ორშაბათის სინდრომი

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია

ჩვენში ხშირად ისმის კითხვა, ეკონომიკაში რატომ არ მიდის კარგად საქმეები, რატომ ვართ ჯერ კიდევ ღარიბები და რეიტინგში დაწინაურებულები აბსოლუტურ მაჩვენებლებში ვკოჭლობთ.

კითხვა რთულია და რიტორიკული! ჩვენ ახალ ქვყანას ვაშენებთ. არა, ეს ქვეყანა საუკუნეების წინაც არსებობდა ჩვენი წინაპრების ხელში და ისინიც რაღაცას აკეთებდნენ, იმ რაღაცას ვეჩალიჩებით ახლა ჩვენ და, სხვათა შორის, იგივე პრობლემებით. რატომ წერდა გამწარებული ერეკლე მეფე მის დესპანს რუსეთში, სასწრაფოდ ჯარი მომაშველეო და, იმავდროულად, არ იყო დარწმუნებული – ეს ნაბიჯი სწორი იყო თუ არა. ერთი რამ დანამდვილებით იცოდა – ასეთ პატარა ქვეყანას და მის ეკონომიკას უცილობლად სჭირდებოდა მფარველი.
ჰოდა, აღა მახმად ხანიც წერდა ერეკლეს, არ გინდა ეს რუსეთთან კავშირი, მე გიპატრონებო. არა, ერეკლე მესამე გზას ეძებდა, დღესაც მესამე გზის ძიებაში ვართ, თითქოს ვიპოვეთ კიდეც და ვერც ვიპოვეთ. ასეა ეკონომიკაში. დახმარებას სულ გარეთ ვეძებთ! გვგონია, რომ სულ თავიდან ვიწყებთ და ახალს ვაკეთებთ, არადა, ბევრი რამ ძველია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ და ვეძებთ.
სიგარეტის ყველა მწეველი სიგარეტის”გადაგდებას”” ორშაბათიდან აპირებს და შაბათამდე ავიწყდება ან ყველა მსუქანი დიეტას ორშაბათიდან იწყებს. ორშაბათი კარგი სინდრომია. ყველაფრის იქიდან დაწყებას ვაპირებთ. არადა, რომელ ორშაბათს, ეს არის მთავარი კითხვა. ორშაბათიც არ მთავრდება, ვიწყებთ და ბოლომდე არ მიგვყავს.
ხელისშემშელელი ფაქტორები არ გველევა, ხან სპარსები გვიშლიან, ხან თურქები, ხანაც რუსები, ანდა, ევროპელების გულცივობას ვუჩივით. მაინც გარეთ ვეძებთ მიზეზებს და ველოდებით ორშაბათს. ეს არის მთავარი პრობლემა – ორშაბათი, ამას არაფერი ეშველება ორშაბათის გაუქმების გარდა!
დავიწყებთ რეფორმას ზევიდან და სანამ ქვემოთ ჩავა, გვავიწყდება, მერე ისევ თავიდან ვიწყებთ. განათლების რეფორმის არ იყოს – მერამდენედ დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ. საბოლოო ჯამში, ის მივიღეთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში 37 000 ადგილზე 35 000 მსურველი გვყავს, ქუჩაშიც რომ დავიჭიროთ ბავშვები, რეფორმირებულ უნივერსიტეტებს მაინც ვერ შევავსებთ. 400 000 უმუშევარში 400 პროფესიონალს ვერ ავარჩევთ და გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები სხვამ გაზარდოს.
ისევ ის “სხვა”” გვიშლის, გულკეთილობის გვჯერა, არადა, მსოფლიოს თავისი ინტერესები ამოძრავებს და თანაც, ძალიან პრაგმატული, ჩვენგან განსხვავებით, იქ ემოცია არ სჭარბობს.
ეკონომიკის რეფორმირება დავიწყეთ სხვადასხვა კუთხით და ისიც მივატოვეთ. გაუქმებებს რეფორმა დავარქვით. რაღაც გავამარტივეთ, რაღაც არ მივიყვანეთ ბოლომდე და ასე დავრჩით ორშაბათის მომლოდინედ და მესამე გზის მაძიებლად.
საგადასახადო კოდექსს გადავაკეთებთ, ინსტრუქციებს კი არა და ასე ვართ სანახევროდ, მთავარი მიზეზი ორშაბათია! ჩერჩილის თქმის არ იყოს, მთელი კვირა გეგმებს ვსახავთ და მერე მთელი კვირა იმის გამო გვიწევს თავის მართლება, თუ რატომ არ შევასრულეთ ეს გეგმები.
არა, უნდა გავაუქმოთ ეს ორშაბათი და მესამე გზის თეორია. გზა ორია: დასავლეთი ან აღმოსავლეთი, წელს ქვემოთ აღმოსავლეთი და წელს ზემოთ დასავლეთი არ გამოვა. ამათ ჩვენი გულმკერდი კი არა, სრულად ვუნდივართ.
ორშაბათი რომ არ იქნება, დაპირებებსაც აღარ დავდებთ და პირდაპირ საქმეზე გადავალთ. მანდატურების ინსტიტუტის შემოღებით სკოლებს ციხეების მაგვარ ღია კოლონიად კი არ ვაქცევთ, პირდაპირ სწავლას დავაწყებინებთ ბავშვებს და სტუდენტებს. ჯერ დავადგენთ, რა უნდა გარდავქმნათ ეკონომიკაში და როგორ და მერე დავიწყებთ, გარდავქმნით ბოლომდე.
ასე რომ, ორშაბათს თუ გავაუქმებთ, გვეშველება. ისედაც მძიმე დღეა და ახი იქნება მასზე!

Comments

comments