June 25, 2014
უცხოური ინვესტიციების ზრდას ხელს სასამართლო სისტემა უშლის?!
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სასამართლო რეფორმა, სამინისტროებისა და სსიპ-ების გაუქმება, ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება სჭირდება!
იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა გაიზარდოს, ეკონომიკა განვითარდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას, აუცილებელია, სახელმწიფომ ბიზნესთან ურთიერთობა დაალაგოს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ,,ვერსიასთან’‘ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოს სასამართლო სისტემას არ ენდობიან და შესაბამისად, ინვესტიციების ჩადებასაც ამ მიზეზით ერიდებიან. თვეებისა თუ წლების განმავლობაში გაჭიანურებული ბიზნესდავები, დაყადაღებული ქონება და კომპანიების ანგარიშები, ის ძირითადი პრობლემაა, რაც ინვესტორებსაც აფრთხობს და ადგილობრივ ბიზნესმენებსაც. გამოსავალი სასამართლოს რეფორმაა _ პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა შეიმუშაონ, რათა პრობლემა საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს.
_ სასამართლო ხელისუფლების სრულყოფის თვალსაზრისით, საქართველო უზარმაზარი გამოწვევის წინაშე დგას. სიმბოლურია, რომ სწორედ ახლა, თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია, რომელიც სასამართლო სისტემის სრულყოფას ეხება. არც ერთი ქართველი ექსპერტი არ ამბობს, რომ რეალურად, არსებული სასამართლო სისტემა, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესის განვითარებას აფერხებს. სასამართლო, რომელიც თითქოსდა თავისუფალია, წარმოუდგენლად აჭიანურებს კომერციულ დავებს, საქმეს წარმოებაში დროულად არ იღებს და თუ მიიღო, განხილვას აჭიანურებს. როგორც ეკონომისტი, იმ განცხადებების გამო შევშფოთდი, რაც კონფერენციაზე უცხოელი ინვესტორებისგან მოვისმინე. ისინი ამბობენ, რომ არც ერთი ინვესტორი არ შემოვა საქართველოში, თუ ამ ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებს არგუმენტებით არ დაადასტურებს. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი პრობლემა სასამართლოს მიერ კომპანიების ანგარიშების დაყადაღებაა. კატასტროფული მდგომარეობაა _ საქართველოში ბიზნესი არ არსებობს, სასამართლო დავა არ ჰქონდეს. ასეთმა ვითარებამ, ბაზრის შიგნით თაღლითი მეწარმეების პარპაშიც კი წაახალისა. ეს თაღლითი ბიზნესმენები ტენდერებსაც იგებენ და სახელმწიფოს მფარველობის ქვეშაც არიან. მიუხედავად იმისა, ათობით სასამართლო დავა აქვთ, ხელი არ ეშლებათ, მაგალითად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ თითქმის ყველა ტენდერში გაიმარჯვონ. ფაქტია, სასამართლო ხელისუფლება ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების რაოდენობას აფერხებს. ეს ემზარ ჯგერენაიას განკერძოებული აზრი არაა, ასე უცხოელი ინვესტორები ფიქრობენ!
_ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, როცა სასამართლო დამოუკიდებელია?
_ სასამართლოების, ბანკებისა და მარეგულირებელი კომისიების დამოუკიდებლობამ და პირიქით, ამ ინსტიტუტების სისტემებად ჩამოყალიბებამ, უარესი შედეგი მოგვიტანა. მივეჩვიეთ, რომ მათი კრიტიკა არ შეიძლება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა დაირღვევა, არადა უკვე დარღვეულია. ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის რეფორმა უნდა მოახდინოს _ ისეთი საკანონმდებლო ბაზა უნდა შექმნას, რომელიც სასამართლოს საქმის წარმოებაში მიღებისა და განხილვის მკაცრ რეგლამენტს დაუწესებს; მეტიც _ კანონში უნდა გაიწეროს, რომ სასამართლოს, სერიოზული დასაბუთების გარეშე, ამა თუ იმ კომპანიის ანგარიშების დაყადაღების უფლება არ ჰქონდეს. არ ვამბობ, რომ სასამართლო არაფერს აკეთებს ან სამართლის აღდგენა არ ხდება, რადგან დაჩაგრული ბიზნესმენები დღემდე ელიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ესეც პრობლემაა. როცა უცხოელი ინვესტორი მეუბნება, ამა თუ იმ ბიზნესმენს ქონება რომ წაართვეს, რატომ არ უბრუნებენო, პასუხი არ მაქვს. თქვენთან სასამართლო ხომ არის, ეს ბიზნესმენები რატომ არ ჩივიანო? მორიგი კითხვა ასეთია და არც ვიცი, რა ვუპასუხო. აი, ამიტომ არ შემოდიან უცხოელი ინვესტორები საქართველოში და შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება, რის გამოც უმუშევრობის დონე მატულობს. შენობის გარემონტება და მანტიის მოსხმა არ ნიშნავს, რომ სასამართლოში ყველაფერი რიგზეა.
_ ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ სასამართლო სისტემა ანგრევს და სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა?
_ არა, ეს პირველი, ძირითადი მიზეზია. ქვეყნის ეკონომიკას გაბერილი ბიზნესინსტიტუციებიც ანგრევს. არც ერთი ბიზნესი არ უნდა იყოს იმდენად დიდი, მისი წაბორძიკება ქვეყნის ეკონომიკას დაემუქროს. კარგა ხანია მსოფლიოს ეს პრობლემა აწუხებს და ეკონომისტები ამას თანამედროვე ტერმინით, სისტემურ ბიზნესს ვუწოდებთ. ეს პრობლემა ჰქონდა აშშ-ს, კანადას, ინგლისს, რომლებმაც სისტემურ ბიზნესთან დაკავშირებით, კანონი მიიღეს და გაბერილი ბიზნესინსტიტუციები დაშალეს. ხშირად მსმენია, თავისუფალი ბაზარია, ნუთუ არ გიხარია, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში რომააო. კარგი რაც არის, ყველაფერი მახარებს, მაგრამ არ შეიძლება, ერთი ინსტიტუტის ხელში იყოს ენერგეტიკა, დაზღვევა, მშენებლობა, ვაჭრობა, ფინანსები… ჩვენც უნდა მივიღოთ ზომები, რომ ასეთი ძროხა- ინსტიტუტები დავშალოთ და ქვეყანას სისტემური კრიზისი ავარიდოთ! პარალელურად, მთავრობაც კომპაქტური, ოპტიმალური და პატარა უნდა იყოს. ამდენი სამინისტრო არაა საჭირო. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა გავაუქმოო. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ აღარ შესრულდა. პირველ რიგში, სწორედ ამ სამინისტროს გავაუქმებდი და ენერგეტიკის სამინისტროს შევუერთებდი. იგივე პრინციპით დავშლიდი სხვა სამინისტროებსაც. ადმინისტრაციული ხარჯებიც მძიმე ტვირთია სახელმწიფოსთვის. მინისტრს მაქსიმუმ ორი მოადგილე და მინიმალური აპარატი უნდა ჰქონდეს. ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, ანაზღაურების ერთიან სისტემას შემოვიღებდი. ოღონდ, არც ბონუსების სისტემას გავაუქმებდი. პრემიას ეფექტური მენეჯმენტისთვის დავაწესებდი და წელიწადში ერთხელ, წლის ბოლოს გავცემდი, როცა სამინისტრო საქმიანობას შეაჯამებდა და ექსპერტებიც დაადასტურებდნენ, რომ ბონუსს იმსახურებენ. წლის განმავლობაში ეს იქნებოდა სერიოზული და მნიშვნელოვანი ჯილდო ორი-სამი სამინისტროსთვის, რომლებმაც იმ კონკრეტულ წელს სერიოზული გადატრიალება განახორციელეს საკუთარ უწყებებში. წელს, მაგალითად, ამ ჯილდოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გადავცემდი, რომელმაც დაზღვევის სისტემის ეფექტური ორგანიზება მოახდინა და მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალური შედეგი მიიღო. სახელმწიფო სამსახურებში დღეს არსებული შტატების რაოდენობა, 20%- 25%-ით უნდა შემცირდეს. სამინისტროები პოლიტიკისა თუ თამაშის წესების შექმნის საკითხებს უნდა დაუბრუნდნენ და სამეურნეო საქმიანობას თავი დაანებონ. მერწმუნეთ, ამ ხარჯების შემცირება ქვეყნის ეკონომიკას წაადგება. როცა ქვეყანას უჭირს, წარმოუდგენელია ასეთი გაბერილი შტატები და ამ რაოდენობის ადმინისტრაციული ხარჯი _ ეს ანგრევს ეკონომიკას! შემდგომი მიმართულებაა თავისუფალი ბაზარი და ხაზგასმით ვამბობ _ დღეს ბაზარი თავისუფალი არ არის…
_ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო ხომ შეიქმნა, რომელსაც კანონმდებლობით ჯერ კიდევ აქვს ვადა სტრუქტურის დასახვეწად?
_ კანონმდებლობით გაწერილ ვადაში ამ სააგენტომ დებულებები და ქვენორმატიული აქტები უნდა შექმნას, რათა არსებული კანონები ამუშავდეს. თუ ეს ორგანო ისევ 20-კაციანი შტატით იარსებებს, საქმეს ვერ გააკეთებს. ეს უნდა იყოს ორგანო, რომელსაც უცხოელი ექსპერტების მოწვევის უფლება ექნება, მთავარი ესაა და არა ინსტრუქცია! ამ სააგენტოს პრინციპი ბაზრის თავისუფლების უზრუნველყოფა უნდა იყოს და არა კონკრეტული მეწარმეების დასჯა. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ინვესტიციების რაოდენობის ზრდას უშლის ხელს, ინოვაციების არარსებობაა. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს მთლიანი ხედვა, რომლითაც ესა თუ ის პროგრამა განხორციელდება და ამ პროგრამაზე წვდომის უფლება, თუნდაც მცირე ან საშუალო ბიზნესს ექნება. გამუდმებით გვესმის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა, არადა, სიტყვების გარდა, მათი დეფინიცია საერთოდ არ გვაქვს. არაფრით განსხვავდება მცირე და მსხვილი ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმი. აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება. არ იფიქროთ, რომ რაიმე ტიპის საგადასახადო შეღავათს ვგულისხმობ! მხედველობაში მაქვს საგადასახადო დიფერენცირება. ისეთი საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო, რომელიც მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმს განასხვავებს, ასევე, უნდა განსხვავდებოდეს მათი საბიუჯეტო ვალდებულებები და სააღრიცხვო სისტემა. ამ ყველაფრის გარეშე, შეუძლებელია, რეალური ხერხემლის აშენება, რომელზეც საქართველოს ბიზნესის სასახლე უნდა ავაშენოთ, რადგან ბიზნესსასახლეს თავისუფალი ქვეყანა, გონივრული რეგულირებით აშენებს. ამ ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უკვე ივლის- აგვისტოდანვე უნდა დაიწყოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება.
_ ეკონომიკური პროფილის მინისტრების მრჩეველთა საბჭოს წევრი ბრძანდებით. რა რეაქცია აქვთ, როცა ამ პრობლემებზე ესაუბრებით?
_ განსხვავებული! როცა ვსაუბრობთ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ-ი) რაოდენობა უნდა შემცირდეს და მათი ბიუჯეტებიც გადასახედია, ფინანსთა მინისტრი თანახმაა, სხვა მინისტრები _ არა. ეკონომიკის მინისტრი მომხრეა, ინსტიტუციონალური რეფორმა განხორციელდეს და კომპაქტური მთავრობა გვყავდეს, მაგრამ სხვა მინისტრები, რომელთა ძალაუფლება მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებშია, კატეგორიულად გვეწინააღმდეგებიან. პოზიციები განსხვავებულია, ამიტომ ეს საკითხები ერთიანი რეფორმირების საერთო გეგმის ფარგლებში, პრემიერ- მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს.
_ თუკი ფინანსთა მინისტრი თანახმაა, ბიუჯეტის ხორცმეტი _ სსიპ-ები გაუქმდეს, როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ მაგალითად, გარგარს სწორედ ნოდარ ხადურის უწყება ყიდის, რაც ,,ვერსიას’‘ თავადაც დაუდასტურა?
_ გარგრის თემა მართლაც ანეკდოტად იქცა, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ფინანსთა სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურაა. მარტივად აგიხსნით: ვთქვათ, საზღვარზე, უკანონოდ, კონტრაბანდული გზით შემოტანილი ხიზილალა ჩამოგართვეს. სად უნდა წაიღოს იგი სახელმწიფომ? თუ მავნე ნივთიერებებს შეიცავს, ან მასში ნარკოტიკია დამალული, უნდა გაანადგუროს. თუ ნორმალურია, სახელმწიფომ მისი რეალიზაცია უნდა განახორციელოს და შემოსავალი ბიუჯეტში შეიტანოს. ფინანსთა სამინისტროა ის უწყება, რომელიც ამ ტიპის საქონლის რეალიზებას მოახდენს. იგივე ვითარებაა, როცა მაგალითად, საგადასახადო დავის დროს, ფინანსთა სამინისტრომ სადაო ქონება გირაოში ჩადო, მაგრამ ვერ შეძელით და გირაო დროულად ვერ გადაიხადეთ. ქონება ფინანსთა სამინისტროს რჩება, რომელმაც ის აუქციონის წესით უნდა გაყიდოს. არის მესამე ვარიანტიც _ თქვენ, როგორც გადამხდელმა, უარი თქვით საკუთარ ქონებაზე და სახელმწიფოს ჩააბარეთ. ის ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე აღირიცხება. ყბადაღებული გარგრის თემაც სწორედ აქედან მოდის _ ბიძინა ივანიშვილმა, მის საკუთრებაში არსებული სასათბურე მეურნეობები სახელმწიფოს, ანუ ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ მომსახურების სააგენტოს გადასცა. მათ შორის ის მეურნეობებიც, სადაც გარგარი მოჰყავთ. ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო სამეურნეო საქმიანობას ახორციელებს. სამაგიეროდ, ლტოლვილთა სამინისტრო რომ დევნილებისთვის სახლებს აშენებს, ეს სამეურნეო საქმიანობაა და დაუშვებელია! სამინისტრომ ტენდერი უნდა გამოაცხადოს და ეს სახლები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა ააშენოს.
მაია მიშელაძე
გაზეთი „ვერსია“