”გაურკვეველია, რას გულისხმობს „ქართული ოცნების“ მიერ სინგაპურიზაციაზე უარის თქმა”

„ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების რეკლამირებულ სინგაპურიზაციის მოდელზე უარის თქმას ექსპერტულ წრეებში ეხმაურებიან. შეგახსენებთ: კოალიციის წარმომადგენელმა ნოდარ ხადურმა „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ევროპული ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სინგაპურიზაციაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფალი ეკონომიკის აშენებაზე უარის თქმას.

ამასთან, პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ სინგაპურიზაციაზე განცხადებები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან ბუნდოვანია. მისი თქმით, სინგაპურის მოდელი ნიშნავს დაბალ გადასახადებს და ცხოვრების მაღალ დონეს, რისკენ სწრაფვაც, შეშელიძის შეფასებით, ქართულ ეკონომიკას არ ეტყობა.

საქართველოში  სინგაპურის ზუსტი ასლის შექმნის ამბიცია  უხერხულია –ამ შინაარსის განცხადებას კი რადიო “კომერსანტთან” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია აკეთებს. მისი განმარტებით, სინგაპური თავისუფალ  ბაზარსა და ვაჭრობაზე ორიენტირებული სახელმწიფოა. ჯგერენაიას განცხადებით, საქართველოში რეგიონალური ჰაბის შექმნის მცდელობები არსებობს, თუმცა, სინგაპურის ანალოგამდე კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამასთან, ექსპერტის განცხადებითვე, ბუნდოვანია, რას გულისხმობს „ქართული ოცნება“ სინგაპურიზაციის კურსზე უარის თქმის დროს.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments