April 2, 2014
ემზარ ჯგერენაია თბილისის საფონდო ბირჟის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს
როგორც ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, მას შემდეგ, რაც საფონდო ბირჟა ფეხზე დადგება, ინვესტორი გაცილებით თამამად დააბანდებს ფულს.
“ინვესტიციების ყველაზე მართებული, გამჭვირვალე და არაკორუმპირებული ფორმა არის პორტფელური ინვესტიციები და ჩვენი საფონდო ბირჟა უნდა გაცოცხლდეს. თუ საფონდო ბირჟა არ იქნება სიცოცხლისუნარიანი, ბრუნვის მაჩვენებლებით და სხვადასხვა კუთხით, მომავალში გაგვიძნელდება საპენსიო ან ჯანდაცვის რეფორმაზე ვილაპარაკოთ, უფრო მეტიც, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკამ დაადასტურა, რომ აუცილებელია საფონდო ბირჟის ფეხზე დაყენება. ამას ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევენ ბანკები, რადგან ეს არის ბანკის კონკურენტი მხარე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ 10 ათასი ლარი და მისი დაბანდება გინდათ. ორი არჩევანი გაქვთ: ან უნდა წაიღოთ ბანკში და დეპოზიტზე დადოთ, ან საფონდო ბირჟაზე შეიძინოთ, ვთქვათ, “ხუდონჰესის” აქციები. დღესდღეობით საფონდო ბირჟის სავალალო მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებული, რომ მას მართავენ სწორედ კონკურენტები, რაც ნონსენსია, ამიტომ აუცილებელია მისი განვითარება. შემდეგ უკვე ამ გამჭვირვალე ორგანიზაციაში ინვესტორი მივა გაცილებით თამამად, გაცილებით მეტ ფულს ჩადებს და უფრო მეტიც, შიდა დაგროვების ნაწილი გადავა ამ ინვესტირების არხებში. ინვესტიცია თავისით მოვა მხოლოდ მაშინ, როცა თბილისის საფონდო ბირჟას შეიძენს როგორც პირებს, Nasdaq OMX და ჩვენ ვიქნებით საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი და აღიარებული. თუ ამას არ გავაკეთებთ, არასდროს გვექნება ასპარეზი, შიდა ინვესტიცია ვაქციოთ ფულად, შიდა დაროვება ინვესტიციად და გარე ინვესტიცია მივამართოთ საფინანსო-საპორტფელო ნაწილში ისეთ დონეზე, რომ ყოველგვარი მთავრობის ჩარევის გარეშე მოხდეს მისი ინვესტირება. პირდაპირი ინვესტიციის დროს მსხვილი ინვესტორი მიდის მთავრობასთან და ეუბნება, რომ რაღაცის გაკეთებას ვაპირებ და შემიწყობთ თუ არა ხელსო. ეს რგოლი რომ მოვსპოთ, აუცილებელია, პირველ რიგში, საფონდო ბირჟის განვითარება”, – განაცხადა ჯგერენაიამ.
მისივე თქმით, დღეს თბილისის საფონდო ბირჟა არსებობს, თუმცა ცუდ მდგომარეობაშია და სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. კერძოდ, ჯგერენაიას განმარტებით, ხელისუფლებას შეუძლია, რამდენიმე რეგულაცია მიიღოს ბირჟის მართვასთან დაკავშირებით, რაც საკმარისი იქნება.
ნათია რთველიაშვილი
წყარო: www.pia.ge