ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ექსპერტები დადებითად აფასებენ

„საკმაოდ სტაბილურად, 5%-5.5% ფარგლებში მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა. გადაჭარბებაა საგადასახადო შემოსავლების კუთხით, გაზრდილია ექსპორტ – იმპორტის მაჩვენებლები. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სტაბილურია,“ – განაცხადა თსუ-ს პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ.

მიმდინარე წლის 17 ივლისს, ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრები გაეცნენ ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებს, საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით 6 თვეში არსებულ დინამიკას. აგრეთვე, იმსჯელეს იმ რეფორმების შესახებ, რომელთა გატარება აუცილებელია ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020″-ის დამტკიცების მნიშვნელობა და მასთან ერთად, თითოეული სამინისტროს მიერ სამოქმედო გეგმების დროულად შემუშავება, საჯარო სამსახურის რეფორმის კუთხით მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებები, სახელფასო სისტემის მოწესრიგების აუცილებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება საბჭოს წევრებმა და ფინანსთა მინისტრსა და მის მოადგილეებს საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს.

„ექსპერტებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივნისში ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა. დღგ-ის გადამხდელთა საწარმოების ბრუნვა 11%-ზე მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების გეგმა 6 თვეში შესრულებულია 103%-ით. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ზრდაა ეკონომიკის რეალურ სექტორში – 28.5%-იანი ზრდაა სამშენებლო სექტორში, ასევე ზრდაა სოფლის მეურნეობის სფეროში, მრეწველობაში. ეს მაჩვენებლები ერთად გავაანალიზეთ და აღინიშნა, რომ მონაცემები ძალიან იმედის მომცემია და ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ აღმავლობას” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„სტატისტიკა, რომელიც დღეს მოვისმინეთ უფრო მეტად ოპტიმისტურია, ვიდრე იყო წინა პერიოდში. წარმოდგენილი მონაცემები მიუთითებს, რომ წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ სერიოზული და შეუქცევადი ზრდა მიმდინარეობს,“ – აღნიშნა ანალიტიკური ცენტრის „ეკონომეტრის“ დირექტორმა რევაზ საყევარიშვილმა.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების დინამიკის შესახებ. მთავარია რომ საგადასახადო შემოსავლები და დღგ-ს მაჩვენებლები მზარდია, რაც რეალურად აჩვენებს ეკონომიკურ აქტივობას. რაც შეეხება გრანტების ნაწილს, ის მართალია, არ მიჰყვება გეგმას, მაგრამ წლის ბოლომდე, შესაძლებელია ამ დანაკლისის შევსება. მიმდინარე მონაცემები იძლევა იმის საშუალებას, დაგეგმილი პარამეტრების შესრულებას საფრთხე არ დაემუქროს,“ – განაცხადა BPI-ის დირექტორმა ირაკლი ლექვინაძემ.

„საკმაოდ სტაბილურად, 5%-5.5% ფარგლებში მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა. გადაჭარბებაა საგადასახადო შემოსავლების კუთხით, გაზრდილია ექსპორტ – იმპორტის მაჩვენებლები. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სტაბილურია,“ – განაცხადა თსუ-ს პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მნიშვნელობასა და საქართველოს მხრიდან დაგეგმილი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელ რეფორმებზე.

როგორც აღინიშნა, ფინანსთა სამინისტრო საბჭოს წევრებს წინასწარ გააცნობს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, რათა მათ საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინონ.

Comments

comments