October 30, 2014
სტენდალის სიფილისით სიკვდილის კანონზომიერების და თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური პარადიგმების შესახებ, ანუ ებოლათი სიკვდილი რომელი პოლიტიკოსისთვის იქნებოდა კანონზომიერი
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი
„…საკუთარ თავს თავდებად ვერ დავუდგები, რომ არ ავღელდები“…
სტენდალი
ზამთარი ზანტად, სუსხით, ტკივილით და მელანქოლიურად გვეპარება. მზე მარცხდება და სიცივის უფერული სუდარა ეფარება ბუნებასა და ზაფხულის კისკისა, მხიარულ და სიყვარულით გაჯერებულ სულს!
ყველაფერს ალბათ თავის დრო აქვს, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ – ადამიანები ამ ცარიელი სიტყვებით უბრალოდ თავს იმშვიდებენ და შეცდომების მტვრით გადაფარვას ან სულაც სხვაზე გადაბრალებას – ბუნებაზე ან საერთოდაც მზეზე – ცდილობენ. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება ყველაზე მტკივნეულია.
კანონზომიერება, რომელიც ვითომ გარდაუვალია – სინამდვილეში ადამიანთა ცნობიერებაში შექმნილი გარკვეული დოგმებია და „შარიათის კანონები“, რომელიც არც იცინ ვინ გადატუმბა მათი ქვეცნობიერის ხავსმოკდებულ შრეებში და რატომ მისდევენ მას.
ამ სამყაროში, სიყვარულის ნომერ პირველი თეოლოგი სტენდალი, სრულიად ახალგაზრდა სიფილისმა რომ იმსხვერპლა, ამ სიყვარულის დაავადებამ, ესეც ვიღაცისთვის კანონზომიერია ალბათ?! რადგან თვითონ თქვა – … „სიკვდილი, სიცოცხლე, მარადისობა – მეტად მარტივი ცნებებია იმათთვის, რომლებიც საკმაოდ განათლებულნი არიან“. (1. სტენდალი, „წითელი და შავი“, თბ. 2014, გვ. 291)
ყველანი პატივმოყვარეობის მონები ვართ, რჩეულთა გარდა, და შემდგომ სწორედ ვიწყებთ დამნაშავის ძებნას მთელს დუნიაზე, რომ თქვან: ის იყო ცუდი და ამან მაიძულა და …მატილდამ საყვარელი ადამიანის ნეშტი საფლავამდე მიაცილა. კუბოს უამრავი მღვდელი და ხალხი მისდევდა, არავინ იცოდა, რომ მატილდა მარტოდმარტო იჯდა ფარდაჩამოფარებულ ეტლში და მუხლებზე იმ მამაკაცის თავი ედო, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა“…
კაცობრიობას სტენდალი ზარი არ ეყო და ისევ სიამოვნებით ეშვება ყურებამდე სისულელეების, დოგმატიზმის ჭაობში; ქმნის ლეგენდებს და რაღაც მარტივ და უაზრო წესებზე აგებს პარადიგმებს; აზიმუტებს იმ გზისა, რომელიც რეალურად ყალბია და ამის გამოაშკარავების მერე იწყებს გაუთავებელ თავის მართლებას.
რატომ გამახსენდა თბილისობის ნაცრისფერ, სველ და უღიმღამო დილას სიყვარულის ფილოსოფიის და ადამიანთა უგუნურობის ყველაზე დიდი პანოს შემქმნელი სტენდალი? იმიტომ, რომ ეს მარტო სიყვარულში კი არა, ეკონომიკაში გადმოვიდა. ეს სენი ებოლას ფარფატა და საკმაოდ ძვირიანი ვირუსივით მოედო მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანასაც.
უცებ გავიღვიძეთ და წარმოვიდგინეთ – რამდენ ხალხს უჭირს სოციალურად საქართველოში და დავიწყეთ ოცნება იმაზე, თუ როგორი კარგი იქნებოდა, რომ… აქ დაიწყო შაბლონების ცვენა: ბაღი უფასოდ; სკოლა უფასოდ; სახელმძღვანელოები უფასოდ; ჯანდაცვა უფასოდ; უმწეოთა და ლტოლვილთა დახმარება გაზრდილი და კიდევ დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც ისე ლოდებივით ჩამოჰკიდებია ჩვენი ეკონომიკის კიდურებს და ხელს უშლის მის წინ მოძრაობას, როგორც სტელნდალის გმირებს ზნეობრივი სიყვარულის და ზნეობრივი ცხოვრების თუ ჭეშმარიტების დოგმებში ძიების იდეა.
იცოცხლე! კარგია სოციალიზმი, მაგარამ ძალიან ძვირი ჯდება! და რადგანაც ამ ეტაპზე სხვა ფინასური წყარო არ გვაქვს, დროა სოციალურ გამოთანაბრებაზე ოცნებას შევეშვათ და რელური სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედოთ. გავთავისუფლდეთ დოგმებისაგან, რეალურ რესურსებზე და ღირებულებეზე დაფუძნებული პარადიგმები შევქმნათ და ჩვენ თავს ქვეცნობიერში მაინც ვუთხრათ გულწფრელად სიმართლე. სიმართლე იმაზე, რომ მსოფლიო შეატორტმანა ნავთობის ფასების ვარდნამ. თითქმის 30 დოლარით შემცირდა ბარელზე მისი ღირებულება, მაგრამ საქართველოში ჯიუტად იმავე ადგილზეა, სადაც 4-5 თვის წინ იყო. უფრო მეტიც, „ვისოლში“ „სუპერის“ ფასმა კიდევ 2,24-მდე მოიმატა. როდის ვტყუოდით, ახლა თუ მაშინ და რას ვაპირებთ ხვალ? ინვესტიციებმა ჩვენზე გული აიყარეს და მგონი საერთოდ გადავავიწყდით კიდეც. რატომ? რას ვაპირებთ? ანტიტრასტული სამსახური შევქმენით, რომელიც დუმილის აღთქმამიცემულს ჰგავს, რას ვაკეთებთ? სამი წელია ბიუჯეტი 9 მილიარდს ირგვლივ ტრიალებს და მომავალი წლიდან საარჩევნო მარათონია, რას ვაპირებთ? გამიგონია, ტიტანიკის კიჩოზე, შეყვარებული ბოლო ბოთლ შამპანურს მიირთმევდა და მიჯნურს ეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნებაო! არა, ჩვენ ჯერ ტიტანიკზე არ ვართ და არც სტენდალის გმირი – ჟულიენი, რომელიც სიკვდილმისჯილთა საკანში ამხნევებს თავს „არფერია, ყველაფერი კარგად მიდის, არ ვკანკალებ“, მაგრამ GDP-ის თავით რომ ვერთობით, ცხადია.
იქნებ, სანამ დაზამთრებულა, უარვყოთ სტერეოტიპები; გავყვეთ არსებულ რელობას; დავიწყოთ სტრუქტურული რეფორმები და ვიყოთ გულწრფელები. დრო კი მართლაც ცოტაა, ცივა და ზამთარი კარს მოგვდგომია!!!