ბიძინა ივანიშვილის მეორე გეგმა

downloadექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს, რომ გეგმის პირველი ნაწილი შესრულებულია, რაც მიხეილ სააკაშვილის და, ზოგადად, ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას გულისხმობს. თუმცა, მისი აზრით, გეგმის მეორე ნაწილი ეხება ეკონომიკის აღორძინებას, ენერგეტიკის, დასაქმების პრობლემატიკას და სხვა.

შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ხალხს მოთმინებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად მოფიქრებული და ბრძნულად გაწერილი გეგმა აქვს. ღარიბაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს კარგად მოფიქრებული გრძელვადიანი გეგმა ჰქონდა, რომელიც წარმატებით შეასრულა. ახლა შესასრულებელია მეორე გეგმა, რომელსაც ივანიშვილი კიდევ უფრო წარმატებით ასრულებს.

„ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება ხალხისადმი – ცოტა ხანს მოვითმინოთ. ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი მოწოდება და რჩევაა. ახლა მოთმინების რეჟიმში ვართ. დიდი საქმეების გადაწყვეტას დიდი მოთმინება სჭირდება. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად უკეთესად იქნება, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია. მე ვიცი ზოგადად, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მართალია, ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელ გეგმებზეა საუბარი, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი გეგმა ნაციონალებისგან ქვეყანაში დამკვიდრებული ისტერიის და მათი პოლიტიკისგან ჩამოშორება იყო, დარჩა მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გეგმის შესრულება – ეკონომიკის აღორძინება და სამართლიანობის აღდგენა, რადგან ეკონომიკის წინსვლას სამართლიანობის დამკვიდრების გარეშე აზრი დაეკარგება.

სავარაუდოდ, რომელ გეგმებზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი და რას ნიშნავს ნომერ პირველი და მეორე გეგმები?! ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრებიან.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ კონკრეტულად არავინ იცის, რომელ პირველ და მეორე გეგმაზეა საუბარი. თუ აქ იგულისხმება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირებები, რომ „ქართული ოცნება“ ზედმეტი ვაი-ვაგლახისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების გარეშე მშვიდობიანად შეძლებდა ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, მაშინ ეს გეგმა შესრულდა და ამას ჩვენ ყველანი ვხედავთ. ამდენად, ეს წარმატებული გეგმაა.

თუმცა, ექსპერტის მოსაზრებით, მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში, კოაბიტაციის პირობებში ცხოვრება საკმაოდ რთული იყო ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული ძალისთვის, მაგრამ ესეც შევძელით და მივედით საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც მშიდად და ობიექტურად, უჩვეულო ხარისხის დემოკრატიულობით ჩატარდა.

ამის მიუხედავად, ვახტანგ ძაბირაძე დღესაც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, რომელმაც გარკვეული სიჩქარე აიღო და რაღაც მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, არ შეიძლებოდა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკური ასპარეზიდან და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებების შეტანა. ივანიშვილი რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დინამიური პროცესი კიდევ უფრო დინამიური გახდებოდა.

„საჭირო იყო ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი გადადგა. დასახელებულია პრემიერობის ახალი კანდიდატი – ირაკლი ღარიბაშვილი, რომელთანაც ნაკლები კითხვები აქვს მტერსაც და მოყვარესაც. ერთადერთი, გარკვეულ სიფრთხილეს აღძრავს ახალი პრემიერის ახალგაზრდული ასაკი და პოლიტიკურ საქმიანობაში მისი არცთუ ხანგრძლივი გამოცდილება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გეგმის მეორე ნაწილს, მიდგომა აბსოლუტურად სწორია, რომ ყველაფერი ერთ დღეში ვერ გაკეთდება და, ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამის არ იყოს, საზოგადოებას მოთმინება და გამძლეობა სჭირდება. თუმცა საზოგადოებას სჭირდება იმის დანახვაც, რომ ქვეყანა ნელ-ნელა წინ მიდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადება დეკლარაციული ხასიათის იქნება და ამ დეკლარაციებს ჩვენ მიჩვეულნი ვართ არა მარტო დამოუკიდებლობის, არამედ უფრო ადრინდელ პერიოდშიც“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

კერძოდ, პოლიტოლოგი იხსენებს, რომ მანამდეც სულ დეკლარაციული განცხადებებით გვკვებავდნენ იმპერიული, საბჭოური თუ კომუნისტური ხელისუფლებები. ამიტომ, როცა საზოგადოებას მოთმინებისკენ მოუწოდებენ, ჯერ უნდა აჩვენონ, რომ გუშინდელთან შედარებით, ჩვენ ერთი ნაბიჯით თუ ნახევარი ნაბიჯით წინ წავიწიეთ, უნდა დაგვარწმუნონ, რომ პერსპერქტივაში ეს გზა სწორი იქნება. თორემ, მხოლოდ მოწოდებები საკმარისი ვერ იქნება.

ამიტომ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიულ რელსებზე ქვეყნის გადაყვანა უნდა დაიწყოს. ის, რომ არჩევნები ჩავატარეთ და რეპრესიები აღარ არის, ეს ხელისუფლების კეთილი ნებაა. მოსახლეობაში კი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნილება საკმაოდ დიდია, ამიტომ, ამ მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი. რაც შეეხება ეკონომიკურ აღმავლობას, ის ვერ განხორციელდება სწრაფად. ეს ძალისხმევას, ფინანსებს საჭიროებს და ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს, მაშინ, როცა სამართლიანობის აღდგენა რთულია, მაგრამ ის აუცილებელია. ეს პროცესი გაიწელება, მაგრამ ხელისუფლებაც და საზოგადოებაც უნდა მიეჩვიოს, რომ პრობლემები რეალურ დროსა და სივრცეში აღიქვას.

ექსპერტი ფიქრობს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან წასვლა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება მიეცემა ჩვენს ხელისუფლებას. დასავლელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს პოლიტიკური რეპრესიების გარეშე. ამიტომ, ესეც დროში იქნება გაწერილი და ხელისუფლებამ გულწრფელად უნდა თქვას, რომ ჩვენ დროში უნდა გავწელოთ ეს პროცესი. ამასობაში კი, ნელ-ნელა, უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ სამართლიანობის აღდგენა არაფრით უკავშირდება პოლიტიკურ რეპრესიებს.

„მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ორგანული და საზოგადოებისგან მხარდაჭერილი. თორემ ზოგადი განცხადება – მოითმინეთ და ხვალ-ზეგ კომუნიზმში ვიცხოვრებთ, შედეგის მომტანი არ იქნება. თანაც, გასათვალისწინებელია ერთი რამეც – მე აჩემებული კი არ მაქვს ივანიშვილის პრემიერობა, უბრალოდ, სულ სხვაა, როცა ივანიშვილი ლაპარაკობს ამ ყველაფერს და სხვაა – ღარიბაშვილის შემთხვევაში. პირველ შემთხვევაში, აპრიორი რწმენა არსებობს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ასაკთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება“, – აცხადებს პოლიტოლოგი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს, რომ გეგმის პირველი ნაწილი შესრულებულია, რაც მიხეილ სააკაშვილის და, ზოგადად, ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას გულისხმობს. თუმცა, მისი აზრით, გეგმის მეორე ნაწილი ეხება ეკონომიკის აღორძინებას, ენერგეტიკის, დასაქმების პრობლემატიკას და სხვა.

მისი თქმით, ყველანაირად მუშაობენ იმისთვის, რომ რეალურად მთავრობამ გეგმის მეორე ნაწილი შეასრულოს და ეკონომიკა გააჯანსაღოს. თანაინვესტირების ფონდი ასრულებს ამ იდეებს და ფულის პრობლემა აღარ არის.

„უბრალოდ, პროექტების პრობლემაა. არ ჰყოფნით პროექტები და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი არაბი თუ ებრაელი ბიზნესმენების ჯგუფების ჩამოსვლის შემდეგ საუბრობდა. თუმცა, ალბათ, უახლოეს ხანებში პროექტებიც გამოჩნდება. ორხელისუფლებიანობა და გაურკვევლობა ხელს უშლიდა ამ პროექტების განხორციელებას. მარტო ფონდის შესახებ არ არის აქ საუბარი. ფონდი ერთ-ერთი პატარა ნაწილია მომავალი ეკონომიკის ზრდისთვის. აქ საუბარია პრივატულ პროექტებზე არაბებთან, ებრაელებთან და სხვებთან. ყველაფერი კეთდება ნორმალური ბიზნესგარემოს შესაქმნელად. თითოეულმა ქართველმა უნდა იცხოვროს უფრო კარგად, ეს არის ძირითადი მიზანი“, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

წყარო: www.for.ge

Comments

comments