ემზარ ჯგერენაია – ლარის კურსთან დაკავშირებით ხელისუფლება კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდეს

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ხელისუფლება კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდეს. როგორც ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა, იმდენად დინამიური პროცესები მიმდინარეობს, რომ გეგმის შედგენის დრო არ არის. რაც შეეხება იმას, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი, ჯგერენაიას განცხადებით, ამის თქმა არავის შეუძლია, იქედან გამომდინარე, რაც რეგიონში მიმდინარეობს – ეს ეხება თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს, რომელიც საქართველოს მიმდინარე ბალანსს აუარესებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში რეზერვის გაყიდვა არასწორია და ამის მაგალითად ემზარ ჯგერენაია ჩინეთსა და აზერბაიჯანს ასახელებს, სადაც დიდი რაოდენობით რეზერვი იქნა დახარჯული, თუმცა ადგილობრივივალუტების გამყარებას ვერ მოხდა.

“ინტერვენციას მაშინ აქვს აზრი, თუ ტრენდი ჩამოყალიბებული არ არის. თუ ეს ტრენდი ჩამოყალიბებულია, მას ინტერვეცია ვერაფერს უშველის. სხვა ფაქტორებზეა ლაპარაკი და ეს უნდა დაიძლიოს. აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაატარონ ზომები, რომ ეს ტენდენცია არ გაგრძელდეს. არის ბერკეტები, რომელიც მთავრობამ უნდა აამუშავოს და თან საკმაოდ სწრაფად”, – განაცხადა ჯგერენაიამ. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, იმდენად დინამიური პროცესები მიმდინარეობს, რომ გეგმის შედგენის დრო არ არის, არამედ ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. “რა თქმა უნდა, საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა. ამას ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება შიდა ინვესტიციების შესახებ, მაგრამ მეტი კონკრეტიკაა საჭირო, ვიდრე ეს ფრაზა”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

Comments

comments