ემზარ ჯგერენაია: „რთული ფინანსური ვითარება გველის!“

რატომ გაუფასურდა ლარი და რა გავლენას მოახდენს არჩევნების მეორე ტური ვალუტის კურსზე

არჩევნების შემდეგ ლარმა გაუფასურება დაიწყო. 12 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-ი) 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლო დროს კი, ჯამში _ 120 მილიონი აშშ დოლარი. ცალკეული ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები ეროვნული ვალუტის კურსის დროებით ფიქსირებას უწყობს ხელს და მოგვიანებით, ლარი კვლავ გაუფასურდება; მეტიც, ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით, მთავრობა ლარის კურსს ხელოვნურად ინარჩუნებს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობა, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას ელის: ,,ეს მოკლევადიანი რყევებია, მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება და წელსაც უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველით, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი. ამავდროულად, ყველა და მათ შორის, ეროვნული ბანკიც ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია და არც შეეძლო, გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება. ამიტომ მოვუწოდებ ოპონენტებს, რომ ობიექტურობა შეინარჩუნონ“.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები ,,ქართული ოცნების” გამარჯვებით დასრულდა, თუმცა წინ არჩევნების მეორე ტურია, რომელიც 50 ოლქში უნდა გაიმართოს. ,,ვერსია” უკვე წერდა, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ფინანსთა სამინისტროსგან დამატებით დაფინანსებას მოითხოვს, თუმცა ეს იმდენად მცირე თანხა იქნება, ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს. მიუხედავად ამისა, ცალკეული ექსპერტი, ყოველგვარი ეკონომიკური ანალიზის გარეშე, დაუფარავად აცხადებს, რომ წლის ბოლოს 1 აშშ დოლარი 3.00 ლარამდე გაიზრდება, რაც, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურად ანგაჟირებული შეფასებაა. რა გავლენას მოახდენს არჩევნების მეორე ტური ლარის კურსზე, რა ფაქტორებმა გამოიწვია ეროვნული ვალუტის მოკლევადიანი რყევები და როგორ აისახება ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ფორმირების პროცესი ქვეყნის ეკონომიკაზე? – ,,ვერსიას” ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ესაუბრა.

ბატონო ემზარ, არჩევნების მეორე ტური და დამატებითი თანხა, რასაც ცესკო ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვს, ლარის კურსზე რა გავლენას მოახდენს?

არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას იმ რაოდენობის თანხა არ სჭირდება, ლარზე სერიოზული გავლენა მოახდინოს და ამ მხრივ საგანგაშოც არაფერია, თუმცა ეკონომიკას თავისი ფუნდამენტი აქვს _ არჩევნების მეორე ტური წინასაახალწლო პერიოდს ანუ ბოლო კვარტლის დასაწყისს უკავშირდება. 2016 წლის ბიუჯეტს შესრულება სჭირდება, ხარჯვით ნაწილში კი _ თანხის ათვისება. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ლარზე გარკვეული ზეწოლა იქნება. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელ მსოფლიოში ამერიკული დოლარი მყარდება, მათ შორის ევროსთან მიმართებაშიც. მართალია, რთული ფინანსური ვითარება გველის, მაგრამ ეს არჩევნებს არ უკავშირდება.

წლის ბოლოს ექსპერტები ლარის მკვეთრ ვარდნას ვარაუდობენ და ამბობენ, რომ 1 აშშ დოლარი 3.00 ლარამდე გაიზრდება. ასეთი ,,აპოკალიფსი” გარდაუვალია?
ასეთი კატასტროფა არ გველის, მაგრამ რამდენიმე პრობლემა ნამდვილად მაწუხებს: ნოემბერ-დეკემბერში, საახალწლო ვაჭრობის გამო, იმპორტის ზრდაა მოსალოდნელი. ამას ეკონომისტები ინფლაციის სეზონურობას ვუწოდებთ; ასევე მოსალოდნელია ხარჯების ზრდა, რადგან ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარამდე ხარჯია გასაწევი და ესეც წლის ბოლოსთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, ექსპორტის მაჩვენებლებიც არასახარბიელოა. ექსპორტიდან ამონაგები იმდენად ნაკლებია, არ მგონია, ამან ლარი გაამყაროს. ლარის კურსზე უარყოფითად სწორედ ეს ფაქტორები აისახება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ 1 აშშ დოლარი აუცილებლად 3.00 ლარი გახდება _ ეს კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია, რაც ეკონომიკური გაანგარიშებისა და ყოველგვარი საღი აზრის მიღმაა. მართალია, ლარის გამყარებას არ ველი, პირიქით, გითხარით, რთული ფინანსური ვითარება გველის-მეთქი, მაგრამ ვფიქრობ, წლის ბოლოს, 1 აშშ დოლარი, 2.40 ლარის მიდამოებში იქნება.
გასაგებია, მაგრამ 2016 წელს, ქვეყანაში ტურისტების დიდი რაოდენობა შემოვიდა…

ტურისტული სეზონი უკვე დაიხურა, იანვრიდან კი ზამთრის სეზონი დაიწყება. ამიტომ ტურიზმის მონაცემებს ბოლო კვარტალთან ნუ დააკავშირებთ.

საქართველოს ეროვნულ ბანკს საკმარისი ინსტრუმენტი აქვს, თქვენს მიერ ჩამოთვლილი უარყოფითი ფაქტორები აკონტროლოს. როგორი უნდა იყოს სებ-ის პოლიტიკა, რომ ეს რისკები შემცირდეს?
ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის რყევის ზოგად ტენდენციას უყურებს. აქ მთავარი ტრენდია და თუ კურსის ვარდნის ტრენდი ჩამოყალიბდება, ეროვნული ბანკი არ ჩაერევა, რადგან აზრი არ ექნება და ინტერვენციის მექანიზმსაც არ გამოიყენებს ანუ სავალუტო აუქციონზე დოლარს აღარ გაყიდის. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ბაზარზე ფასებთან დაკავშირებით გარკვეული წუწუნია, ვფიქრობ, სებ-მა რეფინანსირების სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა შეამციროს და მონეტარული პოლიტიკა უფრო შეარბილოს.

იმის გამო, რომ ახალი პარლამენტი ნოემბრის ბოლომდე ვერ შეიკრიბება, 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ვითარება ხომ არ განმეორდება, როცა ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ მიმდინარე ბიუჯეტი დეკემბრის ბოლოს შეასრულა, მომდევნო წლიდან კი ლარის მკვეთრი გაუფასურება დაიწყო? ფინანსთა სამინისტრო მოახერხებს, ამ ამოცანას თავი გაართვას?
ვფიქრობ, წელს 2012 წლისგან ბევრად განსხვავებული ვითარებაა. ჯერ ერთი, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალ ხელისუფლებას გარკვეული დრო დასჭირდა, წინამორბედების საქმეები გადაებარებინა _ არ იცოდა, საქმე რასთან ჰქონდა ან რა დახვდებოდა. წელს კი სიტუაციას თავიდან ბოლომდე ფლობს და ზუსტად იცის, სად რა რეზერვი აქვს, სად რა პრობლემა და გამოწვევა დახვდება. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ პრობლემები არ იქნება. შესაბამისად, მთავრობას 2016 წლის ბიუჯეტის შესრულება არ გაუჭირდება და არც სეკვესტრი დასჭირდება. ის, რაც 2016 წელს იყო დაგეგმილი, აუცილებლად შესრულდება.

ჯერ არ ვიცით, ახალი პარლამენტი მთავრობის რა შემადგენლობას დაამტკიცებს ან ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრად წლის ბოლომდე დარჩება თუ არა. ეს პროცესი ქვეყნის ეკონომიკაზე როგორ აისახება?
საბედნიეროდ, საქართველომ მიაღწია, რომ ქვეყნის ინსტიტუციონალური მართვის სისტემა მყარია. შესაბამისად, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს სწორედ ინსტიტუციების ასეთი სიმყარე განაპირობებს და არ პიროვნება. ნოდარ ხადური საკმაოდ ჭკვიანი კაცია, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ფინანსთა სამინისტრო, როგორც ინსტიტუტი, ჩამოყალიბებულია, ამიტომ მინისტრი ვინც უნდა იყოს, ყველა დაგეგმილი პარამეტრი შესრულდება. ისე, ვფიქრობ, ახალი პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის 80%-ს წლის ბოლომდე არ შეცვლის და ამიტომ ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს არ ველი.

2016 წლის ბიუჯეტი აუცილებლად რომ შესრულდეს, საგადასახადო შემოწმება ხომ არ მოიმატებს და გამკაცრდება?
არა, რადგან საგადასახადო შემოწმება ყოველთვის ხდება, მათ შორის, კამერალური შემოწმებაც ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს. ამ მხრივ, დაძაბული გარემო არ იქნება. რაც მთავარია, არ მგონია, ფინანსთა სამინისტრომ არასერიოზული და ემოციური ნაბიჯები გადადგას. გიმეორებთ, საგადასახადო შემოწმება ჩვეულებრივი, აუცილებელი პროცესია და ამ მიმართულებით ბიზნესზე ზეწოლას ადგილი არ ექნება.

 ბატონო ემზარ, 2017 წლის ბიუჯეტი სწორედ იმ პარამეტრების მიხედვით შეიცვლება, რასაც ,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში ამომრჩევლებს დაპირდა. ,,ოცნება” ამტკიცებს, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა ქვეყნის წინსვლას, ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობას მოგვიტანს. ასეა?
წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, 2017 წლის ბიუჯეტში დიდი ცვლილებები არ იქნება. შესაძლოა, უმნიშვნელო ცვლილებები შევიდეს და საბიუჯეტო მუხლებს შორის გარკვეული გადაადგილებაც მოხდეს, მაგრამ მკვეთრ და რადიკალურ ცვლილებებს არ ველი. რაც შეეხება ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველაფერი ეს 4 წელზეა გათვლილი, ამიტომ, როდესაც მთავრობა კონკრეტული დაპირებების შესრულებას დაიწყებს, ამ საკითხზე თამამად საუბარს მერე შევძლებთ.

ხელისუფლება ამომრჩეველს დაგროვებითი პენსიის რეფორმას დაჰპირდა, რაც 4 წელზე გათვლილი ნამდვილად არაა…
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ვფიქრობ, რეფორმა 2017 წლის ბოლოდან დაიწყება და მისი გადადება არ შეიძლება.

ქვეყნის სივრცითი მოწყობის განვითარება დიდი ქალაქების განტვირთვას ხელს თუ შეუწყობს, რათა თავკომბალასავით, ყველაფერი მხოლოდ დიდ ქალაქებში არ იყოს თავმოყრილი?
სივრცითი მოწყობა ყველა ქვეყანასა და მათ შორის საქართველოსაც სჭირდება. მართალია, მთავრობამ სივრცითი მოწყობის პოლიტიკა უნდა განახორციელოს, მაგრამ მხოლოდ ბიზნესმა უნდა უკარნახოს, სად და როგორი ,,თავკომბალა” იქნება. ამ რეფორმის ძალით განხორციელება, მოსახლეობის რეგიონებში გადანაწილება ან ერთი კონკრეტული ქალაქის გაძლიერება შედეგს არ მოგვიტანს. როგორც კი ხელოვნურად ჩავერევით, საწინააღმდეგო სურათს მივიღებთ. მაგალითად, ქუთაისის გადარჩენა პარლამენტის შენობით გვინდოდა, რაც ღიმილისმომგვრელია, რადგან წარმოუდგენელია, ამხელა ქალაქში უმუშევრობის პრობლემა მხოლოდ პარლამენტის შენობას მოეგვარებინა… ამიტომ ხელისუფლებამ ცდუნებას უნდა სძლიოს და მისი მთავარი მიზანი მხოლოდ საბაზრო სისტემების, საბაზრო მექანიზმების დანერგვა-განვითარება უნდა იყოს და არა ქალაქებისა თუ რეგიონების ხელოვნური დაგეგმარება. განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, კი ბატონო, მაგრამ გუდაურში, ბათუმსა თუ ჭიათურაში რას გავაკეთებთ, ხელისუფლებამ კი არა, ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს!

მაია მიშელაძე

წყარო: ვერსია

Comments

comments