ემზარ ჯგერენაია: “ჩემთვის, საყდრისი-ყაჩაღიანის გვირაბში საინტერესო არაფერი იყო”

4

საყდრისი – ყაჩაღიანის მთა, რომელიც იურიდიულად ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის საკუთრება, დაახლოებით 8 თვეა თავის დროზე კანონით მინიჭებულ ლიცენზირებულ საქმიანობას ვერ ახორციელებს. ყაჩაღიანის გვირაბი საბოლოო ვერდიქტს სასამართლოსგან ელოდება. გასულ კვირას ექსპერტთა ჯგუფმა სადავო ტერიტორია დაათვალიერა და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

“მე კიდევ ერთხელ მოუსმინე იმ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გეოლოგებს და იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გეოლოგიაში, სამთო ქიმიაში და “მაინინგის” ბიზნესში არიან ჩართულები. გულწრფელად გეუბნებით, ყველა ქართველი განიცდის, როცა ლაპარაკია ყაჩაღიანზე. გარკვეული წარმოდგენა მაქვს ამ გეოლოგიურ პროცესებზე, თუმცა, დღეს ჩემი თვალით ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ისეთი ხელშესახები, თეორიული ვარიანტიც კი რომელიც დაადასტურებდა ეჭვს, რომ საყდრისი უძველესი საბადო იყო, ვერ ვნახე.” აცხადებს “გურია ნიუსთან” ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.

სპეციალისტები საუბრობენ, რომ გვირაბში არსებული ნაპრალით დასტურდება ძეგლის უნიკალურობა, თქვენ რას იტყვით ამაზე?

ბორცვზეც ვიყავი ასული, ნაპრალს ზევიდანაც შევხედე და გვირაბშიც შევედი. 80-იანი წლების გვირაბს თუ არ ჩავთვლით, იმ ნაპრალში ადამიანის მიერ მადნის მოპოვების რამე ნიშანი რომ ყოფილიყო, აუცილებლად კლდეში დარჩებოდა, როგორც ადამიანის ზემოქმედების ნიმუში. მე არ ვიცი როგორ აღმოჩნდა იქ ნახშირის ნაწილი, მაგრამ წარმოიდგინეთ, ტონიანი ლოდი რომ დაამუშავო და გაახურო, უზარმაზარი ცეცხლი უნდა დაანთო. გვირაბში კი ცეცხლის დასანთები ადგილიც არ არის, სანთლით კი ტონიან ლოდს ვერ გაახურებთ. სამწუხაროდ, ჰიპოთეზა იმისა რომ, იმ ადგილას კვარციტულ ქანებს აცხელებდნენ, შემდეგ წყლით აცივებდნენ, რის გამოც ჩნდებოდა ბზარი, შემდეგ შლიდნენ და მერე ნელა-ნელა გამოჰქონდათ, ამის არცერთი ნაკვალევი არ არის.

მე, პიროვნულად მომწონს ეჭვი, რომ აქ სამთო მადანს მოიპოვებდნენ, მაგრამ არც ის მინდა მსოფლიოს თვალში ჭორიკანა გამოვჩნდეთ, არარსებული გამოვიგონოთ. რაც საყდრისის ბორცვსა და გვირაბში ვნახე, იმის შემდეგ ეჭვი მეპარება გერმანელი მეცნიერ შტოლნერშიც. ნანახის შემდეგ იმასაც ვფიქრობ, ხომ არ არის ეს დადგმული სპექტაკლი იმისთვის, რომ ამ საკითხის ირგვლივ გრანტებმა იტრიალოს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მე სიამოვნებით გამოვეკიდებოდი ეჭვებს, რომ მსოფლიოში პირველები ვართ ოქროს მოპოვებაში, მაგრამ, ყაჩაღიანის გვირაბში თეორიულად ამის ვერცერთი ნაწილი ვერ ვნახე. იქ ადამიანი ვერ შევიდოდა და თუ შევიდოდა, ვერ იმუშავებდა. ცეცხლს ვერ დაანთებდა და მადანს ვერ გაადნობდა. რომ გაედნო, კვალი დარჩებოდა. ბევრი ისეთი კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა აუცილებელია.

იქ ერთი ნახშირის კია არა, ნახშირის გროვა უნდა ყოფილიყო. შეშას არ აქვს ისეთი წვის ენერგია. ჩვენ უნდა დავთვალოთ 1 კუბი შეშა რომ დავწვათ, რა ენერგიას მოგვცემს და როგორი სისწრაფით. რადგან, თუ ამას ახურებ ძალიან სწრაფად, ცეცხლი უნდა დაანთო, თან დაუბერო, ზემოქმედება მოახდინო, ქვა უნდა გაიბეროს, გაიწმინდოს და გასკდეს. ამას იქ ვერავინ ვერ მოახერხებდა. 1 კუბი შეშა რომ დაანთოთ, ადგილი ხომ ჭირდება? მარტო ცეცხლის დანთება არაფერს არ გვაძლევს, დავუშვათ ჩვენ ეს ამოვიღეთ 5000 წლის უკან, ფუღურო ხომ დარჩებოდა? მერე ლოდიც ხომ უნდა ამოგვეგლიჯა, სადაც მეორე ფუღურო დარჩებოდა. ანუ, მე, კვალი თუ ვერ ვნახე, კი ბატონო დაუშვათ ამოგლიჯეს ქვა, მანახეთ ადგილი, სადაც ამოგლიჯეს ქვა, სად ამოიღეს მადანი?! სამწუხაროდ, სანამ აქაურობას დავათვალიერებდი, მეგონა, რომ სტუდენტებისა და მეცნიერების გვერდით დავდგებოდი. მე თვითონ მეცნიერი ვარ და ვიცი რა საშინელებაა კვლევა, მაგრამ დაშვების დონეზეც კი ვერაფერი ვნახე. ჩემთვის, სყდრისი-ყაჩაღიანის გვირაბში საინტერესო არაფერი იყო.

არის ადამიანთა და მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ამბობენ, რომ ყაჩაღიანის გვირაბი არის უძველესი ოქროს მაღარო და ეს არის უნიკალური ძეგლი.

მე ძალიან დიდი პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან, თუმცა, ზემოთ ვახსენე და ისევ გავიმეორებ, გერმანელ მეცნიერ შტოლნერში ეჭვი მეპარება. მის რეპუტაციაზეც მსმენია არცთუ სასიამოვნო რაღაცები. თუმცა, ხდება ასეთი ამბები ისეთ პატარა ქვეყანში, როგორიც საქართველოა. ვფიქრობ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აქ უძველესი ოქროს მაღარო იყო, ვერ წარმოადგინეს იმის ელემენტარული მტკიცებულებაც კი, რომ ყაჩაღიანის გვირაბში, სადმე, სადაც ჩვენ ვიყავით, ერთი ან ორი გრამი ოქრო მოწყვეტილიყო. წარმოიდგინეთ, ძარღვი მოდის ქვევიდან, თუ აქ 5000 წლის უკან ოქრო მოიპოვებოდა, უფრო მეტი კვალი უნდა დაეტოვებინათ.

იმის გამო, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის საკითხი სადავო გახდა, 8 თვეა გაჩერებულია. თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი?

ჩვენ, ერთმანეთს მუშტის ენით არ უნდა ველაპარაკოთ. მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტების ენით. ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა არავისთვის არის კარგი. კანონმა უნდა იკანონოს და სახელმწიფო უნდა იყოს სახელმწიფო. უნდა გაყიდოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით. თუ ეს არ იყო გასაყიდი, რატომ გაყიდა სახელმწიფომ ლიცენზია?! თუ გაყიდე, უნდა უპატრონო. სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა. ჩვენ თუ ასე მოვექცევით ინვესტორს, ის წავა. მე ფინანსისტი ვარ და ინვესტორს სხვა კუთხით ვუყურებ.

მე მგონია, რომ ინვესტორს ტყუილად აჩერებენ. თუმცა, მოვუწოდებ ინვესტორს, ის პატარა პეიზაჟი, რაც საყდრისის ბორცვზე, ხის ირგვლივ არის კონსტრუქციულად გადმოვიტანოთ და მუზეუმი გავაკეთოთ.

წყარო: http://www.gurianews.com/

Comments

comments