“200 მილიონი, რომელსაც მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმის სახით მიიღებს, ბაზრის სტიმულირებას მოახდენს”

200 milioni romelsats mosakhleoba daubegravi minimumis sakhit miighebs bazris stimulirebas moakhdens 9569
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ “პირველ პრესკლუბში” მცირეხელფასიანი მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნების ინიციატივა შეაფასა.

“ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლეთა წლიური შემოსავალი 6 ათას ლარამდეა, ეს კი საქართველოში დასაქმებულ ადამიანთა მნიშვნელოვანი კონტიგენტია. თანხა 200 მილიონზე მეტია, რაც საკმაოდ სერიოზული ზეწოლაა ბიზნესზე, თუმცა 360 ლარი გარკვეული დახმარებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ თანხას ურიცხავენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ მიღებული ხელფასიდან ნაწილი – 150 ლარი არ იბეგრება. ეს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, ასეთი ხისტი დაბეგვრა, როგორიც ჩვენ გვაქვს, 20% და მეტი არაფერი, არ არის ბევრ ქვეყანაში, სადაც ითვალისწინებენ პროგრესულ შკალას შემოსავლების მიხედვით, დაბალშემოსავლიანიდან მაღალშემოსავლიანისკენ. ეს ერთ-ერთი ჰუმანური აქტია, როდესაც დაბალშემოსავლიანის ხელფასიდან რაღაც ნაწილი არ იბეგრება. ვფიქრობ, ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია. მეორე ნაწილია, რომ ადამიანებს აჩვევენ საგადასახადოსთან ურთიერთობას, ეს იქნება დეკლარაციის შევსება, ანგარიშის გახსნა თუ სხვა პროცედურები, რომელიც სჭირდება ამ ოპერაციას”, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 200 მილიონი, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის სახით გაიცემა, ბიუჯეტისთვის გარკვეული ტვირთი იქნება, თუმცა მოსახლეობა აღნიშნულ თანხას ისევ ბაზარზე დახარჯავს, რაც ეკონომიკის პროვოცირებას გააკეთებს.

“200 მილიონი გარკვეული ტვირთი იქნება ბიუჯეტისთვის, თუმცა უშუალოდ ეკონომიკას ვერ დააზარალებს, რადგან ეს ჩადებული იყო ბიუჯეტში. ეს 2013 წელს მიღებული თანხაა. 2013 წელს ეს ბიუჯეტმა უკვე მიიღო და შესაბამისად, ალბათ, გამოიყენა თავის ხარჯებში. ახლა ამ თანხას მოსახლეობა მიღებს, ისევ ბაზარზე დახარჯავს და ბაზარს მიემატება კიდევ საბრუნავი თანხები. ამ მხრივ, ეს 200 მილიონი ეკონომიკის პროვიცირებას გააკეთებს და ბაზარზე იქნება, როგორც დაფინანსების ნაწილი. ამით ბაზარს მოთხოვნა შეემატება”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან მოქალაქეებს, რომელთა ხელფასი წლიურად 6000 ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმის სახით გარკვეული თანხის უკან დაბრუნება შეუძლიათ.

ნათია რთველიაშვილი
წყარო: www.pia.ge

Comments

comments