ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, საბანკო სექტორში პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ არაფერი შეცვლილა

შეიცვალეს თუ არა ბანკებმა მოქალაქეთა მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ისინი სოციალური ფონის გაუარესებაში დაადანაშაულა?ექსპერტთა ნაწილი პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ბანკების მხრიდან მოქალაქეებისადმი დამოკიდებულების შეცვლაზე საუბრობს.

“ილიაუნი ბიზნეს რევიუს” მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი რადიო “კომერსანტთან” განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირების პირდაპირი შედეგი არ ჩანს. თუმცა, მისივე თქმით, დამოკიდებულებაში გაუმჯობესების ნიშანი არის, რადგან ბანკები უფრო ფრთხილად ეკიდებიან კლიენტებს. ექსპერტის ვარაუდით, საპროცენტო განაკვეთების კლებისკენ გადახედვა ზაფხულის ბოლოდან უფრო მეტად არის მოსალოდნელი.

საპირისპირო განცხადებას აკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია, რომელიც მიიჩნევს, რომ საბანკო სექტროში პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ არაფერი შეცვლილა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სესხების სიღრმისეული რესტრუქტურიზაციის ნიშნები არ არსებობს და საპროცენტო განაკვეთების შემცირება მხოლოდ   რიგ სამომხმარებლო პროდუქტებზე აქციების ფარგლებში ხდება.

შესაბამისად, ექსპერტის განცხადებით, საფუძველი  იმისა, რომ  საბანკო სექტორში საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია დაიწყება, არ არსებობს. ჯგერენაიას ცნობითვე, პრობლემად რჩება 2009 წლიდან  გაცემული სესხები, რომელთა  ხელშეკრულებების  შეცვლა  არ მომხდარა და  რომელთა რესტრუქტურიზაციაზეც ბანკები  უარს ამბობენ. “კომერსანტი” საბანკო სექტორის პოზიციასაც შემოგთავაზებთ.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments