მაკულატურა ნიჰილისტებისთვის

 

 

 

 

 

”ბევრად მომგებიანია ჩადოთ ერთი დოლარი პრესაში, ვიდრე ათი დოლარი იარაღში: იარაღი არასოდეს დაილაპარაკებს, ხოლო პრესა დილიდან საღამომდე არ ჩუმდება” რიჩარდ ნიქსონი

ავტორი: სოფიკო სიჭინავა


თბილისის მერიის პროექტს ”მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა” ქალაქში, კერძოდ კი, მის ცენტრალურ უბნებში, სადაც ვაჭრობა სხვა უბნებთან შედარებით ბიზნესისთვის შედარებით მომგებიანია, პრესის გავრცელების 1000 ჯიხური შეეწირება.

საქართველოს პრესის ასოციაციამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც არა ერთი პერიოდული გამოცემა აწერს ხელს, სადაც ვკითხულობთ, რომ ეს ქმედება მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას და რომ ბოლო წლებში ხელისუფლება არაერთხელ შეეცადა თავისუფალი პრესის კონტროლქვეშ მოქცევას. ჯიხურების აღება, გამომცემლების განცხადებით, უკვე დაეტყო ქართული ბეჭდური მედიის ტირაჟებს.
ტირაჟის შემცირება ბეჭდურ მედიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს, რადგან ჟურნალ-გაზეთების არსებობის წყარო ტირაჟის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი და რეკლამიდან მიღებული თანხებია. მოზიდული რეკლამის მოცულობაც, კლასიკური გაგებით, სწორედ ტირაჟიდან გამომდინარეობს _ რაც უფრო დიდია ტირაჟი, მით მეტია გამოცემის საბაზრო გავლენა და ძალა. ოპონენტები აცხადებენ, რომ პრესაც ისეთივე პროდუქტია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, რომელიც შეიძლება დახლზე დადო და გაიყიდოს _ თუ იქნება მოთხოვნა, გაჩნდება მიწოდებაც. ამ ბატალიებმა ბუნებრივად გააჩინა კითხვები: რა შეიძლება შეიცვალოს 1000 ჯიხურის აღებით, რამდენად შეიძლება ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა გამომცემლებისთვის განვიხილოთ ბიზნესად, რა ასაზრდოებს ჩვენს საზოგადოებაში ბეჭდურ მედიას და რა არის თანამედროვე თავისუფალი პრესა _ საზოგადოების დაკვეთა თუ პირიქით, საზოგადოება იღებს მას, რასაც აწვდიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები?
კომუნისტების დროს ჟურნალ-გაზეთებს ეწერა თუ რა ტირაჟით იბეჭდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ჩანაწერი ამ პროდუქტიდან გაქრა. ის, ასე ვთქვათ, კომერციულ საიდუმლოებად გადაიქცა და რეალურად, არავინ იცის რომელი გამოცემა რა ტირაჟით გამოდის (ცალკე თემაა თუ რამდენი იყიდება). აქედან გამომდინარე, როგორია მათი საბაზრო გავლენა და ძალა, ესეც არავინ იცის. ეს საიდუმლო ცნობილია სტამბებისთვის და პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციებისთვის, რომლისთვისაც გაზეთი უკვე მზა პროდუქტია და მისთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რომელი გამოცემა რა რაოდენობით გაიყიდება, მთავარია, მთლიანობაში ბევრი გაიყიდოს, რომ მან მოგება მიიღოს, რადგან პროდუქტის ღირებულებიდან 25-30% მისი კუთვნილებაა.
თუკი გამოცემას ტირაჟი მითითებული აქვს, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია ის სინამდვილეს სულაც არ შეეფერებოდეს, ანუ რეალურად იყოს ბევრად ნაკლები. თუმცა, ხშირად მოისმენთ გამომცემლებისგან არარეალურ ციფრებს. ეს ციფრები ბაზარზე გავლენის დემონსტრირებისთვის არის საჭირო, რომ მეტი რეკლამის შემკვეთი მიიზიდონ. თუ გაზეთი პოპულარულია მკითხველებს შორის, ბუნებრივია, მე, როგორც ბიზნესმენი, დაინტერესებული ვარ ჩემი რეკლამის ტირაჟირებითაც. მაგრამ ხდება თუ არა საქართველოში ასე, ახდენს თუ არა გავლენას ტირაჟი რეკლამაზე, რა ხდება ბიზნესში პრესასთან დამოკიდებულების კუთხით?
ემზარ ჯგერენაია: ”საქართველოში და სხვა განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის უმრავლესობა მონოპოლიზებულია, მონოპოლისტური ბიზნესის გაზრდა-შემცირებას, საქმიანობისთვის მოსალოდნელ რისკებს, ცვლილებებს ბაზარი არ წყვეტს, ეს წყდება პოლიტიკურ კულუარებში. ბუნებრივია, ასეთ ბიზნესს პრესა არანაირად არ აინტერესებს თავისი სიახლეებით იმის შესახებ, თუ რას საქმიანობენ მისი კონკურენტები, რა ახალი ტექნოლოგიები ინერგება, როგორია ფასების დინამიკა, მსოფლიო ტენდენციები, რა ახალი მომსახურებებია და ა.შ. მისი ინტერესი მხოლოდ ის არის, გაიგოს, მთავრობა რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით და ბაზრის რა წილს გამოუყოფენ.
რეალობა ის არის, რომ გაქრა თავისუფალი ბაზარი, რომელიც ერთად ერთი წყაროა ქვეყნის განვითარების, გაქრა რეალური კონკურენცია, რომელიც საზოგადოების განვითარების წყაროა და ქრება დემოკრატია, რომელიც თვითშემოქმედი და თვითმმართველი საზოგადოებაა, მარტო ხმის მიცემა და არჩევნების ჩატარება არ არის დემოკრატია, არამედ _ საზოგადოების განწყობილება, ის უნდა გრძნობდეს მმართველად თავს. აქედან გამომდინარე, პრესა, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს თავისუფალ ბაზარს, არ არსებობს. პრესას ბაზარზე გავლენის გამო, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე აღარავინ აფინანსებს”.

რეკლამა უფასოდ
”ის, რაც ყოველდღიური გაზეთის გამოშვებისთვის საჭიროა, ეს არის პატივმოყვარეობა, პატიოსნება და 10 000 000 დოლარი”
ჰენრი მორგანი


რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია ”მაესტროს” გადაცემამ ”აკრედიტაციის გარეშე”  ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. ცნობილ, დიდ კომპანიებს არხის ეთერში უფასო რეკლამა შესთავაზა, მაგრამ ყველა კომპანიისგან უარი მიიღო. ტელეკომპანია ”მაესტრო” ოფიციალურ გამოკითხვებშიც კი ერთ-ერთი ლიდერია პოპულარობისა და სანდოობის კუთხით, მაგრამ კომპანიებმა მაინც არ ისურვეს უფასო რეკლამა ამ არხზე. საინტერესოა, რით ხელმძღვანელობს ბიზნესი ასეთ შემთხვევებში?
ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: ”კლასიკური გაგებით, მედიამ რეკლამის ხარჯზე უნდა იცხოვროს. რეკლამის ღირებულება კი ითვლება პერიოდული გამოცემის ტირაჟიდან _ როგორი ზეგავლენა გაქვთ ბაზარზე, რამდენად ცნობადი ხართ და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას ტელევიზიის შესახებაც. მაგალითად, ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა ცნობილი ჟურნალის, ”ფორბსის” ქართული ვერსია, რომელიც ღირს 10 ლარი. გამოცემა უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი და აქედან გამომდინარე, პროდუქციის თვითღირებულება ძალიან მაღალია. რამდენი ადამიანი გეგულებათ ვინც დღეს ”ფორბსს” 10 ლარად სისტემატურად შეიძენს საქართველოში? ვინ უნდა იყიდოს ეს ჟურნალი, როცა მის კლიენტურას, პრესა ზოგადად არ აინტერესებს. ჟურნალს არ აქვს მითითებული რა ტირაჟით გამოდის. გაუგებარია, ასეთ შემთხვევებში რით ხელმძღვანელობს რეკლამის შემკვეთი, როცა უცნობია ტირაჟი, გამოცემის გავლენა საზოგადოებაზე, საბაზრო ძალა და ა.შ. რატომ უნდა გადავიხადო მაგალითად, 3-5 ათასი ლარი რეკლამაში, როცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხა გარკვეულ შედეგს მომიტანს. ჟურნალ ”ფორბსში” ბაზარზე გავლენისა და ცნობადობიდან გამომდინარე რეკლამა უნდა ღირდეს 100 დოლარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 99,9%-მა არც იცის, რომ ქართული ”ფორბსი” გამოდის. ყველამ მომიტევოს, მაგრამ პოლიგრაფიულად მაღალ დონეზე დაბეჭდილი ჟურნალების ადგილი საქართველო ნამდვილად არ არის. ეს ფუფუნება არ აქვს 4-მილიონიან ქვეყანას, რომლიდანაც მილიონზე მეტი თბილისში ცხოვრობს. მისი ბაზარი შემოიფარგლება 10 000 ადამიანით.
დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჩინოსანს, ბიზნესმენს, პოლიტიკოსს არ ექნება წაკითხული ჟურნალი ”ფორბსი”, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანს შეიძლება მაგიდაზე ედოს არა მხოლოდ ქართული, არამედ ინგლისური, რუსული და შეიძლება თურქული ”ფორბსიც”, ასევე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ და Financial Times-იც, მაგრამ გადაფურცლულიც არ ექნება.
ასევე გაუგებარია, რატომ იხარჯება კომპანიების მხრიდან თანხები ისეთ გაზეთებში, როგორიცაა Financial, Georgia Today, რომლებიც უფასოდ რიგდება სასტუმროების ქსელებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მათი მკითხველი, ხშირ შემთხვევაში, არავინაა. იგივე, გაუგებარია, რატომ იხდის ვთქვათ, ”მადნეული” და გნებავთ, ”სოკარი” ბეჭდურ მედიაში რეკლამისთვის კოლოსალურ თანხებს, რა რეზონი უნდა მიიღონ მსგავსმა კომპანიებმა ამ სახის რეკლამიდან? ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ მიაქვს კერძო ბიზნესს ასეთ პერიოდულ გამოცემებში რეკლამა. ეს ბუნდოვანება კი აჩენს ეჭვებს, რომ ეს ხდება ვიღაცის დავალებით. ანუ კონკრეტული პერიოდული გამოცემის არსებობა ვიღაცის პოლიტიკური ნებაა”.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში არსებული მედია-საშუალებებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება და ნდობის ხარისხი შეისწავლა. 4 000 რესპოდენტის გამოკითხვის შედეგად IRI-მა მედიასაშუალებათა რეიტინგები შეადგინა, სადაც დაფიქსირებულია, რომელ მედიასაშუალებას იყენებს საქართველოს მოსახლეობა ინფორმაციის წყაროდ ან რომელი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიაჩნია ყველაზე სანდოდ.
IRI-ის კვლევის შედეგებით, რომელიც მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გახდა საჯარო, წელს საქართველოს მოსახლეობის 97% პოლიტიკურ ინფორმაციას ტელევიზიის საშუალებით იღებს, ხოლო გამოკითხულთა 28% პოლიტიკური ინფორმაციის წყაროდ გაზეთებში გამოქვეყნებულ მასალებს ასახელებს, ინფორმაციას ჟურნალებიდან გამოკითხულთა მხოლოდ 6% იღებს. როგორც ვხედავთ, ბეჭდური მედია საკმაოდ დაჩაგრულად გამოიყურება და მის საბაზრო გავლენაზე საუბარი, ცოტა ღიმილისმომგვრელიც კია.
პრესას დღეს სერიოზულად უჭირს. დაბალია მოსახლეობის მსყიდვეუნარიანობა, არადა, ცხოვრება ვითარდება, წინ მიდის და ახალი ტექნოლოგიები ბეჭდური მედიისგან მეტ ფულად, ადამიანურ და შრომით რესურსებს ითხოვენ. არ არის ადვილი ყოველივე ამას ფეხი აუწყო და მუდამ მოთხოვნებს პასუხობდე. მცირდება რეკლამის დამკვეთების რაოდენობაც, რომელმაც ბეჭდური გამოცემები უნდა ასაზრდოოს. მცირე ბიზნესს არ აქვს იმის ინტერესი და არც ფულადი რესურსი, რომ სარეკლამო ბიუჯეტი გამოყოს, ხოლო დიდი ბიზნესი გაურკვეველ სარეკლამო გათვლებს აკეთებს.
ემზარ ჯგერენაია: ”ჟურნალ-გაზეთების გამოშვება დღითი-დღე ძალიან ძვირი ხდება. იზრდება კონკურენცია, არსებობისთვის ბრძოლა მძაფრდება და მეტ ფულს ითხოვს. რაც უფრო იხვეწება ტექნოლოგიები, საქმიანობას მით მეტი თანხები სჭირდება. პრესა ხდება პოლიტიკის ერთგვარი დანამატი და იარაღი მის ხელში. ძალიან თვალშისაცემია ტენდენცია, რომ რაც უფრო მდიდარია ადამიანი, ის ნაკლებად კითხულობს პრესას, ხოლო რაც უფრო ღარიბი _ პირიქით. პოლიტიკა კი იმდენად ძვირადღირებული თემაა, შეუძლებელია ღარიბმა ადამიანმა შეძლოს აქ ასპარეზობა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსები მდიდრები არიან, მიუხედავად მათი დეკლარირებული ქონებისა. მათი პრესისადმი გულგრილობა მხოლოდ ერთი რამით აიხსნება _ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე ღარიბ ადამიანზე მეტად მიუწვდებათ ხელი და კულუარულად იციან რაც ხდება. ღარიბი კი ცდილობს მეტი იკითხოს, მეტს მოსუმინოს, რომ არაფერი გამორჩეს და წარმოდგენა შეექმნას რა ხდება ამ ქვეყნად. პრესის ზეგავლენის თემა მდიდარი ადამიანებისთვის ღიმილის მომგვრელია, რადგან მსოფლიოში პრესა დიდ კრიზისს განიცდის და არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკას სჭირდება”.

ეკონომისტების ”ზღაპრებს” აღარ უსმენენ, ძალაუფლება პოლიტიკოსებმა აიღეს

”ჩვენი ეპოქა სახიფათოდ თამაშობს ბეჭდვითი ძალებით, რომელიც ფეთქებად ნივთიერებებზე საშიშია”
ალფონს დოდე


დღეს არა მარტო განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებში თვალშისაცემი გახდა ერთი, მეტად სამწუხარო ტენდენცია: პოლიტიკა და ეკონომიკა იმდენად დაახლოვდნენ, რომ მათ შორის საზღვრები პრაქტიკულად მოიშალა და
პოლიტიკა ბიზნეს-რეგულაციებით დაკავდა.
ემზარ ჯგერენაია: ”რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ პოლიტიკა მხოლოდ თამაშის წესების განსაზღვრაა, ხოლო ბიზნესი სხვა, რეალურად, დღეს ბიზნესი კეთდება პოლიტიკურ დერეფნებში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში და პოლიტიკა თავიდან ბოლომდე ბიზნესით დაკავდა _ აქვს ამის პირდაპირი უფლება თუ შეფარვით ხორციელდება იგი. სმიტის ”უჩინარი ხელი” სადღაც გაიპარა. დღეს რაც მსოფლიოში ხდება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკოსების მხრიდან ბიზნეს-რეგულირება. ჩინეთმა წყალქვეშა ხომალდების მშენებლობა დაიწყო იმიტომ, რომ საკუთარი ბიზნესისთვის დაეჭირა მხარი, აშშ-ის ბიზნესი ძლიერი იქნება მანამ, სანამ ექნება სამხედრო ძლიერება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაზარი გახდა ხელოვნურად მართვადი”.
ბოლო დროს მსოფლიო ბაზრების განწყობაც ძლიერ დამოკიდებული გახდა პოლიტიკოსებზე. თუკი ადრე სიტუაციას მართავდნენ: ფედერალური სარეზერვო სისტემა, ცენტრალური ბანკები და საფინანსო უწყებები, ახლა კაპიტალის მამოძრავებელ ძალად იქცა ცალკეული ფიგურების განცხადებები და თუნდაც მინიშნებები. სწორედ ასე სკანდალური აშშ-სთვის რეიტინგის შემცირება, რომელმაც ბაზრებზე სამკვირიანი ქაოსი გამოიწვია, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის პოლიტიკურმა განხეთქილებამ გამოიწვია. უკვე ყველა მიეჩვია, რომ, მაგალითად, თუკი ანგელა მერკელი მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმდება, მაშინ ევროს კურსი დოლართან მიმართებაში დაეცემა ან გაიზრდება, გააჩნია, რასთან დაკავშირებით გაჩუმდა იგი.
გარდა ამისა, მმართველობის პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელების გარშემო მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება, ცივი ომის შემდგომ, ოპტიმიზმს იმის თაობაზე, რომ დემოკრატია უპირატესი მმართველობის ფორმაა, დღეს თითქოს ყავლი გაუვიდა. ავტოკრატიებმა, სადაც სახელმწიფო სექტორს კერძო ინტერესები აკონტროლებს, ხოლო მმართველი პოლიტიკური პარტია და სახელმწიფო სექტორი ერთი ორგანიზმია, ბევრისთვის მიმზიდველი ეკონომიკური მოდელები შექმნეს. სინგაპური, რუსეთი და ჩინეთი ასეთი მმართველობების კარგი მაგალითებია.
ჟურნალ ”ეკონომისტის” ”დემოკრატიის ინდექსის” მიხედვით, 2008 წლიდან ”დემოკრატიის უკუსვლა” დაიწყო. თუ 2008 წლამდე დემოკრატიული ქვეყნების რიცხვისა და დემოკრატიის ხარისხის განუხრელი ზრდა შეინიშნებოდა, 2008 წელს პირველად დაფიქსირდა სტაგნაცია, ხოლო 2010 წლიდან დემოკრატიის ხარისხმა და დემოკრატიათა რაოდენობამ კლება დაიწყო. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, დემოკრატიის ხარისხი და თანამონაწილეობა შემცირდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში.
”დემოკრატიის უკუსვლის” პროცესი, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიდა ისეთი განვითარების მქონე ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რომლის მეოთხე ხელისუფლებას, როგორც არასდროს დამოუკიდებლობის ისტორიაში, შეეკვეცა გავლენის და ზემოქმედების ძალა. ძალიან რთული სათქმელია, როგორი მედია სჭირდება დღეს საქართველოს, რას ითხოვს საზოგადოება თუკი რაიმეს ითხოვს საერთოდ და სად არის მისი ადგილი თანამედროვე საქართველოში.
ემზარ ჯგერენაია: ”ჩემი ღრმა რწმენით, პრესა სჭირდება მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებას, რომელიც მართლა არის ამ ქვეყნის პატრონი, მართლა გრძნობს მის პირად მნიშვნელობას ამ ქვეყნის მმართველობაში და შეშფოთებულია ქვეყნის ბედ-იღბალით. მუდმივად ცდილობს, რამე არ გამორჩეს და ამისთვის სჭირდება გამჭვირვალე, მოუსყიდველი და პირუთვნელი პრესა, რომ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციაზე მიუწვდეს ხელი. რატომ ხდება, რომ უცხოეთში ბანკირი, ჰეჯ-ფონდის ტოპ-მენეჯერიც და მეწაღეც კითხულობს პრესას, მუდმივად თვალს ადევნებს Wall Street Journal-სა და Financial Times-ს. მას აინტერესებს, რა ხდება ბაზარზე, რა ხდება მათ აქციებთან დაკავშირებით, როგორც ტექნიკური ანალიზის კუთხით, ასევე ფუნდამენტალურის. გაზეთის სტრუქტურაც ამაზეა აწყობილი. მაგრამ, ადამიანი, როცა საზოგადოების მფლობელად არ გრძნობს თავს და არც ეს საზოგადოებაა ნამდვილი თვითმმართველი, ჩამოყალიბებული საზოგადოება, ადამიანს აღარ აინტერესებს რა ხდება ამ ქვეყნად და ტელევიზორში მოსმენილი ჭორებით ცხოვრობს. სწორედ ამ კატეგორიაზეა აგებული საქართველოში არსებული ტელევიზიების გადაცემები. ამას ემსახურება თანამედროვე პიარ-ტექნოლოგიებიც. ტელევიზიამ შეიძლება წარმოუდგენლად უმნიშვნელო დეტალი აქციოს მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად. მაგალითად, როგორ მოიტეხა ფეხი კახეთში ვიღაც გლეხმა, როგორ იჩხუბეს სამეგრელოში მეზობლებმა ღობის გადაადგილების გამო და ამას მიუძღვნან 10-10 წუთიანი სიუჟეტები. პრობლემა ის არის, რომ მიუხედავდ იმ შეურაცხოფისა, რომელსაც მას პიარ-ტექნოლოგი აყენებს, ადამიანი მაინც რთავს იმ არხზე, უსმენს იმ გადაცემას, რომელმაც მას სულში ჩააფურთხა. აქ უკვე გაურკვეველია, ეს არის საზოგადოების დაკვეთა თუ პიარ-ტექნოლოგიის შეთავაზება, განსაკუთრებით გაუგებარია, თუ გავიხსენებთ, რომ საზოგადოებას ხელი მიუწვდება სხვადასხვა არხებზე, მაგრამ ის მაინც ირჩევს იმ არხს, რომელიც მას შეურაცხოფას აყენებს, იმიტომ, რომ ის არ არის ქვეყნის გამგებელი, მას არ აინტერესებს რა ხდება ეკონომიკაში, პოლიტიკაში, საპენსიო რეფორმაში. ეს მისთვის მძიმე თემებია. რაც გინდა კარგი გააკეთოს მთავრობამ, ააშენოს გზები, ხიდები, გამჭვირვალე საზღვრები, გააუმჯობესოს კომუნიკაციები _ მისთვის ეს არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ მთავრობამ არ ჩადო კონვერტში და არ გამოუგზავნა ახლადგამომცხვარი პური. ასეთ ადამიანებს, ბუნებრივია, პრესა არ აინტერესებს”.

მჭიდროდ შეკრული წრედი
ზემოთ ვახსენეთ ტელეკომპანია ”მაესტროსთან” დაკავშირებული საინტერესო მაგალითი, რომელიც, ჩვენი აზრით, დიდ ხანს დარჩება იმის თვალსაჩინო ილუსტრაციად, როგორი პოლიტიზებულია ბიზნეს-გადაწყვეტილებები კომპანიებში. ისინი რეალურად თავიანთი სარეკლამო ბიუჯეტის განმკარგავებიც ვერ არიან. რაც შეეხება ”იმედსა” და ”რუსთავი2-ს”, მათ 20-20 წუთიანი სარეკლამო ჭრა აქვთ.
ამ ცოტა ხნის წინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ. ეს კვლევა IREX G-MEDIA პროგრამის ნაწილია, რომელიც USAID-ის მიერ ფინანსდება. ანგარიშის პრეზენტაცია 13 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ „მჭიდროდ შეკრული ქსელი“ ჩამოაყალიბეს.
ანგარიშში ვკითხულობთ: _ „სატელევიზიო რეკლამების გაყიდვების სახლი „ჯენერალ მედია“ ნაციონალური სატელევიზიო არხებზე სარეკლამო დროზე დე-ფაქტო მონოპოლიას ფლობს; თბილისის გარე რეკლამის სეგმენტში დომინანტი პოზიცია კი აუთდორ.ჯი-ს უკავია“.
დოკუმენტის მიხედვით, 2010 წელს სატელევიზიო რეკლამებზე დახარჯული თანხის მთლიანმა ოდენობამ 61 მილიონ 800 ათასი ლარი (40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) შეადგინა. ამ თანხის 78% ძირითადად ორ კერძო ნაციონალურ ტელეკომპანიაზე _ „რუსთავი2“-სა და „იმედზე“ განაწილდა.
კვლევის თანახმად, 2010 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე ორი კომპანია დომინირებდა. ერთ-ერთია „თაჩ მედია“, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგური კომპანიის „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ნაწილი იყო და სარეკლამო დროს „იმედზე“ ჰყიდდა. მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე ხელმძღვანელობს. კომპანიის 90%-ის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული „რააკ ჯორჯია ჰოლდინგია“. მეორე დომინანტ კომპანიას გაყიდვების სახლი „მედია ჰაუსი“ წარმოადგენდა, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობდა. 2011 წლის დასაწყისში „თაჩ მედია“ და „მედია ჰაუსი“ შერყწმის შედეგად „ჯენერალ მედია“ ჩამოყალიბდა.
კვლევის თანაავტორის ლიკა ბასილაია-შავგულიძის თქმით, ეს ერთი შეხედვით ჩახლართული სქემა ძალიან კარგად მუშაობს.
„ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ ამ ჭკვიანური სქემით მთლიანად მედიასივრცეში ფინანსური ნაკადები ისე ნაწილდება, რომ თანხები შემთხვევით არ მოხვდეს სრულიად დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში. ეს სიტუაცია უპირველესად ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, პლურალიზმსა და კონკურენტუნარიანობას აფერხებს”.
თავად კვლევაში ოპოზიციურ ტელეკომპანიებად მიჩნეული „მაესტროსა“ და „კავკასიის“ ხელმძღვანელები იხსენებენ შემთხვევებს, როცა რეკლამის დამკვეთებს მათთან დადებული კონტრაქტები, პოლიტიკური ზეწოლის გამო, რამდენიმე დღეში გაუუქმებიათ.
ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ტელეკომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებული კითხვები ნაწილობრივ მოიხსნება 2012 წლის 1-ლი იანვრიდან, როდესაც ამოქმედდება ახალი კანონი. ამ კანონით, მედიასაშუალებები ვალდებულნი იქნებიან კომისიაში წარადგინონ შესაბამისობის დეკლარაციები. „ძალიან საინტერესო სურათს მივიღებთ, გავიგებთ, ვინ არიან მედიამფლობელები და რა ფულს დებენ ისინი თავიაანთ კომპანიებში“, _ განაცხადა ქორიძემ.

ნიჰილზმში დაკარგულები
”პრესა ქაღალდის სინდისია”
მალკომ მაგერიჯი
ცნობილი ამერიკელი მკვლევარი პოინტერის უნივერსიტეტიდან, რ. სტილი მიიჩნევს, რომ მედია სოციალურ ცვლილებათა კატალიზატორად უნდა იქცეს და დაეხმაროს ადამიანებს მათი ცხოვრებისეული პრობლემების დანახვასა და გადაჭრაში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მისიაა და საინტერესოა, ამ გადასახედიდან რამდენად პასუხობს თანამედროვე ქართული მედია მოთხოვნებს. სამწუხაროა, მაგრამ დღეს ყველაზე გაყიდვადი ჟურნალ-გაზეთები ყვითელ პრესად ინათლება. იგია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, განსაკუთრებით რეგიონებში. ყვითელი პრესა ნამდვილად ვერ შეძლებს იტვირთოს სოციალური ცვლილებების კატალიზატორის როლი საზოგადოებაში.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბევრ გაზეთს, რომელიც საქართველოში გამოდის, თავისი მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს და ადვილად პოულობს გზას მკითხველთა გულებისკენ. სხვა თემაა, რამდენად მძლავრად არიან ისინი წარმოდგენილნი ბაზარზე და ქმნიან ამინდს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.
ემზარ ჯგერენაია: ”რა ხდება რეალურად, პრესა უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას თუ პოლიტიკოსების ხელში იგი ბერკეტია მოსახლეობის ზომბირებისთვის და თამაშის წესების კარნახისთვის? ამიტომ, ისმის კითხვა, პრესა ქმნის საზოგადოებას თუ საზოგადოება ქმნის პრესას”?
საზოგადოებას ზოგადად სჭირდება პირუთვნელი პრესა, მაგრამ თუკი საზოგადოება ვერ გრძნობს თავს მმართველად და საკუთარი თავის პატრონად, თუკი მას სისხლში აქვს გამჯდარი ნიჰილიზმი და ფიქრობს, რომ ჟურნალისტი საზოგადოებისთვის აქტუალურ თემაზე დაწერილი სტატიით მას მხოლოდ თავს აბეზრებს და ამით მას მძიმე ენაზე ელაპარაკება, გამოდის, რომ მედიას მხოლოდ ცნობილ ადამიანებზე გამოგონილ ან ნამდვილ ამბებზე ჭორაობის გარდა სხვა ფუქნცია არ რჩება. ნიჰილისტი ადამიანი მხოლოდ სეირის მომხმარებელია და სწორედ აქ არის გაურკვევლობა: ბეჭდური მედიაა იძულებული, იმისთვის, რომ იარსებოს, ტონი შეიცვალოს და სხვა თემებზე ისაუბროს თუ ეს არის საზოგადოების მიზანიმართული ზომბირება. თუმცა, საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს ჯანსაღი ნაწილი, რომელიც მისთვის საინტერესო ინფორმაციას, სხვადასხვა თემატიკის ანალიზს ალტერნეტიული წყაროებით მიიღებს, მაგრამ ეს არ არის იმ მოცულობის, პრესას შეკვეთა მისცეს, რომ ბეჭდური მედია იყოს პირუთვნელი, მოუსყიდავი, ობიექტური, კვალიფიციური, არ წერდეს ახალ ამბებს საიდუმლო წყაროებზე დაყრდნობით და სხვა.
გარდა იმისა, რომ ბეჭდური მედიის წილი მცირდება ბაზარზე და ახალი ამბების გავრცელების ძირითადი დატვირთვა ტელევიზიაზე მოდის, ფართოვდება ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობაც, რომელიც თავისთავად გამოწივევს ინტერნეტ-მედიით ბეჭდური მედიის ჩანაცვლებას. რამდენად საშიშია ეს ტენდენცია?
ემზარ ჯგერენაია: ”პრესის მტერი იმდენად ელექტრონული მედია საშუალებები და ინტერნეტი არ არის, ვიდრე ის ნიჰილიზმი, რომლიც საზოგადოებაში მეფობს. იგივე შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად, მსოფლიოზე. ხშირად ნახავთ სიტუაციას, როცა ტელევიზიით გადაიცემა 3-წამიანი ინფორმაცია ეკონომიკაზე დროის დეფიციტის მოტივით და ამ დროს, შეიძლება აფრიკაში რომელიღაცა მაიმუნის ბედზე ნახევარი საათი ისაუბრონ ან ალაპარაკონ სრულიად უცნაური ადამიანი მის უცნაურ ჩვევებზე. ამან დაუკარგა ადამიანებს მმართველის შეგძნება საკუთარ თავში და გააჩინა ნიჰილიზმი ყველაფრის მიმართ და მათ შორის, პრესის. სწორედ ეს არის პრესის მტერი და არა, ვთქვათ, ინტერნეტი. ამაში ცუდი არაფერია, გაზეთი უბრალოდ ფორმას შეიცვლის ამით და განსხვავებული სახით მიეწოდება მომხმარებელს”.

მონოპოლია _ წარმატების გასაღები
პერიოდული გამოცემის ფლობა, გაძღოლა, ბეჭდვა საკმაოდ ძვირადღირებული საქმეა და რთულია იგი განვიხილოთ როგორც ბიზნესი, რომელიც დროთა განმავლობაში უკუგებას მოიტანს. თუ თქვენს ხელთ არის მომიჯნავე ბიზნესი, როგორიცაა სტამბა, პრესის გავრცელება, საქმე უფრო იოლად არის. ცალკე პრესის გავრცელება რომ ავიღოთ, ის საკმაოდ მომგებიანი და გამართული ბიზნესია, ჯიხურებით და მის გარეშეც. რადგან მას შეუძლია უკვე მზა პროდუქცია, ფასდაკლებით გაავრცელოს. როგორც აღვნიშნეთ, პრესის გავრცელების სამსახური თითოეული პროდუქტის ღირებულებიდან საკმაოდ მოზრდილ წილს, 25-30%-ს ითხოვს.
ემზარ ჯგერენაია: ”კარგად მესმის რატომ ჰყავს მკითხველი ”ასავალ დასავალს”, ”ალიასა” და სხვა გაზეთებს, რომლებთაც ასე თუ ისე თავიანთი ნიშა ნაპოვნი აქვთ და ერთგული მკითხველიც ჰყავთ თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ იყიდება ასე კარგად, ვთქვათ, ”კვირის პალიტრა”. ყველამ ვიცით, რომ ამ გაზეთს უზარმაზარი ტირაჟი აქვს. რა გახდა ამ გაზეთის წარმატებულობის მიზეზი. ახლაც და 10 წლის წინაც ამ გაზეთში განსაკუთრებული არაფერი იბეჭდებოდა, მას არ აქვს გამოკვეთილი სახე. რა გახდა ”კვირის პალიტრის” წარმატებულობის მიზეზი? _ აქ, ჩემი აზრით, სხვა მიზეზთან გვაქვს საქმე, როცა გაზეთისთვის პრესის გავრცელების სქემა წარმატების ძირითადი გასაღებია, ვფიქრობ, რომ სწორედ ამით გახდა ეს გაზეთი ცნობილი და წარმატებული.
პრესის გავრცელება საკმაოდ გამართული და ვიტყოდი, მონოპოლიური ბიზნესია. სხვათა შორის, ბევრ ორგანიზაციას საკმაოდ დიდი ვალები აქვს დაგროვილი დიდი და პატარა რედაქციების. მონოპოლიური და უხეში მიდგომები აქვთ პრესის გამავრცელებლებს გაზეთების მიმართ, მათ ასეთ გადიდგულებას დიდად შეუწყო ხელი ”საქართველოს ფოსტამ”. მან ტარიფების გაზრდით დიდი დანაშაული ჩაიდინა. მას შეეძლო სხვა რამეში მოემატებინა თანხა, პრესის გავრცელებას სათავეში ჩადგომოდა, რაც ბევრ ქვეყანაში ხდება და სახელმწიფოს მხარდაჭერით მინიმალურ თანხებში მიეწოდებინა რეგიონებისთვის ჟურნალ-გაზეთები. ამის მაგივრად ფოსტამ მომსახურება გააძვირა, რითაც ხელი შეუწყო პრესის გამავრცელებლების მონოპოლიზებას. ”საქართველოს ფოსტას” ჰქონდა ყველაზე დიდი ქსელი და საშუალება, რომ რეგიონებში გაევრცელებინა ჟურნალ-გაზეთები, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ მან ამაში უზარმაზარი თანხები მოითხოვა. ფასების დანაშაულებრივმა ზრდამ ხელი შეუშალა საზოგადოებაში პრესის გავრცელებას. უფლება რომ მქონდეს, შემოვიღებდი კანონს, რითაც პრესის წარმომადგენლებს ავუკრძალავდი პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციის ფლობას. მონოპოლიზაციის გამო ავკრძალავდი რამენაირი ინტერესი ჰქონოდა პრესის გავრცელებაში პრესის წარმომადგენელს. სხვანაირად პრესის თავისუფალ ბაზარს ჩვენ ვერ დავიცავთ. ისევე, როგორც ავუკრძალავდი სააფთიაქო ქსელის პატრონს წამლის წარმოებას. საკუთარი წარმოების პროდუქციის გასაღების სერიოზული მარკეტინგული საშუალებები არსებობს.
ჯიხურების აღება ნამდვილად ცუდი ფაქტია და ვიღაცის ბიზნეს-ინტერესების მიზანმიმართული გაფუჭებაა და ამას სასტიკად ვეწინააღმდეგები, თუ იღებ ამ ჯიხურს, მას ახალი უნდა შესთავაზო, ძალაზე არ უნდა იყოს საუბარი. მაგრამ პრესის დისტრიბუტორები გაცილებით მეტად არღვევენ თავიანთი მონოპოლისტობით კანონს, ვიდრე ამ ჯიხურების ამღებები~.
ანალიზიდან ცხადი ხდება, რომ პერიოდული გამოცემა არც ბიზნესია და არც ”ქაღალდის სინდისი”. ბევრი ჟურნალ-გაზეთი შესაძლოა ინერციითაც იბეჭდება, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობის გარიჟრაზე, გამომცემლებმა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ენთუზიზმითა და თავდადებით დაიწყეს ეს საქმიანობა და ნახევარი ცხოვრება მას მიუძღვნეს. 90-იანი წლების დასაწყისში პრესას ასეთ მომავალს ვერავინ უწინასწარმეტყველებდა. დღევანდელმა სამწუხარო სიტუაციამ განაპირობა ის, რომ პრესას ძალიან უჭირს, მით უფრო, თუ ამა თუ იმ გამოცემის პოლიტიკური პატრონი მდიდარი არ არის. ჟურნალ-გაზეთებმა ბალანსი რომ გამოაქვეყნონ, ვნახავთ, რომ არც ერთ მათგანს თეთრიც არ უშოვია.
კარგად თუ გავაანალიზებთ შექმნილ სიტუაციას, მივხვდებით, რომ პრესა ბევრად მეტია, ვიდრე ბიზნესი და მხოლოდ ბეჭდური მედიის პირუთვნელობითა და პროფესიონალიზმით შეიძლება ამ საზოგადოებამ ნიჰილიზმს თავი დააღწიოს, რომ პრესა არ იქცეს მხოლოდ მაკულატურად ნიჰილისტებისთვის, არამედ შეასრულოს მთავარი ფუნქცია _ გახდეს სოციალურ ცვლილებათა კატალიზატორი და დაეხმაროს ადამიანებს მათი ცხოვრებისეული პრობლემების დანახვასა და გადაჭრაში. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, ყველა მედია საშუალებას აქვს შანსი იქცეს ბრენდად, რაც მომავალში ფინანსურ უკუგებას აუცილებლად მოიტანს.

წყარო: ჟურნალი ”საქართველოს ეკონომიკა” 
გამოქვეყნების თარიღი: 2011 წელი, დეკემბერი

Comments

comments