ემზარ ჯგერენაია – ბანკებს პირველ რიგში დაზღვევის მონოპოლიურად გამოყენების უფლება უნდა მოეხსნათ

4

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია მომხრეა, რომ კომერციულ ბანკებს არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობა შეეზღუდოთ. „მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში დაზღვევის მონოპოლიურად გამოყენების უფლება უნდა მოეხსნათ. ანუ თუ სესხს „საქართველოს ბანკში“ იღებთ, აუცილებლად „ალდაგში“ უნდა დაზღვიოთ.
დაზღვევა ბანკებისთვის დამატებითი შემოსავლის (გადასახადის) მიღების საშუალება, რაც უნდა მოესპოთ. ბანკებს უნდა შეეზღუდოთ პირდაპირ მონაწილეობა ბიზესში, ეს იქნება მშენებლობა, განათლება თუ სხვა. ეს ყველაფარი კი განამტკიცებს საბანკო სისტემას, უფრო მყარს და უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. მე აბსოლიტურად ვემხრობი იმას, რომ ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი უნდა გადაიჭრას“- აცხადებს ექსპერტი.

ემზარ ჯგერენაიას ზუსტი ფორმულა, თუ რა გზებით უნდა მოხდეს ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის შეზღუდვა არ აქვს, თუმცა მიაჩნია, რომ საკითხი დარეგულირებას აუცილებლად საჭიროებს. „ასეთი პირდაპირი ჩარევა ბიზნესში და ასე ფლობა სხვა ბიზნესების უნდა შეიზღუდოს და დანარჩენი თუ როგორ მოხდება ეს, საერთოდ შეიზღუდება თუ გარკვეული აქციების მფლობელები უნდა გახდნენ – ეს უკვე სხვა საკითხია“- აცხადებს ჯგერენაია.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტთა ოთხეული, ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, ლევან ალაფიშვილი და გიორგი აბაშიშვილი ხელისუფლებას კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადებით მიმართავენ. „ბოლო დროს, აშკარად ფიქსირდება ტენდენცია – კომერციული ბანკების და მათთან კავშირში მყოფი სუბიექტების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობებს, რომ რიგი ბიზნეს მიმართულებები ექსკლუზიურად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ.

შესაბამისად, პირდაპირ ან ირიბად თავად შექმნან და თავადვე მართონ არაპროფილური კომპანიები და ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე მოიპოვონ დომინანტური საბაზრო ძალაუფლება. აღნიშნული, განსაკუთრებით თვალში საცემია შემდეგ სფეროებში: სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობა, მსხვილი საცალო ვაჭრობა, ჰოსპიტალური სექტორი, ჯანდაცვა, ფარმაცია და დაზღვევა.
აღნიშნული სამომავლოდ უცილობლად გამოიწვევს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებს. კერძოდ, საბანკო სტრუქტურების ხელში მაღალი საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციას და დომინანტური მდგომარეობის მოპოვებას. რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება ზოგადად საბაზრო ურთიერთობებზე და გამოიწვევს როგორც კონკურენტული გარემოს მნიშვნელოვან შეზღუდვას ბიზნესის რიგ სფეროებში, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ფინანსებზე წვდომას” – ნათქვამია წერილში, რომლითაც ექსპერტები საქართველოს პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავენ.

კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადების გარდა, ბრიფინგზე ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ექსპერტებმა სესხებისა და კრედიტების გაცემის კუთხით ბანკებთან უშუალო კავშირში მყოფი სუბიექტებისთვის (როგორც კომპანიები, ასევე საბანკო ადმინისტრატორის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მქონე პირები) პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების შესაძლებლობის მაქსიმალური შეზღუდვის საკითხი დასვეს.

წყარო: www.bpi.ge

Comments

comments