ემზარ ჯგერენაია –საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ისევ ვერ ამოქმედდება

4

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება ამ ეტაპზეც ვერ მოხდება. ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აკეთებს. მისი თქმით, დაზღვევის სისტემა ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოქმედებს და მინიმალური დონის ანაბრები კატაკლიზმებისგან არის დაზღვეული.

ჯგერენაია აცხადებს, რომ მის დანერგვაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. მისივე პროგნოზით, დღესაც ეს თემა საუბრის დონეზე დარჩება.

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედდებასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა შესაბამის ინიციატივაზე მუშაობას იწყებს.

კვირიკაშვილის განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს, ხოლო თანათავმჯდომარე ეკონომიკის მინისტრი იქნება.

კვირიკაშვილის ინფორმაციით, ჯგუფში ასევე შედის სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რადგან ეროვნული ბანკის ჩართულობის გარეშე მისი დანერგვა ვერ მოხერხდება.

ვიცეპრემიერი ირწმუნება, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვა საქართველოს ვალდებულებაა და ამაში ქვეყანას მსოფლიო ბანკი დაეხმარება.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა 2005 წელს იყო განსაზღვრული. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ეროვნული ბანკი გამოდიოდნენ. კანონპროექტის შექმნაში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების (KFW) ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.

სისტემის ასამოქმედებლად KFW-მ მთავრობას დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხიც გამოუყო, თუმცა პროექტზე მუშაობა შეჩერდა.

2011 წელს, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის კერძო და ფინანსური სექტორის კოორდინატორი ანჟელა პრიგოჟინა აცხადებდა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ აქვს.

მისი თქმით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივაა.

წყარო: www.commersant.ge

Comments

comments