February 19, 2016
ხაზარაძის საიდუმლო
ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორმა Walter Kuemmerle-მა, რომელიც ამ სკოლაში საერთაშორისო ბიზნესის და მეწარმეობის მეტად ცნობილ კურსს კითხულობს, შექმნა კურსის სახელმძღვანელო და “ქეისები” სახელწოდებით International Entrepreneurship –Manaming and Fiancing Ventures in the Global economy, სადაც ბიზნესის კეთების მსოფლიო წარჩინებულ მაგალითებზე და მენეჯმენტის აშკარად გამორჩეულ ლიდერებზე აქვს საუბარი. სრულიად შემთხვევით უცხოეთში, (ვენაში, მარია შტრაბეზე, წიგნის მაღაზიაში) შევიძინე ეს წიგნი და კითხვის დროს აღმოვაჩინე, რომ მე-13 „ქეისი“ მამუკა ხაზარაძეს და მის თანაგუნდელებს ეძღვნებოდა. საოცრად ამაღელვებელი სიურპრიზი იყო. ავტორი ვირტუოზულად აღწერდა, რომ სადღაც საქართველოში, ნაკლებად ცნობილ პატარა ქვეყანაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნეს ტრანსფორმაციის ახალი სკოლა, მენეჯმენტის ახალი სტილი მათ დასავლელ მეგობრებთან (წიგნში საუბარია ანტიკვარულ ბუგატების მოყვარულ ჰოლანდიელ ბიზნესმენზე Bob Meijer-ზე)ერთად და ეს „ქეისი“ ავტორს წამოწეული აქვს, როგორც ახალი მეწარმეობის წარჩინებული მაგალითი, რათა ასწავლოს ამ ლიდერი უნივერსიტეტის კათედრიდან, როგორ უნდა შექმნან თანამედროვე მეწარმეთა კლასი, გუნდი და მენეჯმენტი.
საოცარია, 1989 წლიდან ვკითხულობ საერთაშორისო ფინანსებსა და ფულის მიმოქცევაში ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დღემდე, თითქმის ყველა „ქეისი“ მეც და ჩემს კოლეგებს უცხოეთის მაგალითზე მოგვაქვს . ანუ შინაურ მღვდლის შენდობის თემაა. ანალოგიურად შეიძლებოდა საბანკო სფეროში საქართველოს საბანკო სისტემის შექმნის ისტორია დაწერილიყო და განსაკუთრებით საფინანსო ინსტიტუტების მენეჯმენტის ნაწილში და აქაც თი-ბი-სი- ის მენეჯმენტი მსოფლიო მაგალითად გამოდგებოდა. 1989 წლიდან საქართველო საბანკო სისტემის მშენებლობის ფრონტზე მეც გახლდით (ვნეშეკონომბნაკის, ექსიმაბნკის და გაერთიანებული ქართული ბანკის დირექტორი და თანამფლობელი ვიყავი) და ჩემს თვალწინ იქმნებოდა თი-ბი-სი ბანკი. მასთან ერთად, მთლიანად საქართველოს საბანკო სისტემა და ეს მეტად საინტერესო ისტორია იქნებოდა სტუდენტებისთვისაც. განსაკუთრებით ტოპ – მენეჯმენტის გუნდის ნაწილში. მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, თითქმის იგივე გუნდი შენარჩუნდა, რაც 20 წლის უკან იყო! ეს წარმოუდგენელია!. ტრანსფორმაციის იმ ეტაპზე შეარჩიო ისეთი ეკიპაჟი, რომ ასეთ ქარტეხილებში გამოატარონ უზარამაზარი საბანკო ხომალდი, ეს მაშინ როცა უამრავი წყალქვეშა თუ წყალზედა რიფები იყო, შტორმები, ცდუნებები, შური და კიდევ ბევრი რამ და ზუსტად დასახულ მიზანს – თანამედროვე საბანკო ინსტიტუტის შექმნას მიაღწიო -წარმოუდგენელი გამარჯვებაა! ყველაფერ ამის შემდგომ ისე ახვიდე ნისლიან ალბიონზე, ლონდონში კოტირებამდე, რომ გუნდი თითქმის არ შეცვალო – უპრეცედენტოა!
სულ მინდოდა ეს მეკითხა მამუკასთვის – რაში იყო მის წარმატების საიდუმლო?
..და ერთხელაც, სულ ახლახან, დეკემბერში ბაკურიანში, სადაც დიდი ხნით მიგდებული, ქართველებისათვის და არა მარტო ჩვენთვის სანატრელი „კოხტას“ აღორძინების პირველი ეტაპის დასრულების საზეიმო შეკრება ჰქონდა, ვკითხე – როგორ მოახერხა ეკიპაჟის ასე ერთ მუშტად შეკრულის შენარჩუნება? მისმა პასუხმა გამაოგნა! ის კარიერის, პოლიტიკურის თუ ბიზნესკარიერის შექმნის ყველა კანონს ეწინაღმდეგებოდა რომის იმპერიიდან დღემდე, სადაც სუსტები უფრო საინტერესონი არიან თანამდებობაზე თუ გუნდში, რათა ადვილად იმართებოდნენ და ნაკლებად შექმნან პრობლემები. უფრო მეტიც, იგივე შეხედულება ჰქონდა სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიზნესმენსაც და ამაზე ოდნავ ქვემოთ. ახლა მამუკას პასუხი –
„როცა რაიმე ბიზნესს ვიწყებ, ვცდილობ ამ დარგში, ამ სფეროში ჩემზე მეტად ძლიერი და დახვეწილი პროფესიონალი ვიპოვო და მასთან ერთად დავიწყო ეს ბიზნესი. ასეთ ძლიერ პიროვნებებთან ჩემი ურთიერთობა არის ზეძლიერი გუნდის შექმნის და ამ გუნდის ერთობის ბალავარი.“ ის არ ეძებს სუსტებს, რომ ადვილად მართოს, მას არ ეშინი, რომ ვიღაც გაუსწრებს შემდგომ და დაჩაგრავს, არც შიდა ბრძოლის ეშინია და არ თესავს შიგნით შუღლს! ის ამიტომაც პირველია! ახლა სტივ ჯობსი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, მისი მთავარი რჩევა – მოძებნე კარგი მასწავლებელი. ჯობსი შესაძლოა მარკეტინგის თვითნაბადი გენიოსი იყო, მაგრამ მას ეყო გონიერება, რომ მოეძებნა ისეთი ადამიანები, ვისგანაც რამეს ისწავლიდა.
განათლების რეფორმის გასაღები აქ, ქართულ ნიადაგში უნდა ვეძებოთ, „ქეისებიც” და ბიზნესსკოლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენს დასავლელ კოლეგებთან ერთად. რაიმეს პირდაპირ კოპირებას არასდროს მოჰყოლია დიდი შედეგი!
ემზარ ჯგერენაია
PhD. თსუ პროფესორი
19-02-16