ბანკები ორიენტირებულნი არიან კლიენტის გაფუჭებაზე

12c1e59fc043დიდ აფეთქებას ეკონომიკაში არ უნდა ველოდოთ. ეს არის რეალური ბიუჯეტი და ის ოპტიმალურადაა განაწილებული.

დღეს საბანკო სისტემის მუშაობის პრინციპი არის მომხმარებლის ჩაგვრა, სწორედ ამის გამო რეალურად ბანკებს დასაკრედიტებელი აღარავინ დარჩათ

ბიზნესის გააქტიურება პირდაპირ არის დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენასთან

ხშირ შემთხვევაში ბანკების მიერ კლიენტებთნ მიდგომა არის უსამართლო

ინტერვიუ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პრეფესორთან ემზარ ჯგერენაიასთან

მთავრდება 2013 წელი და მთავრობის მიერ დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრის ნაცვლად, წლის ბოლოს მივიღებთ დაახლოებით 2.5%-იან ზრდას. ამ ფონზე, როგორ აფასებთ მიმდინარე განმავლობაში მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რა ვერ გათვალა მთავრობამ?
დაავიწყოთ თავიდან, არჩევნები არ უნდა ტარდებოდეს ნოემბრის თვეში, ის უნდა ტარდებოდეს მაისში. ეს მთავრობის ეკონომიური გუნდისთვის და ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი იქნება, შემოდგომაზე არჩეული ხელისუფლება ვეღარ ასწრებს ბიუჯეტზე სრულფასოვან მუშაობას. 2012 წელსაც მსგავსი რამ მოხდა, ოქტომბრის ბოლოს დამტკიცებულმა მთავრობამ ვერ მოასწრო სიტუაციის ბოლომდე გაანალიზება. BDD არის საშუალო ვადიანი განვითარების გეგმა, რაზეც ეყრდნობა ბიუჯეტის პროექტი, თუ ამ გეგმაში მთავრობა არ არის ჩართული და ის ვერ ასწრებს გეგმის მოდერნიზაციას ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იქმნება პრობლემები. 2012 წლის ოქტომბერში მოსულმა მთავრობამ, დამუშავების პროცესში მყოფ ბიუჯეტში მინიმალური ცვლილებები განახორციელა, აქცენტები გადაიტანა სოციალურ მხარეზე და პრაქტიკულად წინა ხელისუფლების მიერ დამტკიცებული პარამეტრებით შეიტანა ბიუჯეტი პარლამენტში.
დეტალურად რომ განვიხილოთ, პირველ რიგში, მოხდა არასწორი ინვენტარიზაცია. არ მოხდა აღრიცხვა, სრულიად რა ვალდებულებები დატოვა წინა მთავრობამ, განსაკუთრებით ეს ითქმის დაუბრუნებელი დღგ-ს ნაწილზე, დასაბრუნებელი იყო მილლიარდ ორასი მილიონი ლარი, ასევე არ იყო აღრიცხული საგარეო ვალთან ურთიერთობები, არ იყო გააზრებული ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი და ასე შემდეგ.
წინა მთავრობას BDD-ში ჰქონდა ჩაწერილი, რომ იქნებოდა 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ეს პარამეტრი გადმოიტანა ახალმა მთავრობამაც, თუმცა, ნათელი იყო, 2013 წელს სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა ბევრი მიზეზის გამო, იქნებოდა ეს არჩევნები, ორხელისუფლებიანობა, თუ ზოგადად ეკონომიკური სიტუაციის გარე ფაქტორები, შესაბამისად, 6%-იანი ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი იყო.
პირველ რიგში დავაყენებ ორხელისუფლებიანობას და მისგან მომდინარე პოლიტიკურ არასტაბილურობას, რასაც თავისთავად მოჰყვა ინვესტორების შედარებით ფრთხილი გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, ეს აისახა ინვესტიციების მოცულობაზე.
მეორე ფაქტიორი არის ის, რომ რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ბიზნესმენები, რომლებსაც წაართვეს თავისი ბიზნესი, ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას და ბიზნესების უკან დაბრუნებას. ნაწილობრივ ეს პროცესი დაიწყო, თუმცა საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერაც არ არის მიღებული. ბიზნესის გააქტიურება აუცილებლად არის დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენასთან.
შემდეგი ძირითადი ფაქტორი არის ის, რომ მეტი ყურადღება დაეთმო სოციალურ საკითხებს, ვიდრე კაპიტალურს. ძირითადად მოხდა პენსიების გაზრდა, დაზღვევის პროგრამის მოწესრიგება, უმწეოთა დახმარება და ა.შ. გადასახადის გადამხდელი შედარებით ნაკლებად დაფინანსდა, შესაბამისად, დადგა ბიზნესის გააქტიურების და ეკონომიკური ზრდის პრობლემა.
ასევე საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მიღებული კრედიტები და გრანტები მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ საგარეო ვალის გადახდა 2013 წლიდან უნდა დაგვეწყო, თუმცა, მოხდა მათი რესტრუქტურიზება 2021 წლამდე.
ამ ყველა ფაქტორის სიღრმისეულად გათვალისწინების გარეშე 6%-იანი ზრდის პროგნოზი, ბუნებრივია, იყო შეცდომა.

პარლამენტმა უკვე დაამტკიცა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი. როგორ აფასებთ ამ ბიუჯეტს და რამდენად არის გათვალისწინებული ის შეცდომები რაზეც ზემოთ უკვე ისაუბრეთ?
ეს არის ოპტიმალური ბიუჯეტი, მართალია 9 მილიარდ 80 მილიონი არ არის საოცნებო ბიუჯეტი, მაგრამ ოპტიმალურია იმიტომ, რომ მორალურად სწორად არის განაწილებული. შეიძლება ჩემთვის არ არის მისაღები ის, რომ ბიუჯეტში ისევ ძალიან დიდია სოციალური ხარჯები და ნაკლებად ფინანსდება კაპიტალური ხარჯები, ფაქტია, რომ `ქართულმა ოცნებამ~ აიღო ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, სოციალური ვალდებულებების ზრდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, რაც გაცილებით შეამსუბუქებდა ნეგატიურ ტვირთს.
მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე თუ ვისაუბრებთ, ის პრობლემები, რამაც ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება გამოიწვია 2013 წელს არ დაწყებულა. პირველ რიგში აღსანიშნავია დეფლაცია, ამ კუთხით პრობლემები 2011 წლის ბოლოდან დაიწყო და 2012 წელსაც გაგრძელდა. ეს პროცესი თავისთავად დამანგრეველია ბიზნესისა და წარმოებისთვის. დეფლაციური პროცესების ნეგატიური შედეგები დადგა 2013 წელს.
2012 წლის ბიუჯეტი იყო 7 მილიარდ 800 მილიონი, ეს მაჩვენებელი დაახლოებით ერთი მილიარდით გაიზარდა და 2013-ში გახდა 8 მილიარდ 700 მილიონი. აქედან 400 მილიონი მოდიოდა ეკონომიკურ ზრდაზე, რის ნახევარიც მოდიოდა ინფლაციაზე. ანუ, შესაბამისი ინფლაციის მაჩვენებელი ბიუჯეტს დააკლდა საკასო ნაწილში.
არსებული ბიუჯეტის თანახმად, წლის პირველ სამ კვარტალში ფიანანსთა სამინისტრო უფრო მეტ ფულს იღებდა ეკონომიკიდან ვიდრე ხარჯავდა. წლის ბოლოსთვის უკვე მან დაიწყო უფრო მეტი ხარჯვა და ეკონომიკის მხარდაჭერა. სწორედ ამან გამოიწვია ლარის კურსის დაცემაც. სამაგიეროდ დეკემბერსა და ნოემბერში ჩვენ გვაქს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი, იმასთან შედარებით რაც წინა ათ თვეში გვქონდა.
დეფლაციური პროცესები შეიცვალა ინფლაციით, შესაბამისად ამ თვეებში ინფლაცია ერთ პროცენტამდე გაიზრდება, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ ინფლაცია უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკის მხარდასაჭერად. ბუნებრივია, იმ დაფინასებით, რომელიც ბოლო ორ თვეში კაპიტალურ ხარჯებში წავიდა გაცილებით პოზიტიურ მაჩვენებლებზე გაგვიყვანს.

მომავალ წელს მთავრობა გეგმავს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას და 3.5 %-იან ინფლაციას. თქვენი აზრით რამდენა რეალისტურია ეს პროგნოზი?
ჩემი გათვლებით მომავალ წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რეალურად ამუშავდება თანადაფინასების ფონდი. მთელი ყურადღება ამ ფონდზე იყო გადატანილი, მას უნდა ეთამაშა წამყვანი როლი. ბიუჯეტის პროექტში ტრანსფერების მაჩვენებელი დიდად არ არის შეცვლილი და დაახლოებით 1 მილიარდ 100 მილიონს აღწევს, ინვესტიციებიც დაახლოებით 1 მილიარდის დონეზეა. ამ ფონზე, ყველაფერი დამოკიდებულია თანაინვესტირების ფონდის მუშაობაზე. ფონდის საქმიანობა განსაზღვრავს ეკონომიკის დაფინანსების მასშტაბებს.
ჩვენ დაახლოებით 1 მილიარდ 700 მილიონიანი ინვესტიცია გვჭირდება, რომ ეკონომიკა გავიდეს 4%-იან ზრდაზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ინფლაციის 3%-იანი მაჩვენებლის და ბიუჯეტის დეფიციტის 3.5%-ზე შენარჩუნება. ეს ის ძირითადი მაკროპარამეტრებია, რომელიც სავალუტო ფონდმა თარგეთირების სახით დაუტოვა ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს.
ინვესტიციების ნაწილში უკვე შეინიშნება სერიოზული ძვრები, სამედიცინო სექტორში იწყება მსხვილი 200 მილიონიანი პროექტები, ასევე დაწყებულია 100 მილიონამდე ინვესტიციის განხორციელება სასტუმროების მშენებლობში. ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და იმედია, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ იქნება. თუ ამას დაემატება თანაინვესტირების ფონდის მიერ მოზიდული და დაფინანსებული პროექტებიც ვფიქრობ პროგნოზი მიღწევადია.
რაც შეეხება უმუშევრობას, ამ კუთხით სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, ეს მაჩვენებელი ისევ 16%-ის ფარგლებში იქნება. ამის მიზეზი ისაა, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ბიუჯეტში სერიოზული ცვლილებები არ არის, ასევე საგულისხმოა, რომ მოსახლეობაში უნდა დაბრუნდეს 200 მილიონი დაუბეგრავი მინიმუმის თანხა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ არ დასაბრუნებელი დღგ-ს გადასახადი 1 მილიარდ 200 მილიონიდან მხოლოდ 200 მილიონი ლარი დაბრუნდება, ეს მაჩვენებელი 2013 წლის მონაცემთან შედარებით შემცირებულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით,
დიდ აფეთქებას ეკონომიკაში არ უნდა ველოდოთ. ეს არის რეალური ბიუჯეტი და ის ოპტიმალურადაა განაწილებული.
2014 წლის ბიუჯეტში 350 მილიონი არის დამატებული ჯანდაცვას და უმწეოთა დახმარებას, როცა საუბარია იმაზე რომ 2014 წელს არ იზრდება პენსიების დაფინანსება, ეს სწორი არ არის, იმიტომ რომ 2013-ში პენსიების ზრდა დაიწყო აგვისტოდან, 2014 წელს კი თანხები 12 თვეზე გამოიყო. ბიუჯეტში გათვალისწინებულია 350 მილიონი ლარის საგარეო ვალის მომსახურება. დაფინანსება იზრდება განათლების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დაახლოებით 100 მილიონი ლარით. საბოლოოდ, გვაქვს 800 მილიონიანი მატება ხარჯებში, ამ დროს ზრდის ნაწილში ჩადებულია მხოლოდ 200 მილიონიანი მატება. შესაბამისად, მოგვიწევს ვალების აღება და ამის ხარჯზე დაფინანსება.
საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ ეს არის არის გზაჯვარედინის ბიუჯეტი. მთავრობაში უნდა განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები. სერიოზულად უნდა შეიცვალოს სერიოზული ეკონომიკური განვითარების ხედვა, 2014 წელს უნდა დაიწყოს რეალური გარდაქმნები და განსაკუთრებით აქტიურები უნდა ვიყოთ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს აღმავალი ტემპით განვითარება. რაც შეეხება 2015 წელს ეკონომიკა უნდა დაადგეს რეალურ 7%-იან ზრდას. თუმცა, 7% არ არის განსაკუთრებული ოპტიმიზმის მიზეზი, ჩვენ რეალურად უახლოეს მომავალში არ გვაქვს პერსპექტივა უკეთესად ვიცხოვროთ.
ამ ფონზე, უშინაარსოდ მიმაჩნია საუბარი რამდენპროცენტიანი ზრდა იქნება, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, როგორ წავწიოთ ძალიან სწრაფად წინ ქვეყანა. ამას თუ დავუმატებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღებთ სრულიად ახალ შესაძლებლობებს და ახალ ბაზრებზე წვდომას. 2015 წლიდან სტრუქტურული რეფორმების პირველი ეტაპი თითქმის დამთავრებული უნდა იყოს და ამან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის წინსვლას.

2014 წლის ბიუჯეტით მთავრობა აიღებს 600 მილიონ ლარს შიდა ვალს, აქედან 400 მილიონი მოხმარდება საბიუჯეტო საჭიროებებს, ხოლო 200 მილიონს განათავსებს ბანკებში გრძელვადიან დეპოზიტებზე. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
შიდა ვალი ჩვეულებრივი მოვლენაა, ბანკების დახმარების პროგრამას დადებითად ვაფასებ, მოკლევადიანი ფული ხდება გრძელვადიანი ფული და იდეაში ამ რესურსით უნდა გაიზარდოს ეკონომიკის დაფინანსება. თუმცა, აქ ერთი მომენტია, 2013 წელს ბიზნესის ხელშეწყობისთვის ეროვნულმა ბანკმა მინიმუმამდე, 3. 65%-მდე დაწია სააღრიცხვო პროცენტი, მიუხედავად ამისა, ბანკებს ეკონომიკის დაფინანსება არ გაუზრდიათ. ამის მიზეზი არის სისტემური პრობლემები ქართულ საბანკო სისტემაში.
ეროვნულ ბანკს, როგორც სისტემის რეგულატორს ევალება საბანკო სექტორის სერიოზული რეფორმირება.
მაგალითად, ინგლისში უმსხვილესი ბანკი 40 მილიონით დააჯარიმეს იმისთვის, რომ ბანკი თავის თანამშრომელს უხდიდა ბონუსებს იმ პროდუქტში, რომელიც არაფერში სჭირდებოდათ ბანკის კლიენტებს. მსგავსი პრობლემები საქართველოში უფრო თვალშისაცემია. მაგალითად აიღეთ 100 000 დოლარიანი იპოთეკური კრედიტი, ამ 100 000 დოლარის ნაცვლად უზრუნველყოფად გადებინებენ მინიმუმ 300 000 დოლარის ღირებულების გირაოს, პლუს გაზღვევინებენ საკუთარ სიცოცხლეს და ცალკე საგირავნო ქონებას. გაზღვევენ სიკვდილზე და არა ჯანმრთელობაზე. ისმის კითხვა, თუ მსესხებელი კვდება, ხომ რჩება გირაოში ჩადებული ქონება, ამოიღონ და გაყიდონ ის, რა საჭიროა სიცოცხლის დაზღვევა?! მე ვთლი, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც არ სჭირდებათ კლიენტებს, ამ დროს კი სწორედ ამ პროდუქტის გამო 11%-იანი იპოთეკური კრედიტი ხდება 17%-იანი.
დღეს საბანკო სისტემის მუშაობის პრინციპი არის მომხმარებლის ჩაგვრა, სწორედ ამის გამო რეალურად ბანკებს დასაკრედიტებელი აღარავინ დარჩათ, ისინი ორიენტირებულნი არიან კლიენტის გაფუჭებაზე. შესაბამისად, ეკონომიკის დაფინანსების ფუნქციას იღებს სახელმწიფო და არა საბანკო სისტემა. სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბანკებს ეს ფული მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ ფულით დააკრედიტებენ ბიზნესს, ეს ხდება იმისთვის, რომ ბანკებმა უფრო თამამად დააფინასონ ეკონომიკა. ხაზგასმით ვამბობ, რომ რომ ბანკებს ფინანსური რესურსის პრობლემა არ აქვთ, სისტემას საკმაოდ აქვს ფულადი სახრები, უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში ბანკების მიერ კლიენტებთნ მიდგომა არის უსამართლო.

ესაუბრა გიორგი მუშკუდიანი

წყარო: www.bfm.ge

Comments

comments