ბანკებში დეპოზიტების და სესხების მაჩვენებელი მცირდება

ბოლო თვეების ტენდენციის საპირისპიროდ, ქართულ ბანკებში დეპოზიტების და სესხების მაჩვენებელი მცირდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2011 წლის თებერვალში საბანკო სექტორის მიერ გაცემული კრედიტები წინა თვესთან შედარებით 101 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიარდ 200 მილიონი შეადგინა.
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა კი პირველი მარტისთვის 4 მილიარდ 800 მილიონის დონეზე დაფიქსირდა, რაც თითქმის 13 მილიონით ნაკლებია პირველი თებერვლის მაჩვენებელზე. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, სესხების 100 მილიონიანი შემცირება უმნიშვნელო არაა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია განმარტავს, რომ ასეთი კლება ბაზრის შემცირებას ნიშნავს. თუმცა, მისივე თქმით, თებერვალი ზოგადად ბანკებისთვის აქტიური თვე არაა. რაც შეეხება დეპოზიტებს, ექსპერტის შეფასებით, ბოლო პერიოდში ბანკებმა დეპოზიტებზე განაკვეთების შემცირება დაიწყეს. შესაბამისად ხალხი ამჯობინებს დანაზოგი სხვა მიმართულებით დააბანდოს, რათა მეტი მოგება მიიღოს. საბანკო ექსპერტი ლია ელიავა კი განმარტავს, რომ ბანკებმა დაკრედიტება ჯერ კიდევ კრიზისული პერიოდის შემდეგ შეამცირეს, ხოლო ანაბრების კლება მოსახლეობის მხრიდან ნდობის დაკარგვაზე მიუთითებს.

წყარო:  კომერსანტი

Comments

comments