„საბანკო სექტორი ახალი რეგულაციებისთვის სათანადოდ მზად არ არის“

ეროვნული ბანკი ოფიციალურად აქვეყნებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ერთ დღეში ძალაში შედის ბანკების მხრიდან “მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების“ წესი. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ამ წესის მიზანია საფინანსო სექტორის მომხმარებელთა დაცვა და საბანკო სექტორში გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება.

ამ წესის თანახმად, ბანკები ვალდებულნი ხდებიან ხელშეკრულებებში მიუთითონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული. ეს წესი გავრცელდება ფიზიკური პირებისათვის ყველა სახის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებებზე, როდესაც კრედიტის მთლიანი თანხა 300-დან 50 000 ლარამდეა, ასევე, ფიზიკური პირების ყველა სახის სადეპოზიტო ხელშეკრულებებზე, რომელთა პირველადი შენატანი 50 000-ზე ნაკლებია.

არის თუ არა მზად საბანკო სექტორი ახალი ცვლილებების დასანერგად? საბანკო ბაზრის მოთამაშეები “კომერსანტის” პირდაპირ ეთერში განმარტავენ, რომ ახალი რეგულაციებისთვის მზად არიან. მთავარი კითხვა ბანკების თანამშრომელთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ჩნდება – შეძლებენ თუ არა ბანკების თანამშრომლები კლიენტებს გასაგებ ენაზე ყველა საბანკო ოპერაცია აუხსნან.
ექსპერტთა ნაწილი რადიო “კომერსანტთან” საუბარში აცხადებს, რომ ბანკები ახალი რეგულაციებისთვის მზად არიან. ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, განსაკუთრებული სირთულეებს ამ პროცესში არ უნდა ველოდოთ. მისივე თქმით, ახალი ცვლილებებით მომხმარებელი მხოლოდ მოგებული დარჩება. თუმცა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორი ახალი რეგულაციებისთვის სათანადოდ არ არის მზად, რადგან ისინი არსებითად ცვლიან ბანკს და კლიენტს შორის ურთიერთობას. ექსპერტის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საჩივრების განყოფილებების შექმნა, რაც დამატებითი სამსახურის არსებობას გულისხმობს. ექსპერტი ახალი რეგულაციების დანერგვის შედეგად პირველ ეტაპზე გარკვეულ სირთულეებსაც ელოდება.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments