ემზარ ჯგერენაია: 2020 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა სიმდიდრე უნდა იგრძნოს

16_09_2013_13_40_58jger

„წლიური ზრდა 3–3.5 პროცენტი იქნება. 2014 წელი იქნება ძალიან რთული. განსაკუთრებით პირველი კვარტალი“

ინტერვიუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემზარ ჯგერენაიასთან

საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის პროექტის განხილვა რამდენიმე დღის წინ გაიმართა, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად ექსპერტებიც ესწრებოდნენ, მათ შორის თქვენც იყავით. ამ გეგმის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გაიგეთ, როდესაც პრემიერთან იყო შეხვედრა. ამ თვეების განმავლობაში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობდნენ ამაზე. რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი და დაგხვდათ ის, რაზეც თავის დროზე საუბარი დაიწყო?

ამ დოკუმენტის ირგვლივ ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. ეს არის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების გარკვეული ბორდი. ეს არის იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლის დახვეწა უნდა მოხდეს და საბოლოოდ პროგრამის სახით მივიღოთ. პარასკევს, პრეზენტაციაზე იყო მიმართულებებზე საუბარი. უახლოეს მომავალში კი ეს პროგრამის სახეს მიიღებს.

ანუ საჯარო განხილვები გაიმართება და ექსპერტების მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული?

რა თქმა უნდა. პარასკევს ჩვენ როგორც ბორდის წევრებმა რამდენიმე მიმართულება დავამატეთ. ასევე მოხდება საკითხების შეჯერება.

ქართული ეკონომიკის და რეალობის შემთხვევაში რეალისტურია ამ პროგრამის განხორციელება? ხომ არ არის ეს ზოგადი დებულებები, რაც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში იმუშავებდა?

ზოგადი არის ის, რაც მსოფლიოში მიღებულია და არსებობს. არაფერი ორიგინალური არ არის. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ნაწილი ქართულ რეალობასთან იქნება ადაპტირებული. ის, რაც დააგროვა კაცობრიობამ დღეს, რითიც შეიძლება ახალი ეკონომიკის აშენება და რა გზით უნდა იაროს ქვეყანამ მომავალი 6 წელი, ამაზეა საუბარი. გათვალისწინებულია მსოფლიოში არსებული გამოცდილება, თუმცა საქართველოზეა ადაპტირებული.

თქვენი აზრით, ამ გეგმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი რომელია, რომლის განხორციელებაც უნდა დაიწყოს?

მთავარი არის ის, რომ ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ. ამ დოკუმენტის მიზანი ეს არის.

გეგმის მიხედვით, ადამიანების კეთილდღეობა 2020 წლისთვის მიღწეული უნდა იყოს?

ადამიანების კეთილდღეობას ბოლო არ აქვს, მაგრამ 2020 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა უნდა იგრძნოს სიმდიდრე, სიუხვე, რეფორმების სიუხვე და ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს, საშუალო ბრუნვით ერთ–ერთი მდიდარი ქვეყანა.

თქვენი აზრით, რამდენად ჩანს, რომ მართლაც არსებობს მზადყოფნა იმისათვის, რომ მთავრობის მხრიდან ნაბიჯები მართლაც გადაიდგას? ეს დოკუმენტიც (გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით) ხომ არ დარჩება პროგრამულ ნაწილად, რომლის განხორციელებაც შეიძლება დროში გაიწელოს და ვერ მოხერხდეს?

ყველაფერი გამოჩნდება მაშინ, როდესაც არჩევნების შემდეგ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება მოხდება. ამაზეა დამოკიდებული. თუმცა მე არ მახსენდება გასულ წლებში ასეთი სტრატეგიული გეგმა თუ მუშავდებოდა. დღეს გეგმის თანამონაწილეები უნდა გახდნენ ბიზნესიც და მოსახლეობაც. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ეს წყლის ნაყვა იქნება. 1.5–2 თვეში ახალი მთავრობა რომ მოვა, იმედია ასეთი გეგმის მიმართ ექნება მიდგომა როგორც სტატუსიანი დოკუმენტისა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ სტაბილური და მემკვიდრეობითი მთავრობის პროგრამების ეპოქაში უნდა გადავიდეთ.

ანუ ახალ მთავრობას ეს დოკუმენტი უნდა დახვდეს?

რა თქმა უნდა.

გასულ კვირას commersant.ge–ზე მთელი კვირის განმავლობაში გამოკითხვა მიმდინარეობდა. ჩვენ დავინტერესდით მოსახლეობა რამდენად კმაყოფილია ახალი ეკონომიკური გუნდის საქმიანობით. მკითხველთა 16 პროცენტი თვლის, რომ მთავრობა ძალიან ეფექტურია, მნიშვნელოვანი ეფექტი არ ჩანს 44 პროცენტისთვის და არაეფექტურია 40 პროცენტისთვის. ანუ ჯამში, მკითხველების 84 პროცენტი არადამაკმაყოფილებლად აფასებს გაწეულ სამუშაოებს, როგორ ფიქრობთ რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი?

გამოკითხვის ასეთი შედეგი აბსოლუტურად ბუნებრივია იმიტომ, რომ რეალურად სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნა. მწვავე პრობლემად რჩება უმუშევრობა. შემოსავლების მიხედვით მდგომარეობა არ შეცვლილა, ადამიანებს სიღარიბე აწუხებს. სანამ ადამიანი თავი თავზე არ იგრძნობს ეკონომიკურ სიკეთეს, ბუნებრივია, რომ ასეთ განწყობაზე დარჩება.

ამ პერიოდში უკეთესი შედეგი ვერ იქნებოდა? ანუ მთავრობა აკეთებს ყველაფერს და დრო არ არის საკმარისი თუ ახალ მთავრობას უფრო ეფექტურადაც შეეძლო მუშაობა?

შეეძლო უფრო ეფექტური და გამბედავი ყოფილიყო. თუმცაღა არც ხანგრძლივი პერიოდია და არც ცოტაა გასული. ქართულ ეკონომიკაში რადიკალურად გარდაქმნების დრო დადგა. რამის გაუარესების დრო არ გვაქვს, რადგან ამის იქით მწვავე სოციალური პრობლემების გამწვავება დაიწყება. შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთება. დღეს სჯობს ქვეყანა ეფექტურობისკენ შემოტრიალდეს. შესაბამისად, ხალხმა ამის შედეგი იგრძნოს.

დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, წლის ბოლოსთვის როგორ პროგნოზს გააკეთებდით, რამდენ პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობთ?

წლიური ზრდა 3–3.5 პროცენტი იქნება. 2014 წელი იქნება ძალიან რთული. განსაკუთრებით პირველი კვარტალი.

წყარო: www.commersant.ge

Comments

comments