ემზარ ჯგერენაია: ვიდრე დასაქმების პრობლემა არ მოგვარდება, წინსვლა არ გვიწერია!

16_09_2013_13_40_58jger
«ქართული ოცნების» წინასაარჩევნო დაპირებებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი დასაქმების პრობლემა იყო. ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში დიდი ზარ-ზეიმითა და იმ იმედით მოიყვანა, რომ სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად ქვეყანა სიღატაკეს დაძლევდა, სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა და ადამიანები დასაქმდებოდნენ, მაგრამ ამ მხრივ ვითარება არათუ გაუმჯობესდა, არამედ უარესობისკენ შეიცვალა… მოქალაქეთა დასაქმების პრობლემაზე ეკონომიკის ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის პროფესორი, ჟურნალ «საქართველოს ეკონომიკის» მთავარი რედაქტორი ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება:

ჩვენ, ქართველებს, გვგონია, რომ საუკეთესოდ ვიცით ორი რამ _ ფეხბურთი და ეკონომიკა, მაგრამ ეს ორივე სფერო ჭაობშია ჩაფლული. რეალურად არავინ იცის, რა არის დასაქმების პროგრამა. საქართველოში 2,2 მილიონი ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეა, 15-16 წლის ახალგაზრდების ჩათვლით კი მათი რაოდენობა 2,8 მილიონს შეადგენს. მათგან 700 ათასამდე ადამიანი, პირობითად _ მყარად, კონტრაქტით არის დასაქმებული სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო ბიზნესში. დასაქმებულთა მეორე კატეგორიაში შედის 1,2 მილიონი ადამიანი, რომელთაც აქვთ მიწის ნაკვეთი, საკუთარი ტაქსი, ზრდის გოჭს, არის რეპეტიტორი და ა. შ. ეს ადამიანები მსოფლიოში მიღებული მეთოდიკით თვითდასაქმებულებად ითვლებიან, მაგრამ რეალურად, დაუსაქმებლები არიან, რადგან არასტაბილური და ძალიან მწირი შემოსავალი აქვთ. მათი რიცხვი კი ყოველთვის არის სპეკულაციის საგანი. საქართველოს მოსახლეობის მესამე კატეგორია _ 400 ათასამდე ადამიანი, სრულიად უმუშევარია, მაგრამ მათ აღრიცხვა-კონტროლიც პრობლემურია და ეს ციფრები მხოლოდ ემპირიული დაკვირვების შედეგია.

მოქალაქეთა დასაქმების პრობლემა სამგანზომილებიანი კატეგორიაა, ამასთანავე, ყველაზე წარუმატებელი და გაუმჭვირვალე. ამ პრობლემის თავიდათავი და პირველი კატეგორია არის ჩვენი მენტალობა და არა სახელმწიფოს უუნარობა, მეორე _ უმუშევრობა _ ეკონომიკური პრობლემაა, რადგან, რაც მეტი ადამიანია დასაქმებული, მით უფრო მეტი შიგა პროდუქტი იქმნება, მეტი ფული შედის ბიუჯეტში და ქვეყანაც უფრო მდიდარია და მესამე _ დასაქმება პოლიტიკური პრობლემაც არის, რადგან მეტი დასაქმებული ადამიანი მეტ ელექტორატს ნიშნავს, მეტ ხმას მიიღებ არჩევნებში და კიდევ კარგა ხანს იპარპაშებ ხელისუფლებაში.

კერძო ბიზნესში უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული თუ სახელმწიფო სექტორში?

პროცენტულად, სახელმწიფო ორგანიზაციებში უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე კერძო ბიზნესში.

ხელისუფლებაში მოსვლამდე, ამჟამინდელი მმართველი გუნდის ერთ-ერთი დაპირება უახლოეს პერიოდში ასი ქარხნის შექმნა და უმუშევრობის პრობლემის დაძლევა იყო. დაპირება დაპირებად დარჩა…

შეცდომაა, როცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ 90, 100 ან 120 საწარმოს შექმნის. უნდა შეიქმნას იმდენი საწარმო, რამდენსაც ბაზარი მოითხოვს, მთავარია, ბიზნესმენს ჰქონდეს თავისუფალი ასპარეზი, გაიზარდოს კონკურენტუნარიანი ორგანიზაციების რიცხვი, ნეპოტიზმმა და პარტიული ნიშნით შერჩევამ არ წალეკოს ქვეყანა და თქვენ, თუ ღირსეული კადრი ხართ, თანაბარ პირობებში, ღირსეულად შეძლოთ თქვენი უპირატესობის წარმოჩენა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ნათესავ-მეგობრობით შეარჩიეს. აი, ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოში. მეორე პრობლემა კი ინვესტიციების მოზიდვაა ინვესტორის დაინტერესების საფუძველზე და არა _ დირექტივებით, რადგან ყოველი დირექტივა მარცხისთვის არის განწირული. პრობლემის მესამე მიმართულება მთავრობის მხრიდან მიგრაციის კანონის მიღებასა და ვიზების რეჟიმის გამარტივებას მოითხოვს, რათა ქართველმა უცხოეთში ლეგალურად იშოვოს სამსახური, რაც, გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყანას წაადგება. უცხოეთიდან გამოცდილი სპეციალისტებიც დაგვიბრუნდებიან და ფულიც, რაც წმინდა ექსპორტის ტოლფასია. თუ ამ სამ ძირითად პრობლემას წარმატებით გავართმევთ თავს, ასი საწარმოც შეიქმნება და ორასიც. ცოტანი ვართ ქართველები და ძალიან მარტივია ჩვენი დასაქმება, თუმცა არსებობს მეოთხე პრობლემაც, მასში რამდენიმე საკითხს გავაერთიანებდი: ეს არის მენტალობა, განათლება და შრომის ნაყოფიერება.

მენტალობის პრობლემაში რას გულისხმობთ, ბატონო ემზარ?

ჩვენ არ ვიცით, რა არის დისციპლინა; არ ვიცით, რომ ცხრა სამუშაო საათი ნიშნავს ცხრა სამუშაო საათს და, თუ ბავშვს ახველებს ან შეყვარებული გველოდება ვაკის პარკში, სამსახურს ვერ მივატოვებთ და ვერც ერთი წუთით ადრე ვერ წავალთ. არა ვართ კონცენტრირებული იმაზე, რა სარგებლობას მოვუტანთ ამა თუ იმ კომპანიას, იმაზე ვფიქრობთ მხოლოდ, _ რას მოგვიტანს იგი ჩვენ, მაგრამ ასეთი მიდგომით კომპანია რომ დაიხურება და ქუჩაში დავრჩებით, ამაზე არ ვფიქრობთ.

სააკაშვილის ხელისუფლებამ 35 წელს გადაცილებული ყველა შრომისუნარიანი ადამიანი «ჩარეცხა» და ჩამოწერა. თუ დასაქმების ვებგვერდებს თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ დღესაც ბევრია «იუმორისტული» განცხადება. მაგალითად, კომპანია ეძებს 35 წლამდე ჭურჭლის მრეცხავს და 40 წლამდე დამლაგებელს…

ეს იყო წინა ხელისუფლების უდიდესი შეცდომა და დანაშაულიც, რადგან ამ ადამიანების «ჩარეცხვით» ქვეყანამ უზარმაზარი ეკონომიკური რესურსი დაკარგა. 30-დან 60 წლამდე ადამიანი მოსახლეობის ყველაზე დიდი ფენაა, ეს ისეთი რესურსია, როგორც ნავთობი, და, თუ მათ არ გამოვიყენებთ, ქვეყანას დავღუპავთ. შეუძლებელია, ის შეგნება და მოტივაცია ჰქონდეს 20-22 წლის ადამიანს, როგორიც მოწიფული ასაკის ადამიანებს აქვთ. საბედნიეროდ, ბოლო ხანს შეიცვალა მათდამი დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები არ უნდა დავასაქმოთ. 22 წლის საუკეთესო თანამშრომელიც მინახავს და 45 წლის თანამშრომელიც, რომელიც სრულიად უუნაროა.

გარდა ზემოხსენებული დაუძლეველი სენისა, რასაც ნეპოტიზმი ჰქვია, ხშირად თანამშრომლებს ფეხების სიგრძისა და გარეგნობის მიხედვით ირჩევენ. თქვენ რა კრიტერიუმით ასაქმებთ ადამიანებს?

გარეგნობის მიხედვით თანამშრომელთა შერჩევა მხოლოდ ფასადურია და ამ ნიშნით ადამიანების დასაქმება ბანკებში, ოფის-მენეჯერებად, მდივნებად, დღემდე წარმატებით ხორციელდება. ერთხანს, საერთოდ, მოდელებით ჰყავდათ «სადაგასახადო» დაკომპლექტებული. მოდელის გარეგნობის ახალგაზრდები ჰყავთ წამყვანებად ტელევიზიებშიც, რომლებსაც გამართული მეტყველება უჭირთ. მსგავს ვითარებას ვერც ერთ უცხოურ ტელეარხზე ვერ ნახავთ. მერწმუნეთ, ლამაზი ფეხებისა და ძუძუების გამო ტოპ-მენეჯმენტში თანამშრომელს არავინ ირჩევს. ასაკით, გარეგნობითა და ნათესავ-მეგობრობით თანამშრომელთა შერჩევა მახინჯი ფორმაა და უნდა აღმოიფხვრას.

ჩემთვის და ყველა დამსაქმებლისთვის, რომელთაც საკუთარი კომპანიის წარმატება უნდათ, თანამშრომლის ბეგრაუნდი, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და შრომის ნაყოფიერებაა უმნიშვნელოვანესი. საქმე თუ არ იცის, შეიძლება ასწავლო ადამიანს, მაგრამ ამისთვის მას განათლება უნდა ჰქონდეს, ტვინის უჯრედები უნდა ჰქონდეს დანაოჭებული, რომ შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება შეძლოს. უპირატესობას მოწიფული ასაკის თანამშრომლებს ვანიჭებ და ვფიქრობ, 40-50-60 წლის ადამიანებისთვის სპეციალური გადამზადების კურსები უნდა არსებობდეს, რომ სრულყოფილად შევძლოთ მათი რესურსის გამოყენება. თანხა უნდა გამოიყოს იმისთვის, რომ ადამიანებს ფსიქოლოგიური დახმარება გავუწიოთ, სამსახურის მოძიებაში დავეხმაროთ ან თუნდაც აპლიკაციის შევსება ვასწავლოთ. მენტალური ცვლილებები უნდა მოხდეს ერში, თორემ სულ კურიოზულ სიტუაციაში ვიქნებით _ მთელი ქვეყანა ეძებს კარგ თანამშრომელს, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა უმუშევარია _ აი, პარადოქსი ქართული რეალობისა.

თვლით, რომ ქვეყანაში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა?

საქართველოში შრომის ნაყოფიერებისა და პროფესიონალიზმის უზარმაზარი დეფიციტია ყველა სფეროში. ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ბიზნეს-გეგმის დაწერა რომ შეძლოს, იშვიათად ესმის ბოლომდე ვინმეს, რაზეა ლაპარაკი და რას მოითხოვენ მისგან. ინტრიგა და ომი ყველგან არის, მაგრამ ვერ წარმომიდგენია კერძო ბიზნესის მფლობელი, რომელიც კარგ თანამშრომელს ჩაგრავს, რადგან, თქვენ, კარგ თანამშრომელს, მოგაქვთ ჩემთვის ფული და გიჟი უნდა ვიყო, რომ ოქროს კვერცხის მადებარი დედალი გავუშვა.

22 წელია, უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ 10% გვყავს კარგი სტუდენტი, რომლებიც ფიქრობენ და აზროვნებენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ის პარადიგმა, რომელიც ეკონომიკურ მართვაში გაგვაჩნია, თავისუფალ ბაზარს მოითხოვს, მაგრამ თავისუფალი ბაზარი ქაოსს არ ნიშნავს. აქაც ოქროს შუალედია მოსაძებნი. თანამედროვე საბაზრო კანონებით მოქმედებას რეგულირება სჭირდება და, თუ ამას არ გავაკეთებთ, მოვა ვინმე უცხოელი, ბიზნესს ხელში ჩაიგდებს და ბაზარს დახურავს. ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად აუცილებელი პირობაა თავისუფალი შრომის ბაზარი, რომელიც ოპტიმალურად რეგულირებული უნდა იყოს. მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოქალაქეთა დამსაქმებელი, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესია. მსხვილი ბიზნესი კი წარმმართველია, მაგრამ ის მხოლოდ 20-25 %-ით არის ბაზარზე წარმოდგენილი. ჩვენთან ეს პროპორცია დარღვეულია, ბაზარი კი _ ჩაკეტილი, რადგან პოლიტიკური ელიტა ყოველთვის ცდილობს, ბიზნესი ხელში ეჭიროს.

იზიარებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკის ექსპერტთა რჩევებს და ითვალისწინებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება თქვენს წინადადებებს?

ყველა მთავრობა ხვდება ექსპერტთა მუშა ჯგუფებს, მაგრამ ჯერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა არ გვქონია და მის დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ საკითხის მიმართ ვერაფერს მოგახსენებთ. ბატონ ბიძინას კი შევხვდით თავის დროზე, ვესაუბრეთ, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხებისა და დავსახეთ გეგმები, მაგრამ შემდეგ, ვერ გეტყვით, რა მოხდა, რაღაც შეიცვალა და ჩვენს მცდელობას განვითარება არ მოჰყოლია.

იმედია, ამ საკითხებით ხელისუფლებაც დაინტერესდება, გაითვალისწინებს რჩევებს და განიხილავს შეთავაზებებს, რადგან, ვიდრე დასაქმების პრობლემა არ მოგვარდება ქვეყანაში, წინსვლა არ გვიწერია, ყველა სხვა მცდელობა ამაო იქნება.

ესაუბრა

ნონა ქარქაშაძე

წყარო: www.geworld.ge

Comments

comments