ემზარ ჯგერენაიას ვარაუდით, 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4% იქნება

news_52135
როგორც ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში “პირველ პრესკლუბში” სტუმრობისას განაცხადა, ამ მაჩვენებლის განსაზღვრა ბევრად იქნება დამოკიდებული თანაინვესტირების ფონდის საქმიანობაზე.

“ჩემი გათვლებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4% იქნება, მაგრამ აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამუშავდება თანაინვესტირების ფონდი. ეს საკმაოდ სერიოზული ძალაა და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენ ეკონომიკაზე. თუ თანაინვესტირების ფონდის მიერ ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული და ახალი პროექტები – ათვისებული, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს მიაღწევს. ამის პირველი სიგნალი ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებლის მაშკევიჩის მიერ ჯანდაცვის სექტორში საკმაოდ მსხვილი, 200 მილიონიანი პროგრამის დაწყებაა და თუ ასე გაგრძელდა, ბუნებრივია, 5% მიღწეული იქნება”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

დავით ჯალაღონია

წყარო: www.pirweli.com.ge

Comments

comments