიჭირს წარმოდგენა.

ასევე საყურადღებოა სასამართლოს და ზოგადად სამართლიანობის პრობლემა, ამ სისტემაში დღეს არის ქაოსი, ადრე ვიღაც მართავდა ამ სისტემას, დღეს კი უბრალოდ არ არსებობს საერთო პრინციპები და მიდგომები, სრული გაურკვევლობაა, ეს საკითხი თუ არ გადაწყდა, არცერთი ინვესტორი ნაბიჯს არ გადმოდგამს ჩვენსკენ.

წყარო: www.bfm.ge

Comments

comments