დევალვაციური შოკიდან გამოსვლას 1,5 წელი დასჭირდება

“ლარის გამყარების სოციალურ ეფექტს უკვე 2017 წლიდან შევიგრძნობთ, ეკონომიკა კი წელსვე გამოცოცხლდება”

43%-იანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე კვირაა, ყოველდღიურად მყარდება, თუმცა ლარის რევალვაცია ქვეყნის ეკონომიკას ჯერჯერობით არ დატყობია. გამყარების ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში, წელიწადნახევრიანი დევალვაციური შოკიდან გამოსვლას ზუსტად ამდენივე დრო დასჭირდება. ანალიტიკოსთა პროგნოზით, სწორედ ეს დროა საჭირო, რომ ლარის გამყარება ეკონომიკამ, ფინანსურმა სექტორმა და რიგითმა მოქალაქეებმა სერიოზულად იგრძნონ.

თებერვლის ბოლოდან ეროვნული ვალუტა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მყარდება. თუ იმ პერიოდში ერთი დოლარი 2,48 ლარი ღირდა, დღეს ერთი დოლარის შეძენა უკვე 2,20 ლარადაა შესაძლებელი. 10,5%-ით გამყარებული ლარი კი ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას მალე მოახდენს. ყოველ შემთხვევაში, სპეცილისტთა გათვლით, პროცესი უკვე დაწყებულია და შოკიდან სრულად გამოსვლისთვის მაქსიმუმ 1,5 წელია საჭირო.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ ეკონომიკის დევალვაციური შოკიდან გამოსვლის პროცესი უკვე მიმდინარეობს და ეს იმ პერიოდიდან დაიწყო, როცა ეროვნულ ბანკში ხელმძღვანელი პირი შეიცვალა.

“ეკონომიკა რომ გაჯანსაღების გზაზეა, ევრობანკის მიერ გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც ბანკი 2016 წელს ქვეყანაში თითქმის 500 მილიონის ინვესტიციის განხორციელებას გაგმავს. ეს უპრეცენდენტო მასშტაბის ინვესტიციაა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, სხვა საფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ფულს მხოლოდ მომგებიან პროექტებში დებს. ამ განცხადებით კი, იგი სიგნალს აძლევს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება, მსხვილი ინვესტიციის დაბანდება არის ძალიან პერსპექტიული და კარგი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მიუთითებს”, – აღნიშნა დუნდუამ.

ბოლო დროს გამოცოცხლებულია ისეთი მიმართულება, როგორიცაა ექსპორტი. ამის არგუმენტად კი ექსპერტს გაეროს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის განყოფილების მონაცემები მოჰყავს, სადაც აღნიშნულია, რომ წელს პირველ კვარტალში საქართველოს წმინდა ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,6%-ითაა გაზრდილი.

“პარალელურად გაზრდილია მომსახურების ექსპორტიც. აქ წამყვანია ტურიზმი და სერიოზული ზრდაა. მარტში დაახლოებით 25%-იანი მატება აღინიშნა. ჩემი პროგნოზით, შესაძლოა, პირველ კვარტალში მომსახურების ექსპორტი დაახლოებით 17%-ით იყოს გაზრდილი, რაც 700 მლნ დოლარი იქნება. თუ ეს ასე მოხდა, რაც სავსებით შესაძლებელია, პირველ კვარტალში სუფთა ექსპორტის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და დაახლოებით 1,55 მლრდ დოლარი იქნება”, – განთცხადა მიხეილ დუნდუამ.

ამ მონაცემებთან ერთად, მას საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგებიც მოჰყავს და მიაჩნია, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

“დადებითი პროგნოზი და შეფასება, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქვეყნდება, მიუთითებს, რომ საქართველო რეგიონში გამორჩეულია. მან ყველაზე უკეთ გადაიტანა სავალუტო შოკი და მიმზიდველია ინვესტიციების მხრივაც.

რაც შეეხება იმას, თუ რა პერიოდი დასჭირდება ქვეყანას დევალვაციური შოკიდან გამოსასვლელად, ვიმეორებ, რომ პროცესი დაწყებულია. ინვესტიციები, რომელიც წელს უნდა განხორციელდეს, სერიოზულ ფუნდამენტურ საფუძველს შექმნის, რომ შემდგომში უკვე სოციალურ სექტორში აისახოს მნიშვნელორვანი ზრდა და იმატოს მოსახლეობის შემოსავალმაც. ლარის გამყარების რეალურ სოციალურ ეფექტს უკვე 2017 წლიდან შევიგრძნობთ, ეკონომიკა კი გამოცოცხლებას წელსვე დაიწყებს”, – დასძინა დუნდუამ.

საბანკო სფეროს სპეციალისტის ვაჟა კაპანაძეც ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის წინანდელი პერიოდისთვის დასაბრუნებლად, საშუალოდ, 1-1,5 წელი საჭირო. მოკლევადიანი კრედიტებში “გადაყრილ” დამატებით ფულს (დაახლოებით 500 მლნ ლარი) ბიზნესი ამ ვადაში უკან დაიბრუნებს:

“ამ ვალდებულებებიდან გამოსვლის შემდეგ, კერძო სექტორი შეძლებს გაფართოებას და ინვესტირებას. მანამდე კერძო სექტორს ეს ფული პრაქტიკულად, კომერციულმა ბანკებმა “შეუჭამეს”.

შემდგომ ეს გრძელვადიან კრედიტებზეც აისახება, ამიტომ ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერიოდში, დაახლოებით 12-18 თვე სჭირდება ეკონომიკას, რომ რეაბილიტაცია მოახდინოს, თორემ სიტუაციის გაუმჯობესება ეროვნული ვალუტის გამყარებისთანავე დაიწყო”, – განაცხადა კაპანაძემ.

აქვე ეკონომისტი შიდა ინვესტიციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურეობის პერიოდში სერიოზული პრობლემა სწორედ ამან შეექმნა.

“დევალვაციას საგარეო ინვესტიციებზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია, პრობლემა შეექმნა შიდა ინვესტიციებს. ის არ ხორციელდებოდა და ამიტომაც შეფერხდა ეკონომიკური ზრდა. თანხა, რაც შიდა ინვესტიციებს უნდა მოხმარებოდა, პრაქტიკულად, კომერციულმა ბანკებმა “შეჭამეს”. 500 მლნ ლარის გამოთავისუფლების შემდეგ, ნაწილი ამ ფულის წავა სამოხმარებლო ბაზარზე და ეკონომიკასაც სტიმულს მისცემს.

აქ საჭიროა, რომ ეროვნულმა ბანკმა ყურადღებით მიადევნოს თვალი, რათა ეს ყველაფერი ინფლაციაში არ გადაიზარდოს. ეკონომიკის ზრდას და სიტუაციის გაუმჯობესებას ყოველთვის მოჰყვება ინფლაციური პროცესები, ეს კი სებ-მა არ უნდა დაუშვას”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ვაჟა კაპანაძემ.

ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის 1,5-წლიან პერიოდს ასახელებს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაციაც, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული.

“დევალვაციური შოკიდან გამოსვლა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს უკავშირდება ჩვენ სავაჭრო პარტნიორებს, რადგან საქართველოს ეკონომიკის განვითარების დონე მინიმუმ 5%-მდე უნდა ავიდეს, აღდგეს სავაჭრო ბალანსი, რაც მანამდე გვქონდა და მიმდინარე ანგარიშებში მაკროეკონომიკური მაჩვენებელი უნდა გასწორდეს.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეკონომიკური სიტუაცია იქნება ჩვენ ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, რუსეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში და უკრაინაში. ასევე სიტუაციაზე იმოქმედებს ნავთობის ფასიც და უცხოური ინვესტიციებიც. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც საჭიროა, დევალვაციური შოკიდან გამოსასვლელად ქვეყნის ეკონომიკას დაახლოებით 1-1,5 წელი დასჭირდება”, – აღნიშნა ჯგერენაიამ.

ავტორი: ელზარ წიკლაური
წყარო: გაზეთი „რეზონანსი

Comments

comments