წინ რთული პერიოდი გველის, ანუ რა სჭირდება ქვეყნის ეკონომიკას ჰაერივით

16_09_2013_13_40_58jgerსაქართველოს პარლამენტის კომიტეტები 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, რომლის საშემოსავლო ნაწილი 7.379 მილიარდ ლარს, ხოლო ხარჯები – 7.482 მილიარდ ლარს შეადგენს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 50 მილიონი ლარით მცირდება თბილისის ტრანსფერი. დაფინანსება 30 მილიონი ლარით შეუმცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მას 25 მილიონი ლარი ერგება. 37 მილიონი ლარით შემცირდება და 891 მილიონი ლარი გახდება ასევე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი. 21 მლნ ლარით მოიკლებს იუსტიციის სამინისტროს, 19 მლნ ლარით კი – სასჯელაღსრულების სამინისტროს დაფინანსება. სამაგიეროდ, კვლავ პრიორიტეტულია ჯანდაცვა. 2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრო 2,7 მილიარდ ლარს მიიღებს, რომელიც ძირითადად უფასო საყოველთაო დაზღვევას და პენსიებს მოხმარდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი კი – 280 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ასევე, 64 მილიონი ლარით მოიმატებს განათლების სამინისტროს დაფინანსებაც.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი კვლავ სოციალურად ორიენტირებულია, მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტების შეფასებით, 2013 წლის ბიუჯეტის დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ გაზრდილი სოციალური ხარჯების დაფინანსება იყო. თავის მხრივ, სწორედ ამ მიზეზით მოაკლდა თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებს და შესაბამისად, ვერ მოხდა ეკონომიკის ზრდის ჯეროვანი სტიმულირება.

ერთი შეხედვით, ის, რომ პენსიები, სადაზღვევო ანარიცხები და გარკვეული კატეგორიის დასაქმებულთა საბიუჯეტო ხელფასები იზრდება, ცუდი არაფერია, მაგრამ დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მყისიერი, მოკლევადიანი ეფექტი აქვს. გრძელვადიან პერიოდში კი, ეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის საფრთხის შემცველია. გაზრდილი სოციალური ხარჯების გამო, საბიუჯეტო დეფიციტის გარდა, 2013 წელს დეფლაცია მივიღეთ, რაც,ფაქტობრივად, გაჩერებულ წარმოებას ნიშნავს.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებლი ასე, -1% ის ფარგლებში იქნება, რასაც არასასურველად მიიჩნევს.

”სამ პროცენტამდე ინფლაცია ამ მომენტისათვის ჰაერივით სჭირდება ეკონომიკას. დეფლაცია დამანგრეველია ბიზნესისათვის, შრომის ბაზრისთვის, რადგან ამ დროს მცირდება დასაქმების მაჩვენებელი. აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თანაც დაუყონებლივ“, – აცხადებს ჯგერენაია.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2013 წლის ივლისიდან მოყოლებული ინფლაციის დონე თითქმის მუდმივად მინუსში იყო. მდგომარეობა ოქტომბრიდან ოდნავ შეიცვალა და წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1,5%-ი შეადგინა, თუმცა საშუალო წლიური მაჩვენებლით კვლავ დეფლაციური ტრენდია სახეზე.

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დეფლაციის რამდენიმე მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის – ძირითად სასურსათო პროდუქტებსა და საწვავზე, რაც საქართველოში იყო იმპორტით შემოტანილი, მსოფლიო ფასების კლებაზე; ასევე, შიდა მოხმარების შემცირებაზე – ადამიანები გარდამავალი წლის გამო უფრო მეტს ზოგავდნენ ვიდრე ხარჯავდნენ; მიმოქცევაში ფულის მასის შემცირებაზე, რაც ბიზნესაქტივობის შემცირებას უკავშირდებოდა; და ტარიფებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე ფასების კლებაზე, რაც კონკურენციის ზრდითა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით იყო განპირობებული.

„გრძელვადიანი დეფლაცია ნიშნავს, რომ ეკონომიკა მძიმედ მიიწევს წინ და მოთხოვნა ნაკლებად მზარდია. ასეთ დროს ხშირად ხდება ფულის მიწოდების ზრდა, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება (რაც ჩვენთანაც მოხდა, მაგრამ ფულის მიწოდების ზრდაზე ნაკლებად აისახა), რათა მოხდეს ხარჯების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. რამდენადაც მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებშია დადეგმილი, 3%-იანი ინფლაცია, სავარაუდოდ, ოპტიმალური იქნება. მთავარია,სწორად დაიგეგმოს მიზნობრივი შედეგი,ინფლაციის ზრდა, ძირითადად, სახელმწიფო ხარჯების ზრდით იქნება განპირობებული. ასევე, დამოკიდებული ვიქნებით მსოფლიო ფასებზე და იმედი მაქვს, ამ კუთხით იქნება სტაბილურობა, რადგან ინფლაცია იმაზე მეტი არ დაფიქსირდეს, ვიდრე ეს ოფიციალურად იქნება გათვალისწინებული“ ,- აცხადებს ლექვინაძე.

დეფლაციის გარდა, სახეზეა კიდევ ერთი მთავარი პრობლემა – 2013 წლის ბიუჯეტის დეფიციტი. საქართველოს ხაზინის 9 თვის მონაცემებით, 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში 4. 503. 473. 400 ლარის ნაცვლად 4. 385. 311. 900 ლარის მობილიზება მოხერხდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტს 118. 161. 500 ლარი უკვე დააკლდა. დღემდე არსებული ვერსიით, დანაკლისის შევსებას მთავრობა ვალის აღებით გეგმავს.

ექსპერტების აზრით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის გარღვევის მიზეზი დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გახდა – დაგეგმილი 6%-იანი ზრდის ნაცვლად, 2,5%-იანი ზრდის პირობებში ნაკლებია ბიზნესის აქტივობა, რაც, თავის მხრივ, გადასახადების ამოღებას ამცირებს.

„ბიუჯეტის დეფიციტი დაუბრუნებელმა დღგ-ის ვალდებულებებმა გამოიწვია; ბელგიის კლუბისგან მილიარდ 200 მილიონი ლარის არმოცემამ, რომელსაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყოველწლიურად გვაძლევდა, როგორც დახმარებას, 2013 წელს დდამთავრდა და ეს თანხა მოაკლდა 2014 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს. წინასწარ მოფიქრებული უნდა ყოფილიყო ამის კომპენსაცია, მაგრამ არ იყო მოფიქრებული; საგარეო ვალის მომსახურების დაწყებამ, რომელიც ჩვენ ბოლო 7-8 წელი გადავადებული გვქონდა და 2013 წელს დავიწყეთ; ბიუჯეტის სოციალურმა ხასიათმა და მთავრობის მიერ კაპიტალური ხარჯების არ განუხორციელებამ. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ასევე, არასწორად გათვლილი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს. შარშან, როდესაც 2012 წელს არჩევნები დამთავრდა და ახალი მთავრობა დამტკიცდა, მთავრობას ძველი გეგმის მიხედვით გაკეთებული ბიუჯეტის განხილვამ მოუწია, რამაც ისინი შეცდომაში შეიყვანა და ვერ გათვალეს ეკონომიკის განვითარების გეგმა. 6% იქნა აღებული მთავარ ბაზად, რამაც შემდგომში დიდი გაუგებრობა გამოიწვია. 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს ბიუჯეტი უნდა გაზრდილიყო 1 მილიარდი ლარით, საიდანაც 400 მილიონი მოდიოდა ეკონომიკურ ზრდაზე. როგორც კი ეკონომიკა არ გიზარდა, ბიუჯეტს ეს საკასო 400 მილიონი დააკლდა”, – მიიჩნევს ემზარ ჯგერენაია.

მთავრობის მიერ დაგეგმილი ხარჯვითი პროექტების მკვეთრი შემცირების გარდა, გამოჩნდა, რომ არ იყო სინქრონი ფისკალურსა და მონეტარულ პოლიტიკას შორის. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმალურად, 3.75 პროცენტამდე დასწია და იაფი ფული შესთავაზა ბაზარს. კომერციულ ბანკებამდე ფული საკმაოდ დიდი რაოდენობით მივიდა, მაგრამ მათგან ბიზნესის დაფინანსება აღარ მომხდარა. კომერციული ბანკები ბიზნესკრედიტებს ძალიან მწირად იძლევიან. ბევრად შემცირებულია მათი მხრიდან ბიზნესის დაკრედიტება. იაფდება მხოლოდ სამომხმარებლო და იპოთეკური კრედიტები.

ექსპერტთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს 2014 წელს დაგეგმილი 4%-იანი ზრდის შესაძლებლობასაც, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიც კვლავ მკვეთრად სოციალურად ორიენტირებულია.

„2014 წელს სასურველი იქნება 3%-იან ზრდას მივაღწიოთ. როცა ქვეყანაში დეფლაციაა,იქ სერიოზულ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი ზედმეტია. გარდა ამისა, 2014 წლის ბიუჯეტი იგეგმება 200-მილიონიანი ზრდით. ამ დროს მარტო ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება 350 მილიონით იზრდება და საგარეო ვალის მომსახურება კიდევ 350 მილიონით. ანუ 700 მილიონი მარტო ამ ორ დარგზე მოდის. წინ გველის 2014 წლის ურთულესი პირველი ორი კვარტალი. მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია ბიუჯეტზე სოციალური ზეწოლის შემცირება და კაპიტალური ხარჯების გაზრდა ინფრასტრუქტურულ სექტორებში“, – ამბობს ჯგერენაია.

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, 2014 წლის ბიუჯეტი ქვეყნის მშპ-ის 30%-ის ფარგლებშია და დამძიმებულია სოციალური ვალდებულებებით, რაც ერთგვარი ტვირთია ბიზნესისთვის.

„2014 წელს დაგეგმილია საგადასახადო შემოსავლების უმნიშვნელო ზრდა, რაც მიმდინარე წლის რეალური ზრდის გათვალისწინებით და იმ პესპექტივით, რომ 2014 წელს ეკონომიკა გაიზრდება, რეალისტურია. თუმცა, შესაძლოა, წლის ბოლოს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის შედეგის გათვალისწინებით, მცირე კორექტირება გახდეს საჭირო. ასევე, საყურადღებოა გაზრდილი დეფიციტი და მისი დაფინანსების წყაროდ შიდა ვალის დაფიქსირება, რამაც შეიძლება გაზარდოს კაპიტალის ფასი 2014 წელს“, – დასძენს ლექვინაძე.

გაზრდილი სოციალური ხარჯები 2014 წლის ბიუჯეტისთვისაც პრობლემად რჩება და მაინც, ბიუჯეტის მთავარი ორიენტირი ჯანდაცვაა. შეძლებს თუ არა ამ პირობებში საქართველოს მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებას და დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მიღწევას, მომდევნო საბიუჯეტო წელი გვიჩვენებს, რომელიც, სავარაუდოდ, მარტივი არ იქნება.

ავტორი: მაკა ღანიაშვილი
წყარო: www.bpn.ge

Comments

comments