December 13, 2013
ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, 2014 წლის ბიუჯეტში მმართველობით ხარჯებზე მეტი ეკონომიის გათვალისწინება სასურველი იქნებოდა
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში “პირველ პრესკლუბში” სტუმრობისას 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შეაფასა.
“ეს არის ბიუჯეტი, სადაც ინვენტარიზაცია სრულიად მოხდა. დავადგინეთ რამდენი გვაქვს დამატებითი ღირებულების გადასახადი დაბრუნებელი, რამდენი გვაქვს საგარეო ვალის მომსახურებაში გადასადები ფული, რამდენი არის სოციალურ ნაწილში კიდევ დასამატებელი თანხა და რამდენი აქვს არსებულ სიტუაციაში ბიუჯეტს დარჩენილი ვალდებულებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 9 მილიარდი მწირი ბიუჯეტია და ამ ფონზე ოპტიმალურად არის განაწილებული”, – განაცხადა ჯგერენაიამ და დასძინა, რომ “ეს არ არის საოცნებო ბიუჯეტი, ეს სერიოზული ეკონომიკური აღმასვლის ბიუჯეტია”.
მისივე თქმით, “სასურველი იქნებოდა უფრო მეტი ეკონომია მმართველობით ხარჯებში და მეტი ყურადღების გადატანა კაპიტალურ ხარჯებზე”.
“რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამებს, ყურადღება გადატანილია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და ეს ბუნებრივია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ჯანდაცვის სექტორში ის პროგრამებია ბოლომდე მისაყვანი, რომლებიც 2013 წელს დაიწყო. რამდენიმე მილიონი ლარი დაემატა განათლებას”, – აღნიშნა ჯგერენაიამ.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებს (მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა), მათთვის დაფინანსების გაგრძელებას ჯგერენაია დადებითად აფასებს.
დავით ჯალაღონია
წყარო: www.pirweli.com.ge