ემზარ ჯგერენაია: ,,ეს მესამე მსოფლიო ომია, მსოფლიო სავალუტო ომი და ამ გამოწვევისთვის საქართველო მზად არ აღმოჩნდა”

რას ნიშნავს ,,იაფი ფული” და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ კრიზისის დასაძლევად?

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (,,საქსტატი”), ფასების მატებასა და ინფლაციაზე თებერვლის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ჯანდაცვის მიმართულებით ფასები 0.9%-ით გაიზარდა. ,,საქსტატის” ინფორმაციით, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობების ქვეჯგუფი 2.4%-ით გაძვირდა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე _ 0.7%-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე _ 0.3%-ით; სურსათი და უალკოჰოლო სასმელი _ 0.1%-ით; ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო – 1.0%-ით; საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი – 0.4%-ით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 0.5%-ით; ჯანმრთელობის დაცვა – 0.9%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა – 0.7%-ით; განათლება – 0.5%-ით; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები _ 0.7%-ით; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 1.5%-ით გაძვირდა. ამავე პერიოდში, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.2%-ით, ტრანსპორტი 2.4%-ით, ხოლო კავშირგაბმულობა 0.1%-ით გაიაფდა. უკავშირდება თუ არა ცალკეული პროდუქციისა თუ მომსახურების გაძვირება ლარის დევალვაციას? რატომ უნდა შექმნას მთავრობამ ანტიკრიზისული საბჭო? რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ და რას ნიშნავს მსოფლიო სავალუტო ომი? ,,ვერსიას” ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ესაუბრება.  

ბატონო ემზარ, რას ნიშნავს ,,საქსტატის” ოფიციალური მონაცემები?
2012-დან 2014 წლამდე, საქართველო დეფლაციის ზონაში იყო. იმის გამო, რომ შარშანდელი თარგეთი (2009 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებაა. ამ რეჟიმის დროს, წინასწარ განისაზღვრება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში უნდა შენარჩუნდეს. 2015-2016 წლებში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%- ია, 2017 წელს კი 4%, _ ავტ.) ვერ შევასრულეთ, სახელმწიფო ბიუჯეტმა 600 მილიონი ლარი დაკარგა. მთელი წლის განმავლობაში მოვახერხეთ და დეფლაციის უარყოფითი ზონიდან ინფლაციის ზონაში გადმოვედით. შესაბამისად, 2015 წლის იანვარ- თებერვალში, 1.2%-დან 2.4%-მდე ინფლაცია გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაცვლითი კურსი სერიოზული პრობლემის ქვეშაა, პროგნოზი ასეთია _ წლის ბოლომდე ინფლაციის თარგეთის ნიშნულს, ანუ 5%-ს ვერ მივაღწევთ. დეფლაციური ზონიდან ინფლაციურ ზონაში გადავედით, რაც დადებითი მომენტია, თუმცა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რთული მოსასმენია, რატომაა ინფლაცია ანუ ვალუტის გაუფასურება დადებითი, მაგრამ ეკონომიკის ზრდისთვის კარგია. როდესაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ეცემა, საშუალოვადიან პერიოდში, კურსის ვარდნა ფასებზეც აისახება და ინფლაციური პროცესი იწყება. ამიტომ ამ ეტაპზე, ფასების ზრდის თვალსაზრისით, საგანგაშო არაფერი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროდუქცია და მათ შორის მედიკამენტებიც გაძვირდა. ამ პერიოდის თავისებურება ის იყო, რომ მთელ მსოფლიოში დოლარი მყარდებოდა, მსოფლიო სასაქონლო ბირჟის ძირითადი საქონელი _ ხორბალი, სოიო, შაქარი დოლარში კოტირდება, ამიტომ საქართველოში დიდი ინფლაციური ზეწოლა არ ყოფილა.

სამწუხაროდ, მოსახლეობა სულ სხვა რეალობის წინაშე დგას, რადგან ბაზარსა და ცალკეულ მარკეტებში, რძე და რძის პროდუქტი გაძვირდა, თან მუდმივად გვესმის, რომ ჟურნალისტებიცა და ექსპერტებიც მხოლოდ ,,საქსტატის” ოფიციალურ მონაცემებს უნდა დავეყრდნოთ, რომლის მიხედვითაც ვითარება საგანგაშო არ არის… რა ხდება?

არა, რომელი სტატისტიკაც მინდა, იმას გამოვიყენებ. ჩვენ იმიტომაც ვართ ექსპერტები, ვითარება გავაანალიზოთ და თუ საჭიროა, მთავრობა გავაკრიტიკოთ კიდეც. რაც შეეხება ცალკეულ პროდუქტს, მაგალითად, ბანანი გაძვირდა, ბიზნესი ფასებს მოლოდინის გამო ზრდის, იმავდროულად კი, ბაზარს ამცირებს. ბიზნესს ფასების ზრდა არ აწყობს, უკიდურეს შემთხვევაში, უმატებს, თუმცა მეორე მხრივ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ხელის მოთბობის მიზნით, სპეკულაციურ ფასებს გვთავაზობენ და ხელოვნურ აჟიოტაჟს ქმნიან, მესამე ნაწილი კი მოლოდინის აჟიოტაჟს ქმნის. დიახ, ფასები მომატებულია, მაგრამ, როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავერკვეთ, რომელ ინფლაციას ვგულისხმობთ. თუ ვსაუბრობთ ინფლაციაზე ნავთობპროდუქტების გარეშე, სხვა ვითარებაა, რადგან ნავთობის ფასები დაეცა, თუ ვგულისხმობთ ინფლაციას სამომხმარებლო კალათის გარეშე, მაშინ სულ სხვა სურათია, ხოლო თუ, ზოგადად, ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, მაჩვენებელი არ იცვლება. თქვენ ხედავთ, რომ ბანანი გაძვირდა და გსურთ, ეს პროცესი უცებ აისახოს ინფლაციაზე, მაგრამ ასე არ ხდება. რამდენიმე წლის წინ, კარტოფილმა შეარყია ინფლაციის მაჩვენებელი, მაგრამ ინფლაცია გამოითვლება სამომხმარებლო კალათის 352 დასახელების პროდუქტის მიხედვით და ამიტომაც ვამბობ, რომ ცალკეული პროდუქტების გაძვირების მიუხედავად, ამ პერიოდში, ინფლაციის ეს მაჩვენებელი საგანგაშო არ არის.

ნოემბრიდან დღემდე, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, აშშ დოლართან მიმართებაში, დაახლოებით, 30%-ით გაუფასურდა, პროდუქტი ამის გამო გაძვირდა?
გირჩევთ, ამ საკითხზე საუბრისას, ცოტა ხნით საქართველოს თავი დავანებოთ და განვიხილოთ, რა ხდება ევროპაში. 2011 წლიდან, ევროპაშიც კი 30%-იანი ინფლაციაა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. სახეზეა დეფლაციური პროცესი, რის გამოც ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, მარიო დრაგმა მიიღო გადაწყვეტილება, რათა მათ მიერ მწვავედ გაკრიტიკებული, ამერიკელი ბენ ბენაკისეული ფორმულა მიიღონ და ეკონომიკის მხარდაჭერის პოლიტიკა, ანუ შერბილებული მიდგომა განახორციელონ. მარტივად რომ აგიხსნათ, ეს დიდი ოდენობით ობლიგაციების ყიდვის გზით, მიმოქცევაში უზარმაზარი რაოდენობის ,,ქეშის”, ნაღდი ფულის გაშვებას ნიშნავს, ანუ ბაზარს დიდი ოდენობით იაფი ფული მიეწოდება (თავის მხრივ, ,,იაფი ფული” სულაც არ არის სახუმარო თემა, ესაა გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტები, _ ავტ.). იმის გამო, რომ ევროპა დეფლაციაშია, 2016 წლამდე, მარიო დრაგი ბაზარს, ბიზნესს იაფ ფულს მიაწვდის, რათა ევროპის ეკონომიკა ააღორძინოს. ბენ ბენაკიმ ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო აშშ-ში და იაფი ფულის მოწოდების პროცესი დაამთავრა კიდეც, მან უამრავი ოდენობის იაფი ფული ჩატუმბა ამერიკის ეკონომიკაში და კარგი შედეგიც მიიღო. მართალია, აშშ დოლართან მიმართებაში, ევრო 30%- ით გაუფასურდა და სერიოზული ვარდნა განიცადა, მაგრამ არავის მოუსმენია წუწუნი, რა ცუდ მდგომარეობაშია ევროპა. პირიქით, ევროპელები გახარებულები არიან, რომ, ბოლოს და ბოლოს, ევრო გაიაფდა. დრაგის ახალ პოლიტიკასთან ერთად, ევროპელი ექსპორტიორების წარმოება გაიზრდება და იმასაც ელოდებიან, რომ ამ პოლიტიკით ევროპის ეკონომიკა რეცესიიდან, ანუ დეფლაციური სიტუაციიდან გამოვა. ევროპის მოქალაქეებს კრედიტებიცა და შემოსავლებიც ევროში აქვთ, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ კრედიტები დოლარში გვაქვს, შემოსავლები _ ლარში. ქვეყანაში დოლარიზაციაა და, რაც მთავარია, საქართველოს მომხმარებელი, იმპორტზე დამოკიდებულია. ექსპორტის განსაკუთრებული სტრუქტურა გვაქვს, მთავარი საექსპორტო პროდუქტი თხილია, რომელზეც იაფი ლარი არ მოქმედებს, ექსპორტის ერთ-ერთი კატეგორიაა აზოტი, რომლის მთავარი პროდუქტი გაზია. ფაქტობრივად, გაზის იმპორტს ვახორციელებთ, რომელიც აზოტის წარმოებისთვის გვჭირდება და იაფი ლარი არც მათ ახარებს. ამიტომ ჩვენ ისეთი სტრუქტურა არ გვაქვს საექსპორტო კალათში, რომ, როგორც კი ლარი გაუფასურდება, ეს პროცესი მაშინვე აისახოს საექსპორტო კალათზე, ანუ ექსპორტი და მთლიანი შიდა პროდუქტი გაზარდოს. ზოგადად, მაღალი დონის დეფლაცია ისეთივე მავნეა, როგორც ინფლაცია და ეს ქვეყნის ეკონომიკის გაჩერებას ნიშნავს. ჩვენ თარგეთი და ინფლაციაც საკმაოდ ნორმალური გვინდა, რადგან ყველა მეზობელ ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა. ვალუტის დასასტაბილურებლად, ოთხი ძირითადი წყარო არსებობს: ექსპორტი, ტრანსფერები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და კრედიტები. კრედიტებს არ უნდა ველოდოთ, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ძალიან გაგვიბრაზდა, სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა კულტურულად და ზრდილობიანად გვითხრა, რომ სტრუქტურული რეფორმები უნდა განვახორციელოთ, რასაც მინიმუმ, ორი წელი და 2 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება. გარდა ამისა, საქართველოს ძირითადი საექსპორტო პარტნიორები რუსეთი და უკრაინაა, მათ შორის ომია, უკრაინა გაკოტრებულია, რეფინანსირების განაკვეთი რომ დაახლოებით 30% იქნება, ეს ფაქტობრივად, დეფოლტს ნიშნავს. პარალელურად, რუსეთიც რთულ მდგომარეობაშია, ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ქონება უნდა გავყიდოთ და ინვესტორებს კარგი პირობები შევთავაზოთ, თუმცა აქაც რთული სიტუაციაა. დასავლეთიდან ინვესტიციები არ მოდის, რადგან პოლიტიკურ გაუგებრობაში ვართ. ჩვენს თავზე ,,კავკასიური ცარცის წრე” გრძელდება, რადგან დღემდე ვერ გაგვირკვევია, რუსეთთან ვართ თუ დასავლეთთან, პარალელურად, ჩინეთში ვეძებთ გამოსავალს. ერთადერთი გზა გვრჩება და ესაა პატარპატარა ინვესტიციები დასავლეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩინეთიდან და აზიური ბაზრიდან, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებენ.

ლარის დევალვაცია და ეკონომიკური კრიზისის ნიშნები შიდაფაქტორებს, ანუ სუსტ მენეჯმენტს უკავშირდება? ვგულისხმობ მთავრობის სტრუქტურებს, გნებავთ, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის არაკოორდინირებულ მუშაობას.
მოდი, ასე ვთქვათ, მთავრობა არ აღმოჩნდა მზად ამ გამოწვევებისთვის. რაც ჩვენი მეზობელი ქვეყნების _ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, სომხეთის, რუსეთის, უზბეკეთის, უკრაინის ეკონომიკაში ხდება, ბუნებრივია, ჩვენთანაც გადმოინაცვლებდა და ეს პროცესი 2014 წლის შემოდგომაზე უკვე აშკარა იყო. ამიტომ შარშან, შემოდგომაზე, როდესაც რუსეთს სანქციები დაუწესეს და გაამკაცრეს პოლიტიკა, ამ გამოწვევებზე უნდა გვეფიქრა, რაც ნიშნავს, რომ შარშანვე უნდა შეგვექმნა ანტიკრიზისული კომიტეტი. ამ კომიტეტში ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელი, მათ შორის ეროვნული ბანკიც გაერთიანდებოდა, რომელსაც პრემიერ- მინისტრი უხელმძღვანელებდა. სწორედ ანტიკრიზისულ კომიტეტს უნდა ჩამოეთვალა ყველა ის გამოწვევა, სადაც სავარაუდოდ, პრობლემები გვექნებოდა.

დღეს მსოფლიო ომი მიმდინარეობს, ოღონდ ქვემეხების ნაცვლად, ბრძოლის ძირითადი იარაღი სავალუტო კურსია. თავდაცვის სამინისტროებისა და გენშტაბების ნაცვლად, ამ ომს ცენტრალური ბანკები ხელმძღვანელობენ, ეს სულ სხვა ტიპის ტოტალური ომია, რათა მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა მათი ვალუტები გააიაფონ. ჩვენ იმას ვტირით, რატომ გაიაფდა ეროვნული ვალუტა, ისინი კი იმისთვის იბრძვიან, რათა საკუთარი ვალუტის გაიაფების უფლება მოიპოვონ. მსოფლიო სავალუტო ომი, მესამე მსოფლიო ომია და ამ გამოწვევისთვის საქართველო მზად არ აღმოჩნდა, რადგან ძალიან მარტივად ვუყურებთ ამ პროცესს.
ვამბობთ, რომ სამოქმედო გეგმა აუცილებელია, თუმცა ვიღაცები გვეუბნებიან, რომ გეგმა სოციალისტური გადმონაშთია, ლიბერალური ეკონომიკა გვინდაო, მაგრამ არც კი ვიცით, რა არის ეს ლიბერალური ეკონომიკა! ვიადვილებთ საქმეს და ვამბობთ, ყველაფერი თავისით დალაგდება, მაგრამ ეს რომ ასე იყოს, მართვის ამდენი ინსტიტუტი საჭირო აღარ იქნებოდა. ძლიერი ქვეყნის ერთი მაგალითი მითხარით, სადაც მართვის გარეშე, ქვეყანა გამდიდრდა. ამიტომ თუ არ ჩამოთვლით ამ საფრთხეებს, რა გამოწვევებია მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში, თუ დღეს ამაზე არ იმუშავებთ, არაფერი გამოვა! ძალიან ვამარტივებთ ყველაფერს, რადგან მხოლოდ ხანძრის ჩაქრობა ეფექტურ მართვას არ ნიშნავს. აუცილებელია, 15 ან 10-პუნქტიანი გეგმა დავწეროთ და იქვე, ოპერატიულად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რათა უწყებებს შორის ჭიდილი არ იყოს. ცალ-ცალკე, თეორიულად, ეს უწყებები მართლები არიან, მაგრამ ხალხი დაიბნა. ამიტომაც ვამბობ, რომ ანტიკრიზისულ კომიტეტში უნდა გაერთიანდეს ეროვნული ბანკიც, ძალოვანი და ეკონომიკური ჯგუფის მინისტრები, რომლებიც ერთობლივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ! ახალი აქ არაფერია, ეს ჩვეულებრივი ნაბიჯია, რომელსაც ყველა ქვეყანა დგამს, როცა ასეთ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. კრიზისს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს, არავის ეგონოს, რაც დღეს მიმდინარეობს, გნებავთ, კრიზისი დაარქვით, გნებავთ _ შტორმი, ,,კატრინა” თუ მიწისძვრა, ეს პროცესი 2015-2016 წლებშიც გაგრძელდება. ხალხო, ეს იანვარ- თებერვლის სუსხიანი სიო არ გეგონოთ, ეს მესამე მსოფლიო ომია, რომლის ნაპერწკლებიც ახლა სახეში გვენარცხება!

ბატონო ემზარ, ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას ადრეც ითხოვდით, რაც შეეხება სსფ-ს რეკომენდაციას სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, თქვენგანაც მსმენია, რომ ეფექტური მართვისთვის, ცალკეული სამინისტროები უნდა გამსხვილდნენ, რათა ადმინისტრაციული ხარჯი დავზოგოთ. რადგან მსოფლიო სავალუტო ომის ძირითადი მონაწილეები ცენტრალური ბანკები არიან, სად არის ჩვენისთანა პატარა ქვეყნის ადგილი ამ ომში, რა უნდა გააკეთოს დოლარიზებული და იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნის მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა?
,,უოლ სტრიტ ჯორნალის” საკმაოდ სერიოზული მიმომხილველი, ბრაიან ბლეკსტოუნი ამბობს, რომ, რაც დღეს მსოფლიოს ეკონომიკაში ხდება, ჩინეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში, აშშ-სა და ევროპაში, სავალუტო ომის ახალი ფაზაა. გგონიათ, ეს პროცესი ჩვენ არ გვეხება? საქართველომ ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს. ადრეც ვამბობდი და დღესაც მგონია, მუშა კომიტეტი უნდა შეიქმნას, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას დააფიქსირებს. ამ გამოწვევებზე კი მთავრობამ სამოქმედო გეგმა უნდა შექმნას და ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში. სხვა შემთხვევაში, ჰკითხავთ ეროვნულ ბანკს, რატომ დროულად არ გაყიდა სავალუტო რეზერვები და გიპასუხებენ, რომ ეს იყო დაღმავალი ტრენდი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად, 2011-დან 2015 წლამდე ჩამოყალიბდა. ჩარევას აზრი არ ჰქონდა, რადგან, შესაძლოა, რაღაც მომენტში (რომელიმე წელს, ამ პერიოდში), ამა თუ იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ჩარევით, დაღმასვლა შეჩერებულიყო კიდეც, მაგრამ მხოლოდ დროებით, რადგან ეროვნული ვალუტების გაუფასურება გრძელდებოდა და ამ ტრენდმაც დაღმასვლა განაგრძო. უფრო გასაგებად რომ აგიხსნით, თუ ეს დაღმასვლა ,,არითმიაა”, მაშინ ამ პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევა აუცილებელია, რათა სტაბილიზატორი ჩართოს და არითმია გაანეიტრალოს. თუმცა, თუ დაღმასვლა (ვალუტების გაუფასურება) ,,არითმია” კი არა ჩამოყალიბებული ,,გულის მანკი”, ანუ ტრენდია, ჩარევას აზრი არ აქვს, რადგან აქ უკვე ოპერაციაა საჭირო. ერთი მხრივ ვამბობთ, რომ უფრო მეტი გადასახადი უნდა ამოვიღოთ, მაგრამ რეალურად, წლების მიხედვით, სტატისტიკური მონაცემები რომ ნახოთ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ მხრივ უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე წინა წლებში. 2005 წელს, სამკურნალო საშუალებების იმპორტის დაბეგვრიდან, ბიუჯეტში 70 მილიონი ლარი შევიდა, დღეს ეს მაჩვენებელი 300 მილიონ ლარამდე ავიდა. მხოლოდ სამკურნალო საშუალებების მაგალითი მოგიყვანეთ, თორემ ყველა მიმართულებით ზრდა ფიქსირდება და ეს ოფიციალური მონაცემებია, ქართულმა ოცნებამ დღეს ყველაზე კარგი შედეგი დადო!

_ უკაცრავად, მაგრამ ეს ,,კარგი შედეგი” სად ჩანს?
მარტივად აგიხსნით, მაგრამ ჯერ ლარის კურსის ცვლილების დინამიკა ვნახოთ. 1999 წლიდან დავიწყოთ, რადგან 1998-1999 წლების კრიზისის შედეგად, 1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა და ეს იყო ოფიციალური გაცვლითი კურსი. რამდენიმე წლის განმავლობაში, კურსი დაბლა ჩამოვიდა და წონასწორობის წერტილი 2.00 ლარი გახდა დოლართან მიმართებაში. ამის შემდეგ, ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.95 ლარზეც ჩამოვიდა და 2.15 ლარზეც ავიდა, სწორედ ამ დიაპაზონში, ანუ 2.00-1.95-2.15 ფარგლებში ცურავდა ლარი 2007 წლამდე. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ ბელგიის მეგობართა კლუბის მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდი დოლარის ათვისება დაიწყო. როგორც კი ეს წყარო შემოვიდა, რომელიც ლარი- დოლარის კურსს დააწვა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, 1.65-მდე გამყარდა. ეს იყო ახალი წონასწორობის წერტილი 2012 წლამდე, ვიდრე ბელგიის მეგობართა კლუბის 4.5 მილიარდდოლარიანი დახმარება არ ამოიწურა. 2012 წლიდან, კურსი ისევ მაღლა მიიწევდა და 1 აშშ დოლარი ჯერ 1.75 ლარი, შემდეგ კი 2.02 ლარი გახდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა, ამ სქემით მთავრობას კი არ ვამართლებ, კითხვას ვსვამ _ ახლა რა ხდება, კარგად გვაქვს საქმე? ეს სქემა მხოლოდ ვითარების ანალიზი და ახსნაა, თორემ საქმე კარგად არ არის! ის, რომ ნაციონალური მოძრაობა, ოცნებას მართვაში არ სჯობდა და უკეთესი ეკონომიკური მენეჯერები არ იყვნენ, იმ ცხრილშიც კარგად ჩანს, რომლითაც დასტურდება, რომ ოცნების ხელისუფლების დროს, გადასახადების ამოღება გაიზარდა! საქმე კარგად არ არის, მაგრამ ნაციონალებს ოცნების მიმართ, არაფერი სასაყვედურო არ აქვთ, თავის მხრივ, ოცნებას რომ გადამწყვეტი სამოქმედო გეგმა სჭირდება, ეს გარდაუვალია! ამიტომ თავი უნდა დავანებოთ კეკლუცობას ნაციონალების წინაშე, არადა, ყველაფერში ვეკეკლუცებით, იმაშიც კი, რომ ახალგაზრდა, 24-25 წლის კადრებს სხვადასხვა თანამდებობაზე ვნიშნავთ და ფაქტობრივად, ვღუპავთ! არ შეიძლება, რომ 25 წლის ახალგაზრდა ფულად- საკრედიტო, თუნდაც ფისკალურ პოლიტიკაში ერკვეოდეს და მიზეზ- შედეგების ანალიზით იხილავდეს ყველა ნაბიჯს! ზომიერად, პიარიც საჭიროა, მაგრამ დროს იმაში არ უნდა ვატარებდეთ, როგორ გავცეთ ნაციონალებს პასუხი ტელევიზიით.

ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილ განცხადებას, რომლითაც ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკს აბრალებს, მეორე დღესვე, შედეგად ლარის კურსის გამყარება როგორ მოჰყვა?
არ მჯერა, ლარის გამყარება ბიძინა ივანიშვილის განცხადების შედეგი იყო. თუმცა ბატონი ბიძინა უდიდესი ავტორიტეტის მქონე ადამიანია და ასეთ განცხადებებს ფრთხილად უნდა აკეთებდეს. იმიტომ კი არა, რომ ყოფილი პრემიერ- მინისტრია, ბიძინა ივანიშვილია და მორჩა! ნებისმიერ განცხადებას, რასაც მრჩევლები ურჩევენ, უნდა ფილტრავდეს, რადგან ხშირად, მრჩევლები არასწორ რჩევებს აძლევენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკი რთული და დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტია, მისი საჯარო კრიტიკა ფინანსურ სფეროს არ არგებს. ლარის სტაბილურობა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას კი არ მოჰყვა, მოსახლეობამ დაინახა, როგორ მუშაობს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთად, რამაც სპეკულაციური აჟიოტაჟი შეამცირა. ხაზგასმით გეუბნებით, დღეს საქართველოს სიმყარის ერთადერთი გარანტი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები, ბანკები არიან და ღმერთმა არ ქნას, ამ სიმყარეს საფრთხე დაემუქროს! დღეს ჩვენი გადარჩენა მსხვილი საბანკო ინსტიტუტები და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის დაცვაა! თავის დროზე, ზარბაზნების, ქვემეხებისა და შიდაბანდიტური დაჯგუფებების ფონზე, საქართველომ ყველაზე კარგად სწორედ ბანკების მშენებლობა განახორციელა და ამის შედეგია ის მყარი საბანკო სისტემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. თქვენი ჭირიმე, საფინანსო ინსტიტუტებს, ბანკებს ხელი არ ახლოთ, რადგან ამ კრიზისიდან გამოსვლის გარანტი მსხვილი კომერციული ბანკებია!
მაია მიშელაძე

წყარო: გაზეთი „ვერსია“

Comments

comments