ემზარ ჯგერენაია წინასაახალწლოდ ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებს

news_52130

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ “პირველ პრესკლუბში” სტუმრობისას ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების მომატებული ხარჯვაა.

“მთელი წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს გადასახადებიდან უფრო მეტი თანხები ამოჰქონდა, ვიდრე ხარჯავდა. ეს ტრენდი შეიცვალა და ფინანსთა სამინისტრომ ფულის ხარჯვა დაიწყო, მათ შორის, კაპიტალურ ხარჯებშიც და უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე გადასახადებიდან შემოსავალს იღებს. ეს არის ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი. ეს გამოწვეულია იმით, რომ მიმოქცევაში უფრო მეტი ლარი გამოვიდა. ამასთან, 2013 წელს 1 მილიარდი ლარით გაიზარდა ბანკის კრედიტების მოცულობა, აქტივებმა 9 მილიარდ ლარს მიაღწია, მიმოქცევაში მეტი ლარი გამოვიდა და ამან ლარის კურსის დაცემა გამოიწვია. შემდეგი მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოში ტრენდი დოლარის კურის გამყარებაზეა მიმართული. ჩვენთან იმპორტული საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, სეზონურობა მოქმედებს. ამ სეზონურობამ გაზარდა მოთხოვნა დოლარზე”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

ექსპერტის ვარაუდით, 21, 22 დეკემბრისთვის ლარის კურსი უფრო გამყარდება.

ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 1.7122 ლარი ღირს.

დავით ჯალაღონია
წყარო: www.pirweli.com.ge

Comments

comments