”რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვანია”

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიასთან. 

თქვენი შეფასებით, რატომ მიიღო საქართველომ გადაწყვეტილება, თანხმობა მიეცა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე? 

საზღვრის კონტროლი განხორციელდება არა ერთობლივად, საქართველოსა და რუსეთის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ჩემი აზრით, ეს მისაღები კომპრომისია. ახლა რუსეთს შესთავაზეს კომპრომისი და თავად უნდა გადაწყვიტოს, მნიშვნელოვანია თუ არა მისთვის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

როგორ გადაწყდება ემბარგოს საკითხი, საერთოდ, იყო თუ არა ემბარგო დადებული ქართულ პროდუქციაზე? 

ემბარგო ნამდვილად იყო. რუსეთმა სხვადასხვა ხერხით აკრძალა ქართული პროდუქციის  ექსპორტი. თუმცა, ეს საკითხი ასე მარტივად არ გადაწყდება. ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და აშშ,  WTO-ს ფარგლებში, დღემდე 75 პუნქტში ედავება ერთმანეთს. აქ საუბარია იმაზე, რომ დავა გაგრძელდეს ცივილიზებულ ფორმებში. რუსეთი მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით აგებს პასუხს საკუთარ ქმედებაზე.

 მნიშვნელოვანია თუ არა რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის?

რუსული ბაზარი საკმაოდ მოცულობითია და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანიც. მაგრამ მე ონიშჩენკოსთან მოლაპარაკების არ მწამს, რადგან რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია პროდუქტის აკრძალვა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე არ მსმენია, რომ რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტი პირადად აწარმოებდეს მოლაპარაკებას მეორე ქვეყნის რომელიმე კომპანიასთან. ეს არასერიოზულია, ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, გადავიტანოთ დავა საერთაშორისო ორგანიზაციის არენაზე.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments