“საბანკო სექტორი იქნება ისეთივე მყარი, როგორიც არის დღეს”

ინტერვიუ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემზარ ჯგერენაიასთან

რა მდგომარეობაშია დღეს ქართული საბანკო სექტორი, როგორც „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, დღეს ქართული საბანკო სისტემა განადგურებულია. თქვენ როგორ გგონიათ?
არავითარ განადგურებაზე ლაპარაკი არ არის. მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ საბანკო სექტორი ფაქიზი თემაა და მას ფაქიზად უნდა მოვეპყროთ, თუმცა საქმიანი კრიტიკა ჩვენს საბანკო სექტორს არ აწყენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმის თქმა, რომ საბანკო სექტორი განადგურებულია, ძალიან გადაჭარბებულია.

დღეს იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცას პასუხისმგებლობა მოუწევს – ვგულისხმობ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბევრ ქართველ ბანკირს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. მსგავსმა საუბრებმა შეიძლება თუ არა რაიმე სახის საფრთხე მიაყენოს საბანკო სისტემის სტაბილურობას?
არა მგონია, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორი ეკონომიკის ძალიან სენსიტიური მიმართულებაა. პასუხისმგებლობა ნებისმიერს მოუწევს თუ ეს საჭირო გახდება და თუ ეს დაკავშირებული იქნება რაიმე კანონდარღვევასთან. საბანკო სექტორი ძალიან მყარია საქართველოში, საკმაოდ გამჭვირვალეა და მე ეჭვი მეპარება რამე დიდ კატაკლიზმებთან გვქონდეს საქმე. ამას საერთოდ გამოვრიცხავ. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საბანკო სექტორი იქნება ისეთივე მყარი, როგორიც არის დღეს. აქ სხვა პრობლემებია, ვიდრე სიმყარე და ასე შემდეგ.

ანუ საუბარი შესაძლო რევანშზე უნდა გამოვრიცხოთ?

თუ რომელიმე იურიდიულ პირს თავისი უფლების აღდგენა უნდა, ამაზე იურიდიულად მიმართავს მას, ვინც ეს უფლება შეულახა და პასუხს მოსთხოვს, მაგრამ საბანკო სექტორს არაფერი არ ემუქრება. ის იქნება სტაბილური და აბსოლუტურად ჯანსაღი იმიტომ, რომ აქ არავითარ რევანშზე არ არის საუბარი.

ბოლო ორი დღეა საკმაოდ აქტიურად მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტმა აქციები სრულად გაყიდა, ჯამში ეს 300 000–ზე მეტი აქცია იყო, 8 მილიონის საერთო ღირებულებით. „საქართველოს ბანკში„ აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია. რატომ შეიძლება გაეყიდა ბანკის მენეჯმენტს ასე ერთბაშად აქციები? შესაძლებელია თუ არა, რომ მათ ჰქონოდათ ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საბანკო სექტორს რაიმე სახის პრობლემები შეიძლება შეექმნას? 

შეიძლება აქციონერების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ აქციები გაეყიდათ იმიტომ, რომ მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესი, როდესაც ბანკების მენეჯმენტში აუქციონების სახით გადასული აქციებია და სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა სახით აქვს ამის მართვა მოწყობილი. მაგალითად, უცხოეთში თქვენ ვერ გაანაღდებთ ამას, სანამ ბანკში მუშაობთ იმიტომ, რომ გქონდეთ ინტერესი ჩადებული. ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს შიდა ორგანიზაციულ საკითხებთან არის დაკავშირებული და აქციონერებმა თავად დაათმობინეს იმიტომ, რომ მეტ ყურადღებას უთმობენ არა ბაზრის პროცენტის ზრდას, არამედ საკუთარი მოგების დაფიქსირებას, რითიც დივიდენდებს ღებულობენ და აქედან გამომდინარე, არასწორ პოლიტიკას ახორციელებენ. მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ კოტირებადია მათი აქციები და უკმაყოფილო იყო აქციონერების ნაწილი იმ მიღწევებით, რაც ჰქონდათ და უთხრეს, გაყიდეთ აქციები იმიტომ, რომ თქვენი მუშაობა არ გვაკმაყოფილებსო. ერთი სიტყვით, ამ გადაწყვეტილებას შეიძლება სხვადასხვა საფუძველი ჰქონდეს.

ვაცხადებ, რომ ის აზრი, რომ საქართველოში რამე შეიძლება მოხდეს და ამის გამო უნდა გავყიდოთ, არამგონია რაიმე საერთო ჰქონდეს სიმართლესთან. ეს არ არის ინსაიდერული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს საბანკო სექტორის სიმყარეს არაფერი არ ემუქრება.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments