December 16, 2013
ემზარ ჯგერენაია – საზოგადოება ხელისუფლებისგან მთავრობის სამოქმედო გეგმის წარმოდგენას ელოდება
2013 წლისა და 2014 წელს ეკონომიკის აქტუალურ პრობლემებზე, “ინტერპრესნიუსი” ეკონომიკის დოქტორსა და თსუ-ს პროფესორს, ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაიას ესაუბრა.
ბატონო ემზარ, საცაა 2013 წელი მიიწურება და ახლა გასული წლის მთავრ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე საუბრის დროა. ვინაიდან თქვენ ეკონომიკის ექსპერტი ბრძანდებით, უპრიანი იქნებოდა, თქვენთან საუბარი სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე დაგვეწყო. როგორ შეაფასებდით 2013 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს? ანუ რით იყო 2013 წელი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი?
ეკონომიკისათვის 2013 წელი საკმაოდ მძიმე და რთული წელი იყო. რთული და მძიმე იყო იმ თვალსაზრისით, რომ ხდებოდა პრიორიტეტების შეცვლა, უფრო სოციალური გახდა ბიუჯეტი, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდა პენსიების ზრდას. მოგეხსენებათ, პენსიების ზრდა აგვისტოდან დაიწყო. ასევე მნიშვნელოვანი თანხები მოხმარდა უმწეოების დახმარებას და ახალი პროგრამების რეალიზაციას. ეს პროგრამა ითვალსწინებდა, როგორც მოხუცების, ასევე ბავშვების დაზღვევის ზრდას.
2013 წელი გახლად ახალი ხელისუფლების მიერ წინა ხელისუფელებისაგან ეკონომიკური ვალდებულებების, დიდი თუ პატარა პროექტების გადაბარების წელი. სწორედ გასულ წელს მოუწია ახალ ხელისუფლებას ამ ვალდებულებებისა და პროექტების რევიზია და საქმეში რეალურად გარკვევა, ხელახლა ბევრი რამის გადაანგარიშება. 2013 წელს ფაქტობრივად მოხდა იმ ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და რაც რეალურად ქმნის და აყალიბებს ბიუჯეტს. ეს ეხება, როგორც შიდა ვალებს, ისე საგარეო ვალებს, ეს ეხება სახსრების მობილიზაციას, რომლითაც წინა ხელისუფლება ხელმძღვანელობდა. ბუნებრივია, 2013 წელი გახლდათ წელი, როცა ჩემს მიერ გაკეთებულ არასრულ, მცირე ჩამონათვალში ბევრი რამ უნდა შეცვლილიყო.
2013 წელს წარმოებას გარკვეულწილად ხელიც კი შეეშალა. 2013 წელს მეტი მხარდაჭერა ჰქონდა სოციალურ პროგრამებს, ვიდრე – ბიზნეს და ეკონომიკას. გასულ წელს ეკონომიკაში მომზადდა სერიოზული ბაზა, რომ 2014 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ბევრად წარმატებული აღმოჩნდეს.
რას მიიჩნევდით 2013 წლის უმთავრეს ეკონომიკურ მოვლენად, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა?
ეკონომოკაში უმთავრესი მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ საპენსიო და სადაზღვევო ბიზნესის მოწყობა. ახალი და მნიშვნელოვანი სტრუქტურა ჩამოყალიბდა, კერძო ბიზნესის ნაცვლად ნელ-ნელა სახელმწიფომ დაიწყო დაზღვევის ორგანიზება, რამაც საშუალება მისცა სახელმწიფოს, საკმაოდ დიდი თანხები დაეზოგა და გაეზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც დაზღვევის ახალი სისტემით ისარგებლეს. სამწუხაროდ, 2013 წელი სერიოზული კაპიტალური მშენებლობებით არ გამოირჩეოდა.
ფაქტია, რომ 2013 წელს ეკონომიკური ვარდნას ჰქონდა ადგილი. ბიუჯეტს 600 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა. ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ თქვენ როგორ ახსნიდით ბიუჯეტში საკმაოდ დიდ დანაკლისს?
2012-ში, როცა ახალი მთავრობა მოვიდა, წინა ხელისუფლებისაგან ძალაუფლება ოქტომბრის თვეში გადაიბარა და კონსტიტუციის თანახმად ოქტომბერშივე მოუწია, წარედგინა პარლამენტისათვის დასამტკიცებლად 2013 წლის ბიუჯეტი. ახალ მთავრობას პრაქტიკულად არ ჰქონდა დიდი დრო იმისათვის, რომ სრულად შეეფასებინა და გაეკეთებინა ქვეყნის ეკონომიკის ინვენტარიზაცია. პრაქტიკულად, მთავრობამ მექანიკურად წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად ბიუჯეტი. 6%-იანი ეკონომიკური ზრის განსაზღვრა რეალური თავიდანვე არ იყო. ამან გამოიწვია ბიუჯეტში დანაკლისი. 2013 წელს ბიუჯეტი, 2012 წელთან შედარებით, მილიარდით გაიზარდა. 400 მილიონი ეკონომიკის ზრდაზე მოდიოდა. რახან არ მოხდა ამ მაჩვენებლის კორექტირება, ბუნებრივია, რომ ამან წლის ბოლოს იჩინა თავი. მეორე მიზეზი გახლავთ დეფლაციის მაჩვენებელი. რამაც ასევე ხელი შეუწყო იმას, რომ ბიუჯეტი სრულად ვერ შესრულდა.
გასულ წელს სოფლის მეურნეობაში საკმაოდ ბევრი თანხა ჩაიდო. შემოდგომა დარსულდა და შესაბამისად, ალბათ გარკვეულ შედეგებზეც შეიძლება იყოს საუბარი. რამდენად გაამართლა სოფლის მეურნეობაში ჩადებულმა თანხებმა და როგორ აისახა იგი ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე?
2013 წლის პირველ კვარტალში თითქმის მთელი ეკონომიკის ზრდის ლოკომოტივი სოფლის მეურნეობა იყო. უნდა ითქვას, რომ 2013 წელი სოფლის მეურნეობისათვის ძალზედ პროდუქტიული იყო. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ საბრუნავი სახსრები დაურიგდა გლეხობას და სოფლის მეურნეობის სუბსიდირება მოხდა. აქედან გამომდინარე, მოსავალიც საკმაოდ კარგი იყო, როგორც ყურძნის, ისე ხილის, ხორბლის, ციტრუსების, ბოსტნეულის. ის, რომ წელს კარგი იყო სოფლის მეურნეობისათვის, ეს ეკონომიკის ზრდაზე სერიოზულად აისახა და შეიძლება ითქვას, რომ 2013 წელს ეკონომიკის ზრდის ლოკომოტივი სწორედ სოფლის მეურნეობა იყო.
პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. თქვენ როგორ შეაფასებდით 2014 წლის ბიუჯეტს? ბევრი ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულობითა და გამჭვირვალობით გამოირჩევა. თქვენც ეთახმებით ამგვარ შეფასებას?
2014 წლის ბიუჯეტი ოპტიმალურია. ახალმა ხელისუფლებამ 2013 წელს ეკონომიკის ინვენტარიზაცია დაასრულა, ამიტომ 2014 წლის ბიუჯეტი მთლიანად არის გააზრებული. მხედველობაშია მიღებული ის, თუ რა ვალები აქვს ქვეყანას გადასახდელი 2014 წელს. ეს არ გახლავთ ოცნების ბიუჯეტი, რომლითაც სერიოზულ ეკონომიკურ ზრდაზე შიძლება იყოს საუბარი, ვინაიდან ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 200 მილიონი ლარითაა განსაზღრული.
გაისად საკმაოდ სერიოზული ვალდებულებებია, მათ შორის საგარეო ვალი იქნება გასასტუმრებელი 350 მილიონი ლარის ოდენობით. 350 მილიოონი ლარით მეტია განსაზღრული სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად. სწორი არ გახლავთ მტკიცება, თითქოს 2014 წელს პენსია არ გაიზრდება. პენსიების ზრდა 2013 წლის აგვისტოში დაიწყო და 2014 წელსაც გაგრძელდება. მნიშვნელოვანი თანხებია განსაზღვრული მომავალი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სფეროსათვის. მაქსიმალურად სწორად იქნა გაწერილი და დარეგულირებული 2014 წლის ბიუჯეტი. ერთადერთი, რაც კიდევ შეიძლება დარეგულირდეს, ეს მმაეთველობითი ხარჯების შემცირებაა.
გარდა ამისა, გაასათვალისწინებელია ეკონომიკის მხარდაჭერისათვის თანხების გათვალისწინება. რაც ახლაა გათვალისწინებული, საკმარისი აშკარად არ არის. 2014 წელს უნდა შეიქმნას იმის ბაზა, რომ 2015 წელს ქვეყნის ეკონომიკაში გარღვევა მოხდეს და ბიუჯეტი 12 მილიარდ ლარზე გავიდეს.
ბოლო თვეა, ლარის კურსის ვარდნა შეინიშნება. რა ხდება? და კიდევ რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცება, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს?
ლარის კურსის ვარდნა დაკავშირებულია იმასთან, რომ 2013 წლის მეოთხე კვარტალში ფისკალური პოლიტიკის ტრენდი შეიცვალა, ანუ ფინანსების ხარჯვა მეტი ხდებოდა, ვიდრე ხერხდებოდა მისი აკრეფა. ბიუჯეტი ეკონომიკიდან უფრო მეტს იღებდა, ვიდრე ხარჯავდა ეკონომიკაში.
წლის ბოლოს ბევრი ტენდერის აღსრულება დაიწყო, მილიარდი ლარის ემისია მოხდა. ლარის მიწოდების ზრდამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა. ამას ხელს უწყობს სეზონიც. ახალი წლის წინ ადამიანები ჩვეულებრივზე მეტ ფულს ხარჯავენ. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის, ამის გარანტი გახლავთ ეროვნული ბანკის რეზერვი 2,9 მილიარდის დონეზე. ეროვნულ ბანკს აქვს უფლება და რესურსი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაარეგულიროს ლარის კურსი.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წელს იანვარი-სექტემბერში 338 მილიონი ლარის ინვესტიციის გადინება მოხდა, მესამე კვარტალში კი დაფიქსირებულა 313 მილიონის ინვესტიციის გადინება. ეკონომიკის ენაზე სტატისტიკის სამსახურის ეს ინფორმაცია მთლად კარგი არ უნდა იყოს. რა ხდებაა?
ინვესტიციის შემოდინება და გადინება ერთდროულად ყოველთვის ხდება. ეს ჩვეულებრივი პროცესია. რაც შეეხება წელს თანხების განსაკუთრებულ გადინებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ძველი ინვესტორების ან წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გატანილი სახსრებია. რეალურად, თუ რასთან გვაქვს საქმე, ანუ რა სახსრები გავიდა, ამას კვლევა სჭირდება.
ვინაიდან ეკონომიკა ყველაფრის თავი და თავია, რა ძირითადი ეკონომიკური ამოცანების წინაშე დგას ხელისუფლება 2014 წელს? ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით როგორი შეიძლება იყოს 2014 წელი?
ვფიქრობ, რომ 2014 წელს მთავრობამ უნდა დაიწყოს სტრუქტურული რეფორმა. სტრუქტურული რეფორმა გარდაუვალია და იგი ის ქვაკუთხედია, რომელზეც შემდგომ აიგება მთელი ეკონომიკა. 2,5% ან 4%-იანი ეკონომიკური ზრდა არც ერთი არ არის საკმარისი, რომ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური ზრდა მოხდეს. ხელისუფლების მთავარი ამოცანა ხალხის დასაქმება და უმუშევართა რაოდენობის შემცირებაა. ამიტომ, სტრუქტურული რეფორმა სტრატეგიული ამოცანაა.
სტრუქტურული რეფორმა დაგვეხმარება, ჰარმონიზაციაში მოვიყვანოთ ჩვენი სტრუქტურები ევროპულ სტრუქტურებთან. ეს ეხება ენერგეტიკას, საგადასახადო სისტემას, ყველგან უნდა მოხდეს სტრუქტურული რეფორემები და უნდა ჩამოყალიბდეს სრულყოფილი ქვეყანა. რაც გამორიცხავს მთელი ქვეყნისა და მთელი ეკონომიკური სისტემის ერთი პირის მიერ მართვას.
ახალი სისტემის შექმნა საშუალებას მოგვცემს, ეკონომიკური სისტემა თანამედროვე ეკონომიკური მეთოდებით იმართოს. უნდა ჩამოყალიბდეს პროგრამა, რომელიშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის გრძელვადიანი და მოკლევადიანი ამოცანები. მხოლოდ ამ გზით სიარული წაადგება ქვეყანას და მიიყვას მას სასურველ ადგილამდე. ჩემი აზრით, სტრუქტურული რეფორმების შედეგად მართვის ეფექტური სისტემის შექმნა ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი გამოწვევაა. სამწუხაროდ, 2014 წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მეტი ვერ იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმუშავებს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ხელისუფლების ძალისხმევით წელს დაფუძნდა.
ეკონომიკის რა სფეროებში შეიძლება გვქონდეს სერიოზული ზრდის იმედი 2014 წელს?
წარმართველი სფეროები შეიძლება გახდეს ქიმიური მრეწველობა და ფარმაკოლოგია. ეს ის სფეროებია, სადაც დამატებითი ღირებულების მაჩვენებელი მაღალია და სწორედ იგი გახლავთ მისი განვითარების გარანტი. გარდა ამისა, ქიმიური მრეწველობისა და ფარმაკოლოგიის ნაწარმზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში დიდია და შეიძლება იყოს ქვეყნის მყარი შემოსავლის წყარო.
იხატება ასეთი სურათი, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივართ. “სოკარი” აშენებს გვარჯილის წარმოების ახალ ქარხანას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქარხანა იქნება. საქართველოში ახალი ფარმაცეტული ქარხნები აშენდება მაცკევიჩის პროგრამით. ჩემი აზრით, სწორედ ქიმიური მრეწველობა და ფარმაკოლოგია ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი აღმოჩნდება.
ასევე მეორე ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს საშუალო და მცირე ბიზნესის დახმარებისა და განვითარების პროგრამამ. ყველა წარმატებული ქვეყნის ეკონომიკაში საშუალო და მცირე ბიზნესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ, ამ ტიპის ბიზნესების განვითარებას ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. 2014 წლის ბიუჯეტში საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. ძალიან კარგია, რომ ეს გათვალსწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში, მაგრამ ვფიქრობ, ამ საქმისთვის კიდევ უფრო მეტის გამოყოფა შეიძლებოდა.
ბატონო ემზარ, როგორ შეაფასებდით 2013 წელს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებსა და ამავე თვალსაზრისით საშინაო პოლიტიკაში 2014 წლის სავარაუდო პერსპექტივებს?
საშინაო პოლიტიკაში ნაკლებად ვერკვევი, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს ერთპიროვნული მმართველობა, ყველაფრისმცოდნეობა, საზოგადოებამ, სამოქალაქო სექტორმა და აკადემიურმა წრეებმა უნდა ვიცოდეთ, თუ რას აპირებს მთავრობა.
ჩვენ მთავრობის სხდომებზე რეპორტაჟებს კი არ უნდა ვუსმენდეთ, არამედ უნდა ვისმენდეთ, თუ რას აპირებს მთავრობა ქვეყნის წინაშე არსებული არაერთი პრობლემის დასაძლევად. ეს ეხება მის სამოქმედო გეგმას, როგორც მოკლევადიან პერიოდში, ისე გრძელვადიან პერსქპექტივაში.
მესიჯებს, რომელებიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რაღიბაშვილმა მესიჯების სახით პარლამნტში გამოსვლისას თქვა, სერიოზული სამოქმედო პროგრამის ფორმა უნდა მიეცეს და მისი უმნიშვნელოვანესი პუნქტები უნდა იყოს ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი.
ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს იმ პროცესში საზოგადოების ჩართულობა და მონაწილეობა და იმაზე პასუხების მიღება, თუ როგორი საქართველო უნდათ ჩვენსავე მოქალაქეებს.
ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ევროპულ სტანდარტებსა და რეგულაციებზე საჯაროდ მსჯელობას; იმაზე მსჯელობას, თუ რატომ არ უნდა იყოს ქვეყანაში სხვადასხვა სახის მონოპოლიები. ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა ჩვენ უფრო ადრე დაგვაახლოებს ევროპულ სტრუქტურებს და საზოგადოებისთვისაც უფრო გასაგები და მისაღები იქნება ის, რასაც ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოებასა და ჰარმონიზაციას ვეძახით. საზოგადოება ხელისუფლებისაგან მთავრიობის მიერ სამოქმედო გეგმის წარმოდგენას ელოდება, რომელშიც გაწერილი იქნება ქვეყნის წინაშე დღეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტული და რეალური ნაბიჯები.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
წყარო:www.interpressnews.ge